
აფხაზეთში როსგვარდიის ხილვა არ სურთ
26/02/2024 13:08:53 კონფლიქტები
აფხაზური საზოგადოება ბოლო დროს გონს მოსვლას ვეღარ ასწრებს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ახალ-ახალი სიუპრიზების გამო, რომელთაგან ერთი მეორეზე არასასიამოვნოა და ყველა ან პირდაპირ, ან, სულ მცირე, ირიბად რუსეთთანაა კავშირში.
ადრე, როცა „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ვიზიტად მოსკოვში მიფრინავდა, მოსახლეობა მის დაბრუნებას იმედით ელოდა, ახლა კი შფოთვით ელის: ბჟანიას ხომ მოსკოვიდან აფხაზეთისა და მისი ხალხისთვის სასიკეთო დიდი ხანია, აღარაფერი ჩამოუტანია. ამის ნაცვლად „პრეზიდენტი“ ყოველ ჯერზე ხელს აწერს, ან, სულ მცირე, ზეპირ თანხმობას აძლევს რუსებს მათი ახალ-ახალი ინიციატივების განხორციელებაზე, რომლებიც სულ უფრო მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ აფხაზეთის ინტერესებს. ხალხი კი „პრეზიდენტის“ ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ პოსტფაქტუმ იგებს, ისიც - არაოფიციალურად, უმთავრესად - სოცქსელებიდან.
მორიგ ასეთ სურპრიზად იქცა მოულოდნელად გამოჩენილი ხელშეკრულების პროექტი «აფაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ფედერალურ სამსახურს (როსგვარდიას) შორის თანამშრომლობის თაობაზე“, რომელიც აფხაზეთში „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, ასევე დანაშაულთან ბრძოლის ძალისმიერი მხარდაჭერის უზრუნველყოფაში“ როსგვარდიის ჩაბმას ითვალისწინებს. სწორედ ესაა გაწერილი პროექტის მე-2 მუხლში.
არის პროექტში სხვა, არანაკლებ საინტერესო ნორმებიც, მაგალითად, „იარაღის მიმოქცევაზე, კერძო დაცვით და დეტექტივურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის როსგვარდიასთან ერთობლივი უზრუნველყოფის“ შესახებ.
დოკუმენტში ასევე გაწერილია ნორმები მეთოდური ურთიერთქმედების, კადრების მომზადების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და სხვა რიგი საკითხების თაობაზე. თუმცა საზოგადოებამ მიიჩნია, რომ მთავარი იდეა და მიზანი მე-2 მუხლშია, დანარჩენი კი „მხოლოდ შირმაა აფხაზეთის ოპერატიული სამსახურების სურვილის მისაჩქმალად, ხელისუფლება ხალხის რისხვისგან რუსი ძალოვანების ხელით დაიცვან“.
და უნდა ითქვას, რომ უსაფუძვლოს ამ ეჭვებს ვერ უწოდებ: „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფის“ ფუნქციის როსგვარდიისთვის დელეგირება ამასწინათ „პარლამენტში“ წარდგენილ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონთან ერთად მმართველი გუნდის პოლიტიკით უკმაყოფილო ყველა მოქალაქეზე სრული და ყოველმხრივი კონტროლით უზრუნველყოფდა დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც ბოლო დროს კრემლის მიმართ სრულ დამთმობლობას იჩენს და საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მზადაა, განაგრძოს აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების ყველა კაპრიზის აღსრულების გულმოდგინედ ლობირება.
შეუძლებელია, „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას გუნდს, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით რუსეთის ხელისუფლებასთან პრინციპით „ხელი ხელს ჰბანს“ ურთიერთქმედებს, არ სცოდნოდა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება წინააღმდეგობაშია აფხაზეთის კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან, კერძოდ, რომ დაუშვებელია, აფხაზეთში საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იცავდნენ, მაგრამ მაინც გამოავლინა მსგავსი ნაბიჯის გადადგმის მზადყოფნა.
რა გასაკვირია, რომ ამ დოკუმენტის გაფორმებას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა არა მარტო ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც. მმართველი გუნდის მისამართით აფხაზეთისა და მისი ხალხის ინტერესების ღალატის მორიგი ბრალდებები გაისმა.
«ესაა ჩვენი მოქმედი ხელისუფლების რეალური სახე და მეთოდები. მეგობრული რუსეთის ასეთ იმიჯს აყალიბებენ ისინი აფხაზეთში. ამ ფაქტს განვიხილავთ მორიგ დასტურად იმისა, რომ მოქმედი ხელისუფლება პირადადაა დაინტერესებული აფხაზეთისთვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წართმევაში […] როგორც ჩანს, მმართველი ძალა მიეჩვია მეზობლების ზურგს უკან ამოფარებასა და ყველა პრობლემის მათი დახმარებით გადაწყვეტას. თქვენმა არაკომპეტენტურობამ და ქმედითუუნარობამ მიგვიყვანა კატასტროფამდე ენერგეტიკაში, უმწიფრობამ და დამთმობობამ - სუვერენული ტერიტორიის ნაწილის დაკარგვამდე, გაუმაძღრობამ და უპრინციპობამ - სუვერენული აფხაზეთის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების ჩაბარებამდე. მოვითხოვთ შს მინისტრ რობერტ კიუტისგან, საჯაროდ განმარტოს და უარი თქვას ამ ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმების გაფორმებაზე. მოვუწოდებთ პარლამენტის სპიკერს, სრულად გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის უფლებამოსილება შსს-ს ხელმძღვანელობის ანტიკონსტიტუციური ზრახვების აღსაკვეთად“ - ნათქვამი იყო ოპოზიციური გაერთიანება „აიდგილარას“ განცხადებაში.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს სხვა ოპოზიციურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც.
უცნობია, ამ თუ სხვა მიზეზით, მაგრამ დე-ფაქტო ხელისულებამ უკან დაიხია, ყოველ შემთხვევაში - დროებით. როგორც დე-ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა, ზემოაღნიშნული დოკუმენტი «ხელმოწერას არ ექვემდებარება».
«ჩვენ ვიზიარებთ მოქალაქეების შფოთვასა და განცდებს. ამავდროულად, როგორც შს მინისტრი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყნის ხელმძღვანელობაში, არ გვყავს ადამიანები, რომლებიც მზად არიან, იმოქმედონ და საკუთარი პროფესიული საქმიანობა განახორციელონ აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა თუ ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აფხაზეთი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სწორედ ამ სტატუსს ვიცავთ 30 წლის განმავლობაში, ამავე ჭრილში ვაპირებთ მოქმედებას სამომავლოდაც. მინდა, შეგახსენოთ, რომ მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ უშვებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი ჩვენს სახელმწიფოში უცხო ქვენის სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ», – განაცხადა „მინისტრმა“. გარდა ამისა, მისივე თქმით, „აფხაზეთის შსს-სა და სხვა ძალოვანი უწყებების განკარგულებაში საკმარისი რაოდენობის პირადი შემადგენლობაა საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადებრივი უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის, იარაღის მიმოქცევაზე, კერძო დეტექტივურ და დაცვით საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის, ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების დაცვის, ასევე დანაშაულთან ბრძოლის ძალისმიერი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“. „აფხაზეთის რესპუბლიკის შსს კვლავინდებურად მზადაა რუსეთის შსს-სთან, როსგვარდიასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა მხოლოდ ჩვენი უწყების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით“ - დასძინა რობერტ კიუტმა.
ამბობენ, რომ ამ განცხადების გამო მას შესაძლოა, უახლოეს ხანებში „მინისტრის“ სავარძელი დაატოვებინონ.
თუმცა კიუტის სიტყვებმა საზოგადოებას ეჭვები ბოლომდე ვერ გაუფანტა. სულ ორიოდ დღით ადრე გაკეთებულ კომენტარში ხომ „მინისტრს“ სიტყვაც არ უთქვამს იმის შესახებ, რომ მსგავსი შეთანხმება ხელმოწერას არ ექვემდებარებოდა. არადა, კონსტიტუციაცა და კანონმდებლობაც იმ დროისთვის იგივე იყო.
ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა „პარლამენტს“ მიმართეს თხოვნით, სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების გამოსარიცხად „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონში შეიტანოს ცვლილებები, რომელიც დე ფაქტო აღმასრულებელ ხელისუფლებას ყველა ხელმოსაწერი შეთანხმების, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების „პარლამენტთან“ შეთანხმებას დაავალდებულებდა.
და აი, 23 თებერვალს გაიმართა „საერთაშორისო საქმეთა, პარლამენტთაშორისი და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის“ გაფართოებული სხდომა დე-ფაქტო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, „პარლამენტში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლისა“ და „იუსტიციის მინისტრის“ მონაწილეობით, რომელზეც „აფხაზეთის საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი იქნა განხილული. კანონპროექტი საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერამდე მათ შესახებ „პარლამენტის“ სავალდებულო ინფორმირებას ითვალისწინებს.
„დეპუტატებმა“ ხელმოსაწერი საერთაშორისო ხელშეკრულებების დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენის ვადებზეც იმსჯელეს. ამასთანავე, „კომიტეტის“ წევრებმა შეიმუშავეს ცვლილება, რომლის თანახმად, აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილთაგან განსხვავებული წესები ვერც რატიფიკაციას არდაქვემდებარებულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში იმოქმედებს.
განხილვის შემდეგ „კომიტეტის“ წევრებმა გადაწყვიტეს, „დეპუტატებს“ მიეცეთ რეკომენდაცია, შემდეგ სესიაზე აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღონ.
ამგვარად, ეს რაუნდი საზოგადოებამ დე ფაქტო ხელისუფლებას მოუგო. მაგრამ სიფხიზლე აფხაზებს უახლოეს ხანებში, როგორც ჩანს, კიდევ არაერთგზის დასჭირდებათ.
ეკა ცანავა