Accentnews.ge
აფხაზეთი: რეპრესიები დაანონსებულია, სამიზნეები ცნობილია

აფხაზეთი: რეპრესიები დაანონსებულია, სამიზნეები ცნობილია

28/02/2024 13:41:47 კონფლიქტები

საჭიროა, ბატონებო, საჭიროა. მოსკოვი მოითხოვს, მას ვერ ვაწყენინებთ. ვერ გადავრჩებით მის გარეშე, გავქრებით, აღვიგვებით პირისაგან მიწისა. ეგერ, ენგურსგაღმელი მტერი დღენიადაგ ილესავს კბილებს წყეული დასავლეთის მიერ ნაჩუქარი უზარმაზარი კბილის ჯაგრისით. რა გადაგვარჩენს ასეთ დროს რუსეთის გარეშე, თუ გაგვინაწყენდება და ზურგს შეგვაქცევს? ასე, რომ მორჩით შეშფოთება-აღშფოთებას. სტრატეგიულ მეგობარს ყველაფერი უნდა მივცეთ, რასაც მოიდნომებს, ჩვენი სუვერენიტეტის ჩათვლით. და ყველაფერში მას უნდა მივბაძოთ - ხომ უნდა შევესაბამებოდეთ მის მაღალ დონეს? ხოლო თუ ეს ვინმეს არ მოსწონს, ის ვინმე აფხაზეთის კეთილმოსურნე ვერ იქნება. ის მტერია, შიდა მტერი, დაკავშირებული გარე მტრებთან და უნდა დაისაჯოს, უპირველესად კი დადუმდეს, რათა ხალხს ტვინს აღარ ურევდეს და არ აგიჟებდეს... მორჩა! გადაწყვეტილია! წერტილი!

დაახლოებით ასეთი იყო აფხაზეთის „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას ძირითადი გზავნილი რუსეთიდან ამასწინანდელი დაბრუნების შემდეგ. მართალია, მოსკოვში ის თითქოს საწვავზე რუსული მონოპოლიისა და ენერგოკრიზისის საკითხების მოსაგვარებლად იყო წასული, მაგრამ ამ კუთხით ვიზიტის შედეგების ნაცვლად ბჟანიამ ხალხს რუსეთის წინაშე მორიგი „გარკვეული ვალდებულებების“ შესახებ აცნობა. კერძოდ, მისი თქმით, „აუცილებელია“, მთელმა აფხაზეთმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურად მისცეს ხმა „მხსნელსა და მამა-მარჩენალ“ ვლადიმირ პუტინს. გარდა ამისა, „ვალდებულებაა“, აფხაზეთში სრულად მოისპოს სიტყვის თავისუფლება, რათა მოსკოვს რესპუბლიკის საბოლოო ანექსიაში აღარავინ და აღარაფერმა შეუშალოს ხელი, ეს პროცესი „ზედმეტი ხმაურის გარეშე“ გაგრძელდეს, სამომავლოდ კი კრემლს საფუძველი ჰქონდეს, მსოფლიოს ეს ანექსია „თავად აფხაზი ხალხის უმორჩილეს თხოვნად“ მიასაღოს.

იმაზე, თუ რა გადაწყდა მოსკოვში საწვავისა და ელექტროენერგიის კუთხით, რუსეთიდან დაბრუნებულ ბჟანიას დე-ფაქტო გენპროკურატურის კოლეგიის ამასწინანდელ სხდომაზე არ უსაუბრია. და ეს ალბათ, არცაა გასაკვირი - ბოლოს და ბოლოს, სხდომა ხომ „გენერალურ პროკურატურაში“, ამ უწყების საკითხებზე იმართებოდა. გასაკვირი ისაა მხოლოდ, რომ იმავე სხდომაზე „პრეზიდენტმა“ უხვად აფრქვია წმინდად პოლიტიკური განცხადებები და შეკრებილთ, პირველ რიგში, ის განუცხადა, რომ აფხაზეთში „მომრავლდნენ ძალები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან ურთიერთობებს აყენებენ დარტყმებს“. ამ კონტექსტში ბჟანიამ გაიხსენა ყარაბაღი, „უსახლკაროდ დარჩენილი ხალხები“, საბოლოოდ კი მივიდა იქამდე, საითაც მიჰყავდა: ყველა, ვინც ბედავს, გააპროტესტოს კრემლთან „ხელი ხელს ჰბანს“ პრინციპით მოთანამშრომლე აფხაზური მმართველი გუნდის პოლიტიკა, უნდა დადუმდეს - თუ ნებით არა, მაშინ ძალით!

მოვიყვან რამდენიმე ამონარიდს იმ სხდომაზე ბჟანიას გამოსვლიდან: „აფხაზეთში გაჩნდნენ ძალები, რომლებიც გამიზნულად ებრძვიან ჩვენს ურთიერთობებს პრაქტიკულად ერთადერთ მოკავშირესთან. […] ყოველ ჯერზე, როცა რუსეთთან სახელმიფოთაშორისი ურთიეთობების რაღაც საკითხების განხილვას ვიწყებთ, აფხაზეთში საინფორმაციო შეტევა გორდება. ეს ჩვენს რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მორყევის მიზანმიმართულ კოორდინირებულ კამპანიაზე მიუთითებს“; „ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ხელისუფლებაზე ამბობენ ყველაფერს, რაც თავში მოუვათ და დაუსჯელები რჩებიან“...

ასლან ბჟანიამ მაგალითად სამოქალაქო აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა მოიყვანა, რომელიც სოხუმში, ცენტრალურ მოედანზე დე-ფაქტო ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს. „აგერ, არსებობს მოქალაქე გვარად ადლეიბა, რომელიც ცენტრალურ მოედანზე გვიზის. ამასწინათ მან საჯაროდ განაცხადა, ვითომდა აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის სანაცვლოდ 3 მლრდ რუბლი ავიღეთ ... აი, ასე აგიჟებენ ხალხს! და ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება - ჩემმა შვილებმა? ნათასავებმა? თუ გაგვაჩნია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, რომლებმაც მსგავსი სახის დანაშაულების აღსაკვეთად შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ?“ - განუცხადა პროკურორებს „პრეზიდენტმა“.

მისი რისხვის ქვეშ მოექცა ასევე ეკონომისტი ახრა არისთავა, რომელმაც ამასწინათ აფხაზეთის საკუთარ ფულად ერთეულზე - აფსარზე გადასვლის საჭიროების შესახებ განაცხადა, კერძოდ, აღნიშნა, რომ აუცილებელია, რესპუბლიკაში რუსულ რუბლთან ერთად აფხაზური აფსარიც იყოს მიმოქცევაში. რამდენად მართებულია მისი იდეა ეკონომიკური თვალსაზრისით - სხვა საკითხია, მაგრამ ასლან ბჟანიამ არისთავაც ლამის „სახელმწიფოებრიობასთან გამიზნულ ბრძოლაში“ დაადანაშაულა და პროკურორებს რეაგირება მოსთხოვა:

„ამ ადამიანებს უსმენენ, მათ არავინ აჩერებს და ისინიც მართვად ზეგავლენას ახდენენ ჩვენს მოქალაქეებზე. ეს ცნობილი ხერხია - საბჭოთა პერიოდში იდეოლოგიურ დივერსიას უწოდებდნენ. საკმარისია, ადამიანის ცნობიერებას დაეუფლო - და ეს ადამიანი მატერიალურ ძალად იქცევა შენს ხელში, მერე შეგიძლია, ისე მართო, როგორც მოინდომებ. აი, ამ პრობლემას აწყდება დღეს ჩვენი ახალგაზრდა აფხაზური სახელმწიფოო“.

ამასთან, იმის გამო, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკით უკმაყოფილოებს დღემდე აქვთ აფხაზეთში საკუთარი აზრის თვისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა, „პრეზიდენტმა“ შესაბამისი ორგანოები „უკბილობაში“ დაადანაშაულა და პროკურორებს მოსთხოვა, „შიდა მტრების წინააღმდეგ მიმართონ ორივე მახვილი, რომელიც გენერალური პროკურორის ემბლემაზეა გამოსახული“.

ამბობენ, რომ სხდომაზე მყოფი პროკურორებიც კი „პრეზიდენტის“ განცხადებებს დამრგვალებული თვალებით უსმენდნენ. ადვილი წარმოსადგენია, რა რეაქცია ექნებოდა ოპოზიციასა და საზოგადოებრიობას..

მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე გამოხმაურებას. ოპოზიციურ პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმში“ განაცხადეს, რომ ბჟანიას „სპეკულატიური რიტორიკა კიდევ უფრო არყევს ისედაც არასტაბილურ გარემოს“, ხოლო მისი განცხადებები „აფხაზეთში ვითომდა ანტირუსული ძალების არსებობის შესახებ თავად აყენებს სერიოზულ ზიანს რესპუბლიკის საერთაშორისო იმიჯსა და აფხაზეთ-რუსეთის დროით გამოცდილ ურთიერთობებს“. თავის მხრივ, საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე ახრა ბჟანია ეკონომისტ ახრა არისთავაზე „პრეზიდენტის“ შეტევას გამოეხმაურა შემდეგი ტექსტით: „პრეზიდენტი არ და ვერ უნდა გმობდეს ვინმეს სწრაფვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისაკენ. როდიდანაა კრიმინალი, იმსჯელო ეროვნული საკრედიტო-სავალუტო პოლიტიკის უპირატესობებზე ან შიდა ბაზარზე ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე, იმაზე, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები უცხოური კურსების რყევებზე და სხვა თუ არაფერი, მოვახდინოთ დამოუკიდებელი ეკონომიკის სიმბოლოების დემონსტრირება? ამ ყველაფრის დაგმობა და მით უფრო დევნის შემოთავაზება შეეძლო მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც არც შინაგანად, არც გარეგანად აღიქვამს თავს სუვერენული ქვეყნის მოქალაქედ. სწორედ ეს ფუნდამენტური გარემოებაა მიზეზი პრეზიდენტის სხვა ინიციატივებისაც, როგორიცაა „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, რუსეთის მოქალაქეებისთვის აპარტამენტების მშენებლობა, ბიჭვინთის აგარაკისა და ენერგეტიკის ობიექტების გასხვისება, ისევე, როგორც ფსოუზე რუსი მესაზღვრეების მიერ ჩვენი მოქალაქეების შევიწროებაზე ნულოვანი რეაგირება“.

და ახრა ბჟანია ერთადერთი არაა, ვინც ბჟანიას ხსენებული მოთხოვნა „პრეზიდენტის“ სხვა მოსკოვურ ინიციატივებს დაუკავშირა. ბევრმა, მაგალითად, ბჟანიას განცხადება მის მიერ ამასწინათ „პარლამენტისთვის“ წარდგენილი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მისაღებად პროპაგანდისტული საფუძვლის შექმნის მცდელობად შეაფასა.

მიუხედავად ამისა, პროცესს სვლა მიეცა, თანაც მყისიერად. ასლან ბჟანიას ბრძანების აღსასრულებლად აფხაზეთში საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას შეუდგნენ. სისხლის სამართლის კოდექსის 124 - ცილისწამების მუხლი, რომლის გამოყენებაც სურთ დე-ფაქტო ხელისუფების კრიტიკოსთა დასადუმებლად, ასევე რუსული ანალოგიით შეირჩა.

20 თებერვალს დე-ფაქტო პროკურატურის მიერ „პრეზიდენტის“ მოთხოვნით მომზადებული ცვლილებები საკომიტეტო მოსმენაზე განიხილეს. ოფიციალური ვერსიით, საკანონმდებლო პროექტი მოწოდებულია, სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს „ცილისწამების დამტკიცება გაუადვილოს“, თუმცა რეალურად, უადვილებს მხოლოდ ერთს - მმართველი ძალის ნებისმიერი წარმომადგენლის ნებისმიერი კრიტიკა ცილისწამების მუხლს დაუქვემდებაროს. კანონპროექტის ავტორები სთავაზობენ „დეპუტატებს“, ცილისწამებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს, სასჯელის სახით „გამოსასწორებელი სამუშაოები“ გაუქმდეს და ჩანაცვლდეს 500 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმით ან 5 წლამდე პატიმრობით. ამასთან, გათვალისწინებულია ისეთი საინკვიზიციო ზომა, როგორიცაა საჯარო უარყოფა „დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში“.

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტეს არა მარტო რიგმა „დეპუტატებმა“, არამედ იურისტებმა და სახალხო დამცველის ოფისმაც. როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ამ სახის ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც კონსტიტუციასთან, ისე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან, ვინაიდან „ქმნის საფუძველს, მოქალაქეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პრაქტიკულად ნებისმიერი ინფორმაციისთვის დაეკისროს“. მათი შეფასებით, ცვლილებათა პროექტს „აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს, მიმართულია მხოლოდ ერთზე - საზოგადოების გახშირებული კრიტიკისგან ხელისუფლების დაცვაზე და მაღალი ალბათობით, აბსოლუტურად სავალალო შედეგები მოჰყვება აფხაზეთში სიტყვის თავისუფლებისთვის“. ცალკე, ხაზგასმით აღინიშნა უფლებადამცველების მხრიდან საფრთხე, რომელსაც კანონპროექტი თავისუფალი მედიის მიმართ შეიცავს. გარდა ამისა, იურისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები გაუმართლებლად მაღალია და არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ სადამსჯელო ზომებს.

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტა ოპოზიციამაც. კერძოდ, ვეტერანთა გაერთიანება „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ კანონპროექტი „სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების შელახვის ინსტრუმენტად“ შეაფასა. ეს ხედვა გაიზიარეს სხვა ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც.

განხილვის შედეგად „საპარლამენტო“ კომიტეტმა არ გასცა დადებითი რეკომენდაცია სესიაზე ხსენებული კანონპროექტის დასამტკიცებლად. ახლა საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატთა კორპუსზეა, რომელიც სესიაზე 28 თებერვალს უნდა შეიკრიბოს.

საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დღესაც აგრძელებდნენ აფხაზი კანონმდებლების გაფრთხილებას ხსენებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოსალოდნელი სავალალო შედეგების შესახებ.

“ცილისწამების შესახებ კანონი კიდევ ერთი შესაძლებლობაა ხელმოცარული, ჩაფლავებული ხელისუფლებისთვის, ხალხის კრიტიკა აირიდოს. მისი მიღების შემდეგ სწორედ ხელისუფლება გადაწყვეტს, რა შეიძლება, ჩაითვალოს მისი მისამართით გამოთქმულ „სიმართლედ“, რა - „ცილისწამებად“; ვინ უნდა დაჯილდოვდეს ორდენებით, მედლებითა და თანამდებობებით, ვინ დაჯარიმდეს და დაექვემდებაროს დევნას. ეს კანონი არა “ცილისწამებისაა”, არამედ საყოველთაო დადუმების. ჩვენი დეპუტატები და ჩინოსნები რატომღაც ამის ნახევარ ჟინსაც არ იჩენენ კორუფციის საწინააღმდეგო კანონმდებლობისა და რესპუბლიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა კანონების მისაღებად. ხვალ ალბათ, საყოველთაოდ ცნობილ 58-ე საბჭოთა მუხლსაც ჩართავენ კოდექსში და НКВД-ს სასამართლო „სამეულებსაც“. მოკლედ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები სხვა არაფერია, თუ არა ნაბიჯი პატარა მახინჯი დიქტატურისკენ და მორიგი გადაწყვეტილება ძალაუფლების შესანარჩუნებლად“ - წერს სოცქსელში აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი თენგიზ ჯოპუა.

როგორც ჟურნალისტი იზიდა ჭანია აღნიშნავს, „აფხაზეთში მედიის კუთხით უკვე ურთულესი ვითარებაა, საინფორმაციო ველი ყოველდღიურად ვიწროვდება, ცილისამების შესახებ მუხლში შემოთავაზებული ცვლილებები კი საკონტროლო გასროლა იქნება“. „თუ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, აფხაზეთში ყოველგვარ დემოკრატიაზე შეწყდება საუბარი“ - წერს ჟურნალისტი.

„წარმოუდგენლად სურეალისტურ დროში გვიწევს ცხოვრება... პირადად მე აღარაფერი მიკვირს... ყოველ ჯერზე, როცა მგონია, რომ ფსკერი ჩავხვრიტეთ, ჩნდება რაღაც ახალი ინფორმაცია და არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს შესაძლებელია.. ჩვენ ახლა სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის აქტიურ ფაზაში ვართ. იმედი მაქვს, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვებთ“ - წერს მისი კოლეგა ელეონორა გილოიანი.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S