Accentnews.ge
მედია: ოკუპირებულ გალში მოკლული თემურ კარბაიას საქმეზე მესამე "მილიციელი" ზუგდიდში დააკავეს

მედია: ოკუპირებულ გალში მოკლული თემურ კარბაიას საქმეზე მესამე "მილიციელი" ზუგდიდში დააკავეს

29/02/2024 12:09:34 სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე მესამე ბრალდებული "მილიციელი" დავით კვეკვესკირი ზუგდიდში დააკავეს, – იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".

მისი ცნობით, კვეკვესკირი ზუგდიდში დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში იმალებოდა. იგი ამჟამად თბილისშია გადაყვანილი.

"კვეკვესკირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 236-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული", – იტყობინება ტელეარხი.

თემურ კარბაიას საქმეზე 12 თებერვალს ორი "მილიციელი" დააკავეს.

12 თებრვალს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა იუწყებოდა, რომ თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტზე გალის ე.წ. მილიციის განყოფილების სამი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა აღძრული - ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კარბაია მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც, სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეეების გარეშე უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. შემოწმების ბოლოს კარბაიამ დაიწყო უცენზურო სიტყვების გამოყენება კვეკვესკირის მიმართ, რის შედეგადაც კვეკვესკირმა მას დაარტყა. პარალელურად, განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომლებმაც კვეკვესკირთან ერთად კარბაიას მიმართ ფიზიკურად იძალადეს, რის შედეგადაც კარბაიამ დაზიანებები მიიღო გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი ასევე აღენიშნებოდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე სისხლჩაქცევები. კარბაია ცემის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის განყოფილების თანამშრომლები ზარაქუა და აბშილავა დააკავეს. ეჭვმიტანილი კვეკვესკირი არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია", - აცხადებდნენ დე ფაქტო პროკურატურაში.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს". მისი ინფორმაციით, გალის საავადმყოფოში იგი „ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მივიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S