
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 19-21 თებერვალი
23/02/2024 13:15:05 კონფლიქტები
ასლან ბჟანია საქართველოსთან „კეთილმეზობლური ურთიერთობების“ საჭიროებაზესაუბრობს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო ტასს-თან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკაშეაქო და განაცხადა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან „კეთილმეზობლური ურთიერთობით“.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოიჩინა. ის არ ჩაერთო იმ პროვოკაციაში, რომელსაც მას უკრაინა თავს ახვევდა. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის ლიდერის არაერთმა მოწოდებამ მისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
დე ფაქტო ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი არ არის. „ჩვენ პრეტენზიები მათ მიმართ გვქონდა, ვინც ომი დაიწყო და ამ ომში მიიღო მონაწილეობა. ამან ყველაფერი რადიკალურად შეცვალა“. აქვე ბჟანიამ დასძინა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას საბოლოოდ მოუწევს არსებული რეალობის აღიარება. „დღეს დამოუკიდებელი აფხაზეთი არსებობს, რომლის დამოუკიდებლობას მხარს რუსეთის ხელისუფლება და რუსი ხალხი უჭერს. ჩვენ განვითარების ჩვენი გზა გვაქვს და მას მივყვებით... როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამას გაიგებენ, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესი სხვა დინამიკას მიიღებს“, - განაცხადა მან.
ასლან ბჟანია საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობასაც შეეხო. მისი თქმით, ე.წ. საზღვარზე უსაფრთხოება მტკიცედ არის უზრუნველყოფილი, ხოლო მცირე ინციდენტები კრიტიკულ ხასიათს არ ატარებს. მისივე შეფასებით, თუ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გამოავლენს პრაგმატიზმს, „არასასურველიინციდენტები“აღმოიფხვრება.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, გაზიფიცირება განიხილება
საინფორმაციო სააგენტო ტასს-თან ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის ხელმძღვანელობასთან აფხაზეთის გაზიფიცირების საკითხზე. მან აღნიშნა, რომ „გაზპრომმა“ უკვე მოამზადა გაზიფიკაციის სქემა და განსაზღვრა შეერთების ის წერტილები და პუნქტები, სადაც შესაძლოა გაზზე დაფუძნებული ელექტროენერგიის წარმოების სადგურები განთავსდეს.
ასლან ბჟანიამ გამოცემას უთხრა, რომ ენერგომომარაგების მხრივ, აფხაზეთში პრობლემები არსებობს, რომელთა გადაწყვეტასაც რუსეთის დახმარებით ცდილობენ. „9 თებერვალს მივიღეთ ხელშეკრულება გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიაზე, რომელსაც აფხაზეთი უსასყიდლოდ მიიღებს“- განაცხადა მან. მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორის გასავითარებლად უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გაიმართება. "აფხაზეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, ელექტროენერგიის ინდუსტრია რამდენად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ინდუსტრიამ ავარიული შემთხვევების გარეშე იმუშაოს, მასში თანხების ინვესტირება აუცილებელია, რაც ქვეყანას არ გააჩნია", - აღნიშნა ბჟანიამ.
ზამთრის პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიის მწვავე უკმარისობას განიცდის. ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა იძულებულია ელექტროენერგია რუსეთიდან მიიღოს. პრობლემას ის გარემოებაც ამწვავებს, რომ აფხაზეთში არ არის გაზი და ზამთარში ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად იზრდება ელექტროენერგიით გათბობის გამო.
აფხაზეთი დაინტერესებულია რუსეთ-ბელარუსის სამეკავშირეო სახელმწიფოს წევრობით
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა ტასს-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთი დაინტერესებულია რუსეთ-ბელარუსის სამეკავშირეო სახელმწიფოს წევრობით „დამოუკიდებლობის შენარჩუნებით“.
ბჟანიამ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ხელმძღვანელობს იმ დოკუმენტებით, რომლებიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმდა. “ბოლო სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას (ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ) ხელი მოეწერა 2014 წლის 24 ნოემბერს, სადაც ნათლად წერია, რომ რუსეთი ეხმარება აფხაზეთის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობაში. ეს ფორმა ყველაზე კარგად შეესაბამება ჩვენს მომავალს, ჩვენი მომავლის ხედვას. ჩვენ გვსურს ვიყოთ რუსეთთან და ბელარუსთან ერთად. გვსურს ვიყოთ აქტიური მონაწილეები ამ ინტეგრაციის პროცესში და შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა” - განაცხადა ბჟანიამ.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოწვეულ აქტივისტებთან შეხვედრაზე არ მივიდა
21 თებერვალს ინალ არძინბამ საგარეო უწყებასთან არსებულ მედიაცენტრში შეხვედრა დაუნიშნა ემა ხოჯაას, ლევან მიქაას, ციზა გუმბას და ლანა ჭკადუას - იმ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ფსოუს გამშვებ პუნქტზე ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა დაკითხვა მოუწყვეს. დათქმულ დროს შეხვედრაზე მისულ აქტივისტებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი არ შეხვდა, ხოლო მისმა თანაშემწემ განაცხადა, რომ შეხვედრა დეპუტატ ალხას ბარციცის ინიციატივით გაუქმდა. თავად ალხას ბარციცმა შეხვედრის გაუქმების ფაქტი უარყო.
მოგვიანებით დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ არშემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გაავრცელა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ე.წ. საზღვარზე მომხდარი ინციდენტის „დაკავებად“ შეფასება, რასაც აქტივისტები აკეთებენ. განცხადების თანახმად, აფხაზეთში გაცილებით უფრო მეტ ადამიანს ექმნება გარკვეული პრობლემა „საზღვრის“ გადაკვეთისას, თუმცა ისინი „ინფორმაციულ ხმაურს“ არ ქმნიან. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინალ არძინბა ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის.
ინალ არძინბას საქციელმა და შემდეგ მისი უწყების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. თავის მხრივ, მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ე.წ. საზღვარზე დაკავების საკითხის განხილვის აუცილებლობას და დაადასტურეს ინალ არძინბასთან შეხვედრისთვის მზაობა სამი პირობით: 1) შეხვედრაზე მონაწილეობა უნდა მიიღოს არა ოთხმა, არამედ ყველა მოქალაქემ, რომელმაც დაკითხვის თაობაზე განაცხადა; 2) შეხვედრას უნდა დაესწრონ დე პაქტო დეპუტატები; 3) შეხვედრა უნდა გაშუქდეს მედიაში.
აფხაზურმა ტუროპერატორებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხეს
აფხაზეთის გიდების პროფკავშირის კომიტეტმა საჯაროდ მიმართა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტურიზმის სამინისტროს, გააკეთონ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში არსებული საფრთხეების თაობაზე აფრთხილებს.
პროფკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ ცალკეული კრიმინალური შემთხვევები, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც ხდება, სადაც რუსი ტურისტები ჩადიან, რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული ურთიერთობებისთვის დამაზიანებელ განცხადებებს არ გამოიწვევს. “გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ [რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს]ეს განცხადება პოლიტიკურ დატვირთვას არ ატარებს, და გამოვთქვამთ წუხილს ამ საკითხის გამო აფხაზეთის ტურისტულ სექტორზე შესაძლო გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ნათქვამია მიმართვაში. პროფკავშირმა ასევე წარმოადგინა აფხაზეთსა და თავად რუსეთში ჩადენილი მძიმე დანაშაულების ოფიციალური სტატისტიკა და მის საფუძველზე განაცხადა, რომ რუსეთთან შედარებით აფხაზეთში ყოფნა ოთხჯერ უფრო უსაფრთხოა.
მიმართვის შემდეგ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კომენტარი, რომელიც გიდების პროფკავშირის განცხადებას უშუალოდარ პასუხობდა, თუმცა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს ეხებოდა. კერძოდ, კომენტარში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული მეგობრული, სამეკავშირეო ურთიერთობები გადახედვას არ ექვემდებარება არც სოხუმის და არც მოსკოვის მხრიდან. ჩვენი ურთიერთობები მყარ ისტორიულ, ადამიანურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ ტრადიციებს ეფუძნება... ბუნებრივია, პერიოდულად ჩნდება საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, და მათი გადაწყვეტა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს“ - ხაზგასმულია კომენტარში.
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. გაფრთხილების მიზეზად რუსეთის საგარეო უწყებამ რუსი ტურისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის 2021 წელს გასამართლებული ედგარ აბუხბას სასჯელი შემსუბუქების შესახებ დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რუსული მხარის განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლო გამოეხმაურა.