
რუსი ექსპერტები: საქართველო "შედარებით მეგობრულია"
27/02/2024 09:22:38 პოლიტიკა
რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა ყოველწლიური მონიტორინგისა და რეიტინგის შედეგები „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის შესახებ“.
რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო "შედარებით მეგობრულია". ამასთან, შარშანდელთან შედარებით, „კეთილგანწყობის“ სარეიტინგო ქულა ოდნავ შემცირდა.
„მიუხედავად იმისა, რომ (საქართველოს) მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსული ხასიათისაა, ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი შერბილდა: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, აღდგა საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ქართველი ახალგაზრდები აქტიურად ინტერესდებიან რუსული საგანმანათლებლო პროექტებით და ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში“, - ნათქვამია კვლევაში.
სიაში პირველად შეიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები. ყველაზე მეგობრულებს შორის ოკუპირებული ცხინვალი დასახელდა (93,5 ქულა 100-დან), მესამე ადგილზე – ოკუპირებული აფხაზეთი (81,4). სიაში მეორე ადგილზეა ბელარუსი (87,6).
ყველაზე მეტად სომხეთის მაჩვენებლები შეიცვალა უარესობისკენ, რაც რუსი ექსპერტების შეშფოთებას იწვევს. ისინი აცხადებენ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური რიტორიკა და გამოსვლები „სულ უფრო არამეგობრული ხდება რუსეთის მიმართ, თუმცა ეს სიღღმისეულად ეწინააღმდეგება სომხური საზოგადოების აზრს“.
მოლდოვა, რომელიც გასულ წელს „შედარებით მეგობრული“ იყო, ამჯერად „არამეგობრულთა“ რეიტინგში მოხვდა. „მზარდია პოლიტიკოსების ანტირუსული განცხადებების რაოდენობა, ისევე როგორც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნავენ მოხსენების ავტორები. ამრიგად, მოლდოვა შეუერთდა რუსეთის მიმართ „არამეგობრულ“ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს - ესტონეთს, ლიეტუვას, ლატვიას და უკრაინას.