
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 26-28 თებერვალი
29/02/2024 08:59:34 კონფლიქტები
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მისი ხელმძღვანელი ინალ არძინბა დაზარალებულ მოქალაქეებთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ყურადღება მიაქციოს ინციდენტებს, რომლებიც "აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას“ იქმნება. მიმართვაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც ფსოუს ე.წ. გამშვებ პუნქტის გადაკვეთისას ინციდენტებს აწყდებიან, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ და აქტიურად გამოდიან მედიაში. გარდა ამისა, დე ფაქტო სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთის მოქალაქეებმა ამ საკითხზე რუსეთის „ელჩსაც“ მიმართეს.
„იმის გამო, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, მხოლოდ მოქალაქეების საჯარო გამოსვლებს ვეყრდნობით“, - ნათქვამია ე.წ სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია „ამ ინციდენტების ნეგატიური ინტერპრეტაციის მცდელობებზე, რასთანაც საგარეო პოლიტიკურ უწყებას საერთო არაფერი აქვს“.
წლის დასაწყისიდან ფსოუზე გახშირდა რუსი მესაზღვრეების მიერ აფხაზი ოპოზიციონერების, აქტივისტების და ჟურნალისტების ხანგრძლივი დაკითხვები, რის თაობაზეც სამოქალაქო საზოგადოებამ უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა.
ინალ არძინბამ აფხაზეთის ლიდერს 2023 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიში ჩააბარა
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყების ძირითადი „მიღწევები“ და ინიციატივები მიმოიხილა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებულ 2024-2025 წლების კონსულტაციების გეგმაზე გამახვილდა. „დასკვნით ეტაპზეა ორმაგი მოქალაქეობის რეგულირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის საკითხი“, - განაცხადა ინალ არძინბამ. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებას ხელი 2022 წელს მოეწერა.
ინალ არძინბამ საერთაშორისო დონეზე არსებულ კონტაქტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბელარუსთან არსებული დიალოგის ფარგლებში მოხდა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება და უწყებათაშორისი კომუნიკაციისთვის ნიადაგის მომზადება. „წარმატებით დასრულდა მინსკში სავაჭრო სახლი „აფხაზეთის“ რეგისტრირება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას“, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, უზრუნველყოფილ იქნა აფხაზეთში წარმოებული პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე შეტანა ყოველგვარი გადასახადის გარეშე და უკვე მიმდინარეობს ბელარუსი ინვესტორების პროექტის შემუშავება, რომელიც აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდება.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისა და ბელარუსის სამეკავშირეო სახელმწიფოსა და BRICS-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებსაც შეეხო. მან ასევე დასძინა, რომ 2023 წელს გაგრძელდა ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, კერძოდ, ალჟირთან, ირანთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ლიბანთან, ავღანეთთან, იემენსა და პალესტინასთან კონტაქტების დამყარების მიზნით.
ინალ არძინბა კიდევ ერთხელ დაესხა თავს აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს. მან ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად აფხაზეთში USAID-ის სამომავლო პროექტების განხორციელება აიკრძალა.
თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთის იზოლაცია და მის საშინაო საქმეებში ჩარევა შესაძლოა გაგრძელდეს და ამის აღსაკვეთად ინალ არძინბას შესაბამისი მითითებები მისცა. „არსებობს არამეგობრული ძალები, რომლებსაც აფხაზეთისა და რუსეთის სამოკავშირეო დიალოგზე იერიშის მიტანა სურთ“, - დასძინა მან.
ამავე შეხვედრაზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს. მისი თქმით, ალტერნატივად მინსკი და ბაქო განიხილება. აღნიშნული საკითხი 2024 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან იქნა განხილული. „ბატონმა ლავროვმა ისაუბრა იმაზე, რომ ამ პლატფორმამ თავი ამოწურა. იგი დაინტერესდა, წინააღმდეგი ხომ არ იქნება აფხაზური მხარე, დისკუსიები სხვა, უფრო შესაფერის ადგილას გაგრძელდეს... პრინციპში, ამის განხილვა შესაძლებელია. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, იქნებ რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს“, - თქვა ასლან ბჟანიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინალ არძინბამაც აღნიშნა, რომ „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ხშირად ესმის, რომ ჟენევის ფორმატს სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეუძლია უზრუნველყოს თანაბარი პირობები მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ყველა მონაწილისთვის“.
კონსტანტინე ფილიამ გალის რაიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების გეგმები მიმოიხილა. „გასული წელი გალის რაიონისთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩვენ მოვახერხეთ და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 7 მლნ რუბლით (76 000 აშშ დოლარი) გავზარდეთ“, - განაცხადა გალის რაიონის ხელმძღვანელმა.
კონსტანტინე ფილიამ ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში გაზრდილ საინვესტიციო მიმზიდველობაზე და აღნიშნა, რომ. "ინვესტორების, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი მსხვილი მეწარმეები არიან, და მათ მიერ განხორციელებული პროექტების წყალობით გალის რაიონში უმუშევრობის დონე თანდათან იკლებს. მან ასევე ხაზი გაუსვა მოსახლეობის აღწერის აუცილებლობას, ვინაიდან, მისი თქმით, 2015 წლიდან ადგილობრივ დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნასთან ერთად მოსახლეობის გადინება დაიწყო. ამჟამად, მისივე შეფასებით, გალის რაიონში 17 ათასი შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს.
გალის რაიონის გამგებელი გამყოფ ხაზზე გადაადგილების საკითხსაც შეეხო. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ე.წ. საზღვარს დღეში საშუალოდ 2,5 ათასი ადამიანი და 300-მდე მანქანა კვეთს. ყველა ეს პირი გალის რაიონის მაცხოვრებელია.
ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა, ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს
უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად განიხილება დე ფაქტო გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიციირებული ცვლილებები, რომლებიც ცილისწამებაზე სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამკაცრებს. კერძოდ, „კოდექსის“ ამჟამინდელ ვერსიაში ცილისწამება განსაზღვრულია როგორც მცდარი ინფორმაციის განზრახ გავრცელება პირისთვის ზიანის მიყენებისა და მისი რეპუტაციის შელახვის მიზნით. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ცილისწამების ცნება მნიშვნელოვნად გაფართოვდება და დაუდასტურებელ ინფორმაციასაც მოიცავს. ანუ, პირი სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე იმ შემთხვევაშიც დადგება, თუ მის მიერ გავრცელებული ფაქტების სიმცდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ შემთხვევაშიც, თუ ცილისწამება კონკრეტულ პირებს არ მიემართება და ზოგადად რომელიმე პირთა ჯგუფს ეხება. ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ, რომლის კრიტიკული განცხადებები ცილისწამებად შეფასდება, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
ინფორმაციას დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები ძალზე უარყოფითად შეხვდნენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილებები სწორედ მათ წინააღმდეგ არის მიმართული და დე ფაქტო ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებების გამო დასჯას ისახავს მიზნად.
ცვლილებების განხილვა დე ფაქტო პარლამენტში 28 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნა.
დე ფაქტო პარლამენტმა „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონში“ ცვლილებები მიიღო
ცვლილებების თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტი, მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულნი არიან, პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი მისი ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე სულ მცირე 10 დღით ადრე. თუ პარლამენტში ხელშეკრულებების პროექტის წარდგენა დადგენილ ვადებში არ მოხდება, მათ ხელი ვერ მოეწერება. გარდა ამისა, ხელშეკრულებები, რომლებიც პარლამენტის მიერ რატიფიცირებას ექვემდებარება, არ უნდა შეიცავდეს ისეთ დებულებებს, რომლებიც აფხაზურ „კანონებს“ ეწინააღმდეგება.
ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების დამტკიცება არის ისტორიული მოვლენა, რადგან პრეზიდენტის მიმართ პარლამენტის უნდობლობაზე მეტყველებს. „იმის გათვალისწინებით, რომ ასლან ბჟანიამ კულუარულად მოაწერა ხელი ბიჭვინთის შეთანხმებას, დეპუტატებმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ამიერიდან, როდესაც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება შეიზღუდა, იგი დოკუმენტებს თვითნებურად ხელს ვეღარ მოაწერს. საგულისხმოა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, რომლის წევრთა უმრავლესობა ბჟანიას მხარდამჭერია,“ აცხადებს ყოფილი დე ფაქტო დეპუტატი გარი კოკაია. აღსანიშნავია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი პარლამენტში ბატალ აიბა, რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას, ამ ცვლილებების მიღებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა უშედეგოდ.
დე ფაქტო პარლამენტმა რუსული რუბლი “ოფიციალურ ვალუტად” პირველი მოსმენით დაამტკიცა
შესაბამის კანონპროექტს 28 თებერვლის სხდომაზე ეყარა კენჭი და მას 26-მა “დეპუტატმა” დაუჭირა მხარი, ხოლო ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა. დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის “ოფიციალურ ვალუტად” რუსულ რუბლი ცხადდება, ხოლო ყველა დანარჩენი უცხოურ ვალუტად განიხილება. ასევე, “სავალუტო რეგულირების” მიზნებისთვის “საკანონმდებლო” დონეზე შემოდის “რეზიდენტისა” და “არარეზიდენტის” ცნებები. კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები მეორე მოსმენის დროს შევიდეს.
სოხუმის ღვინის ქარხანამ წარმოება დროებით შეაჩერა
სოხუმის ღვინის ქარხანა უკვე თვეზე მეტია დაკეტილია. ამის მიზეზად სახელდება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება იმპორტირებულ ღვინის მასალებზე ახალი 30%-იანი აქციზის დაწესების თაობაზე, რამაც ღვინის პროდუქცია რუსეთის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი გახადა.
შპს „აფხაზეთის ღვინოები და წყლების“ მთავარი მეღვინე ვალერი ავიძბა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების თაობაზე დროებითია. „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მთავრობასთან და იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება“, - განაცხადა მან.
სოხუმის ღვინის ქარხანა ოკუპირებული აფხაზეთის უმსხვილესი ექსპორტიორია, ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შენატანით. ქარხანაში რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერში ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთში ღვინის მსხვილი მიმწოდებლების ათეულში შევიდა.