29-02-2024 21:07:54
უკვე 15 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება თავგამოდებით ცდილობს, რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ ფართო საერთაშორისო აღიარებას თუ არა, გაერო-ს წევრი ამღიარებელი ქვეყნების რაოდენობის თუნდაც მცირედით ზრდას მიაღწიოს.
სწორედ ამ მიზნით ცდილობდნენ, შეეპარებინათ აფხაზი სპორტსმენები, კულტურის მოღვაწეები, სხვა სფეროების წარმომადგენლები სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე. დიდი ძალისხმევა გასწიეს ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და სხვა ფსევდოსახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებების გასაფორმებლად. აფხაზეთის ე.წ. ელჩები კი გამუდმებით ცდილობდნენ, ადგილზე აკრედიტებულ დიპლომატებთან გადაღებული ფოტოები ოფიციალურ კონტაქტებად გაესაღებინათ. აფხაზეთისთვის დიდ მოვლენად იქცა წევრობა დომინოს საერთაშორისო ფედერაციაში, რომელსაც იმხანად ვენესუელელი ხელმძღვანელობდა და სოხუმში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა, რომელსაც სულ 20-მდე მოთამაშე დაესწრო. აფხაზეთს თავისი საპატიო ადგილი უკავია ასევე ConIFA-ში - არაღიარებული ტერიტორიების საფეხბურთო ასოციაციების გამაერთიანებელ ფედერაციაში და ერთხელ „მსოფლიო“ ჩემპიონიც კი გახდა.
შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლებამ თამასის აწევა გადაწყვიტა და რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს წევრობა განიზრახა. სოხუმში პრეზიდენტი ლუკაშენკოც კი მიიწვიეს, რომელიც მართალია, აღფრთოვანებას ვერ მალავდა ამ „სამოთხის“ ბუნებით და თანამშრომლობის ჩამოყალიბების სურვილიც კი ახსენა, მაგრამ აფხაზეთი ამ დრომდე არ უღიარებია. ამის გარეშე კი, როგორც ცნობილია, საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება შეუძლებელია.
ბოლო დროს დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გააქტიურდა „ბრიკსის“ მიმართულებით, - როგორც ჩანს, მასში რუსეთის ამჟამინდელი თავმჯდომარეობა აიმედებს, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. „მინისტრი“ ინალ არძინბა გამუდმებით საუბრობს ამ სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების ღონისძიებების მაქსიმალურ რაოდენობაში მონაწილეობის აუცილებლობაზე. თუმცა ჯერჯერობით საქმე რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვერებს ვერ გასცდა.
2008 წლის შემდეგ რუსეთი აფხაზეთს მსგავს საკითხებში მართლაც მნიშვნელოვნად ეხმარებოდა და ამ მიზნით არც განსაკუთრებით მოწყვლად ქვეყნებზე ზეწოლას თაკილობდა - დაწყებული პირდაპირი მუქარითა და შანტაჟით, დამთავრებული ბანალური მოსყიდვით. თუმცა კრემლს ამაში უფრო მეტად ამოძრავებდა საკუთარი ინტერესი, აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება გაემართლებინა, ვიდრე სურვილი, აფხაზეთს საერთაშორისო არენაზე ფეხის მოკიდებაში დაჰხმარებოდა, რადგან რუსეთს რეალურად დამოუკიდებელი აფხაზეთი რეალურად, არაფერში აწყობს.
მოსკოვის მხრიდან ზეწოლამ და მოსყიდვამ გარკვეული შედეგები მოიტანა. სადღეისოდ აფხაზეთს თავად რუსეთის გარდა, ოთხი ქვეყანა აღიარებს - ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ. წყნარი ოკეანეს ჯუჯა სახელმწიფოებმა ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარების გადაწყვეტილებები მალევე გაიწვის: როგორც ჩანს, აშშ-სა და ევროკავშირთან გრძელვადიანი ურთიერთობები მათთვის უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა კრემლის ერთჯერად ქრთამზე. გამორიცხული არაა, ოდესმე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვენესუელამ და ნიკარაგუამაც გადაიფიქრონ, მით უფრო, რომ კარაკასი ერთხელ უკვე ძალიან ახლოს იყო მსგავს ნაბიჯთან. მოსკოვის ყველა მცდელობის მიუხედავად, აფხაზეთი რუსეთისადმი ესოდენ ერთგულმა კუბამ და ჩრდილოეთ კორეამაც კი არ აღიარეს.
სხვათა შორის, აღიარებამდე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მასპინძლობდა გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის წარმომადგენლებს, ახლა კი საოცნებოდ აქვს ასადის, მადუროსა და ორტეგას ოდიოზური რეჟიმების წარმომადგენლებთან შეხვედრები.
ამასთან, ბოლო დროს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების კუთხით რუსეთის აქტივობა საგრძნობლად შემცირდა. შესაძლოა, მოსკოვს ურაინასთან ომის ფონზე რესურსების ზედმეტად ხარჯვა არ სურს. ან შესაძლოა, ამ გზით დასჯას ცდილობდეს ბოლომდე არდამჯერე აფხაზების. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსკოვს არ აქვს სურვილი, დაძაბოს ურთიერთობები საქართველოსთან და გააღიზიანოს მისი მთავრობა, რომელთან ურთიერთობებშიც დათბობა შეინიშნება. ტყუილად ხომ არ განაცხადა ამასწინათ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, მოსკოვი თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზეა ორიენტირებულიო.
რომ შევადაროთ, გრენლანდია, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია, რომლებიც ფორმალურად დამოუკიდებლები არ არიან, გაცილებით მეტ დამოუკიდებლობას ფლობენ, ვიდრე „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი. ასე, მაგალითად, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია არა არაღიარებული ConIFA-ს, არამედ UEFA-ს სრულუფლებიანი წევრები არიან. მეტიც, ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლად თანამშრომლობს ევროკავშირთან სავაჭრო და ბევრი სხვა მიმართულებით. გრენლანდიამ კი ევროკავშირი საკუთარი ნებით დატოვა და მასთან ცალკე შეთანხმებები გააფორმა.
აფხაზეთს რა გააჩნია, უფრო სწორად, რა არ გააჩნია რუსეთის მიერ აღიარებიდან 15 წლის შემდეგ?
უპირველესად, აფხაზეთმა ვერ მიიღო რეალური სუვერენიტეტი, რომლისკენაც ასე ისწრაფვოდა. მას არ აქვს უფება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები. სტრატეგიული პარტნიორობისა და კანონმდებლობათა ჰარმონიზების საფარქვეშ რუსეთი სულ უფრო მზარდი ზეწოლით თავს ახვევს აფხაზებს მათთვის უცხო კანონებსა და რეგულაციებს. ამაზე მეტყველებს კანონპროექტები აპარტამენტებისა და უცხოეთის აგენტების შესახებ, ეკონომიკურ დანაშაულებზე გამოტანილი სასამარლო გადაწყვეტილებების ურთერთაღიარების შესახებ შეთანხმება, რუსული კაპიტალის მიერ ფხაზურ სტრატეგიულ ობიექტებში მხოლოდ და მხოლოდ თავისი ინვესტიციების თავს მოხვევა და რიგი სხვა ნაბიჯები, რომლებიც აფხაზეთზე სრული კონტროლის დამყარებაზეა მიმართული.
მთელი ეს წლები მოსკოვზე აფხაზეთის ეკონომიკური დამოკიდებულება მხოლოდ იზრდებოდა. აფხაზური ენა გაქრობის პირას აღმოჩნდა, რაც არცაა გასაკვირი რუსეთზე სრული ორიენტაციისა და რუსიფიკაციის პირობებში. რუსების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფების მიღების შემდეგ კი ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება და უკვე არა მარტო ენა, არამედ თავად აფხაზი ხალხიც სრული ასიმილაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
მიწებიც კი აფხაზეთში ნელ-ნელა რუსეთის მფლობელობაში გადადის. ასე მოხდა სოფელ აიბღას შემთხვევაშიც, რომელიც ადლერის რაიონს მიუერთეს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შემთხვევაშიც, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ერთპროვნულ საკუთრებაში გადავიდა.
ამგვარად, აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ სულ უფრო ფორმალურ ხასიათს იძენს, რუსეთი კი სულ უფრო მეტად ითრევს მას საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში. არგუმენტი - „რუსეთმა თავად გვაღიარა და მისი მხრიდან ანექსიის არ უნდა გვეშინოდეს“ - მყარად ნამდვილად ვერ ჩაითვლება: ზუსტად ასევე აღიარა რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის დონენცისა და ლუჰანსკის ოლქები, უკვე სექტემბერში კი ისინი თავის ტერიტორიად გამოაცხადა. ყარაბაღის მაგალითიც ნათლად აჩვენებს, რამდენად არასანდო გარანტორია რუსეთი მოკავშირეებისათვის.
აფხაზები ნელ-ნელა თავადაც აცნობიერებენ რუსეთის დომინირებასა და ანექსიის მოახლოებულ საფრთხეს, რომლის თავიდან აცილება მარტივი არ იქნება. მაგრამ თუ რეალურად სურთ, შეინარჩუნონ ის, რასაც სუვერენიტეტს უწოდებენ, ალტერნატივა მაინც არსებობს.
ჯერ კიდევ 2004 წელს თბილისში შემუშავდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების წინადადებები, რომლებიც სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციას, ომის ინსტრუმენტების გამორიცხვასა და ძალის გამოყენებაზე უარის თქმას ითვალისწინებდა. აფხაზეთს უნდა მიჰნიჭებოდა განსაკუთრებული პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი სრული და ფართო ავტონომიით, ფისკალური კონტროლითა და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში წარმოდგენილობით. ამავდროულად აფხაზეთს ეძლეოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ეროვნული, რელიგიური და სხვა იდენტობების, ენისა და კულტურის დაცულობის, ეკონომიკური ზრდის გარანტიები.
კიდევ უფრო დახვეწილი გეგმა იქნა შეთავაზებული აფხაზებისთვის 2008 წელს, აგვისტოს ომის დაწყებამდე. იგი გულისხმობდა საქართველოს ფედერატიულ მოწყობას აფხაზეთისთვის „ყველაზე ფართო ავტონომიის“ მინიჭებით, მასთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებების ვეტირების უფლებით, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის პოსტის აფხაზებზე რეზერვირებით, ასევე აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის დაცულობის გარანტირებით.
ეს და სხვა არანაკლებ საინტერესო ინიციატივები თბილისს სამუშაო მაგიდაზე დღემდე უდევს. ყველა ეს წინადადება კვლავინდებურად ძალაშია. მეტიც, სადღეისოდ საქართველოს უკვე შეუძლია, აფხაზეთს შესთავაზოს რეალური დაახლოება ევროკავშირთან, ამასთან ერთად კი - წვდომა შესაბამის ფინანსურ ფონდებზე, საინვესტიციო ეკონომიკურ პროგრამებზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, ხარისხიან განათლებაზე, კულტურისა და მეცნიერების მხარდაჭერაზე, დასაქმების შესაძლებლობაზე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე და ა.შ. რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირთან მოქმედ უვიზო რეჟიმსა და თავისუფალ ვაჭრობაზე.
დროა, აფხაზეთის მოსახლეობამ გვერდზე გადადოს წყენა და მოგონებები წარსულზე, რომელშიც, გულახდილად რომ ვთქვათ, ორივე მხარე დაზარალდა. დროა, სოხუმმა ემოციების გარეშე, ცივი გონებით განსაჯოს, სად და როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი: ე.წ. დამოუკიდებელ აფხაზეთში, რომელიც რეალურად, სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე და მის მიერ საბოლოო შთანთქმის მოლოდინშია, თუ საქართვლოს შემადგენლობაში, მაგრამ რეალურად სუვერენული სტატუსით, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის მყარი საერთაშორისო გარანტიებით, აფხაზური იდენტობის დაცვითა და რაც მთავარია, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით - ყველა გამომდინარე სიკეთითა და პრივილეგიით.
ეკა ცანავა