
პროკურატურა: საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
04/03/2024 15:17:52 სამართალი
საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მიმართვა დაედო.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მომართვა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი (ძირითადად ონკომედიკამენტები), რაც შემდგომში რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში”, – ამბობენ პროკურატურაში.
მისი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით".
დღეს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ "გაურკვეველი წარმოშობის ონკომედიკამენტების დანიშვნის სქემაში მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული".