სოხუმისა და თბილისის ფინანსური დამოკიდებულებები - შედარება

04-03-2024 21:22:55 კონფლიქტები

ბოლო დროს, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, ფინანსურმა თემამ განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სოხუმი ტოტალურადაა დამოკიდებული მოსკოვზე, რაც როგორც ბიუჯეტს, ისე მთლიანობაში ეკონომიკას ეხება. გასაგებია, რომ ბიუჯეტი - ეს მთელი ეკონომიკა არაა, არსებობს ასევე კერძო სექტორი, თუმცა მასშიც რუსული ფული სჭარბობს, უპირველესად - ტურიზმში.

და აი, ამ ფონზე აფხაზები რუსეთზე მათი ჩვევად ქცეული ტოტალური ფინანსური დამოკიდებულების შესახებ მითითებებს ხშირად პასუხობენ მტკიცებით, თითქოს თბილისი არანაკლებ იყოს დამოკიდებული დასავლეთზე. „თავადაც ხომ ევროპელებისა და ამერიკელების კმაყოფაზე ხართ, მაშ ჩვენ რით გვჯობიხართო?“ - ხშირად უკომენტარებენ აფხაზები ქართველებს და როგორც წესი, არგუმენტირებულ პასუხს ვერ იღებენ. თბილისში აზრადაც არავის მოსდის, აფხაზებს საქმის არსი აუხსნას. შედეგად ისე გამოდის, თითქოს საპასუხო არც არაფერი გვქონდეს და ყველაფერი მართლაც დაახლოებით ისე იყოს, როგორც აფხაზები ირწმუნებიან. არადა, რეალურად, დასავლეთზე საქართველოს ფინანსური დამოკიდებულების მხრივ ვითარება აფხაზების წარმოდგენისგან სრულიად განსხვავებულია. და არა იმიტომ, რომ „ეს სულ სხვა საქმეა“, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ასეა.

მოდით, გავერკვეთ. ჯერ მხოლოდ ციფრებში, მერე კი - საქმის არსშიც.

2024 წელს საქართველოს ბიუჯეტი აშშ დოლარებში დაახლოებით 9 მლრდ-ს უტოლდება, დეფიციტი - დაახლოებით 800 მლნ-ს. ევროკავშირის გრანტები 100 მლნ დოლარს შეადენს. დეფიციტის დასაფარად მიიმართება საგარეო ვალები 1,3 მლრდ-ის ოდენობით. ამასთან, უკვე არსებული ვალების დასაფარად დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარია გათვალისწინებული.

ამგვარად, 9 მლრდ-იან ბიუჯეტში საგარეო წილი ევროკავშირის 100 მლნ-იან გრანტებს, ასევე ასაღებ ვალებსა და არსებული ვალების დასაფარად გათვალისწინებულ თანხას შორის ნაშთს - 200 მლნ დოლარს მოიცავს. ანუ, საუბარია 9 მლრდ-დან სულ რაღაც 300 მლნ-ზე. თავად დაითვალეთ, რამდენად მიზერული პროცენტული წილია ეს ხარჯების მთლიან მოცულობაში.

დანარჩენი კი საგადასახადო შემოსავლებია, საბაჟო, აქციზები და სხვა.

ახლა ვნახოთ, როგორაა საქმე ამ კუთხით აფხაზეთში.

თეორიულად, ვისმენთ, რომ რუსეთი აფხაზეთის ბიუჯეტის ნახევარს ფარავს. მაგრამ „ნახევარი“ - ეს რიტორიკაა. რეალობაში ეს შეიძლება, იყოს 50%, ან 46,5, ან გნებავთ, 51,4%. წმინდად პუბლიცისტურ ცნება „ნახევარში“ ნებისმიერი ციფრი შეიძლბა, ჩააკვეხო.

რეალურად რა ხდება?

ავიღოთ აფხაზეთის 2023 წლის ბიუჯეტი. რატომ 2023-ის - ოდნავ მოგვიანებით გაიგებთ.

აფხაზეთის რესპუბლიკის 2023 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ამგვარია: საერთო თანხა - 14, 2 მლრდ რუბლი, რუსეთის დახმარება – 5, 1 მლრდ. ცნობისთვის: 2024 წლის ბიუჯეტში თანაფარდობა დაახლოებით ასეთივეა, ასე, რომ საქმის არსი დიდად არ იცვლება.

რაშია საქმე? სადაა აქ ლეგენდარული „ბიუჯეტის ნახევარი“? 5, 1 მლრდ ხომ 14,2 მლრდ-ის ნახევრად ვერაფრით ჩაითვლება - მაქსიმუმ, მესამედზე ცოტა მეტია.

მაშასადამე, საუბრები „ბიუჯეტის ნახევარზე“ ტყუილია? რა, აფხაზეთმა რუსეთზე დამოკიდებულებას თავი დააღწია და საკუთარი შემოსავლები გაზარდა? ვაშა, მეგობრებო ვაშა!

მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად როდია.

დავიწყოთ იმით, რომ მესამედიც გაცილებით მეტია, ვიდრე 3-4%-იანი უცხოური დახმარება ქართულ ბიუჯეტს, რომლიდანაც 200 მლნ ვალია და ის, საბიუჯეტო პარამეტრების თანახმად, რეგულარულად იფარება. დამეთანხმებით ალბათ, 3%-იანი ვალი და 30%-იანი საჩუქარი - ეს იმთავითვე შეუდარებელი რამაა.

მაგრამ ყველაფერი ამით როდი მთავრდება. რუსული დახმარება აფხაზეთს ძალზე ეშმაკურადაა მოწყობილი - რომ სტატისტიკაც გაუმჯობესდეს და ადამიანებსაც აურიონ ტვინი.

რეალურ სურათს სულ სხვა სტატისტიკა აჩვენებს - აფხაზეთში ფულადი სახსრების ადგილობრივი საბანკო სისტემის მეშვეობით შედინების. მასში არსებობს სრულიად ნეიტრალური პუნქტები - მაგალითად, ფულადი გზავნილები, იურიდიულ პირთა ანგარიშებზე გადარიცხვები და სხვა. ეს ნაკლებად გვაინტერესებს - აფხაზი ბიზნესმენების შემოსავლები იქით იყოს.

ჩვენთვის საინტერესო სხვა რამაა: აფხაზეთის ბიუჯეტში გადაირიცხა 5,2 მლრდ რუბლის ოდენობის რუსული ფინანსური დახმარება... აი ესაა ის 5,1 მლრდ, ოღონდ 100 მლნ-ით მეტი, თუმცა ეს სხვაობა - ჯანდაბას, ნუ დავწვრილმანდებით. ყველაზე საინტერესო პუნქტი კი - მოემზადეთ, ყურადღება და - აფხაზეთის მცხოვრებთა პენსიებისთვის გათვალისწინებული 3, 4 ლრდ რუბლია...

ანუ, სტატისტიკის გასაუმჯობესებლად რუსული ფინანსური დახმარება ორი არხით ხორციელდება: ერთი - ბიუჯეტში და მას ყველა ხედავს, ყველას უხარია - „გასკდნენ ქათველები გულზე, რუსული დახმარება ჩვენი ბიუჯეტის ნახევარს კი არა, მხოლოდ მესამედს შეადგენსო“; მეორე არხი კი ჩუმია, მის შესახებ დოლ-გარმონის თანხლებით არავინ აცხადებს – აფხაზი პენსიონერების მთელი დაფინანსება „გვერდულია“ და ბიუჯეტი აქ თითქოს არაფერ შუაშია...

მაგრამ ჩვენ ხომ გამოცდილი ხალხი ვართ, გვესმის, რა როგორ ხდება და რომ იმ 5, 2 ლრდ-ს, რომელიც ბიუჯეტშია ნაჩვენები, პენსიების 3,4 მლრდ უნდა მივამატოთ.

სწორედ ამიტომ ვადარებთ აფხაზეთის 2023 წლის ბიუჯეტს, რადგან 2024 წლის გადარიცხვების მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მათ გარეშე კი სურათი არასრული იქნება.

ჯამურად გამოდის 8, 6 მლრდ., რომელიც თავისუფლად შეგვიძლია, მივამატოთ ოფიციალურ მონაცემებს. ამგვარად, ფაქტობრივად აფხაზეთის ბიუჯეტი 17,8 მლრდ რუბლია, რომელთაგან 8,6 მლრდ რუსული ფულია. ეს თითქმის 50%-ია - სწორედ ის 50%.

არ დგვავიწყდეს ასევე, შევადაროთ 100 მლნ-იანი საჩუქარი და 200 მლნ-იანი ვალი 9 მლრდ დოლარიან ქართულ ბიუჯეტში 8, 6 მლრდ-ს 17, 8 მლრდ რუბლიან... თავად გამოიტანეთ დასკვები - ეს დიდ მათემატიკოსობას არ საჭიროებს.

თუმცა ეს ყველაფერიც მხოლოდ ციფრებია. მთავარი სულ სხვა რამაა. დიახ, ევროკავშირი საქართველოს 100 მლნ დოლარზე მეტს ახარჯავს. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება.

დასავლური დახმარება ქართველებს - ეს არის ფული, ჩადებული, მაგალითად, ფერმერი ქალების ასოციაციის საქმიანობაში: სახსრები გამოიყოფა ფერმერი ქალების დახმარებისთვის, კრედიტების დასაფარად, აღჭურვილობის შესაძენად...

დასავლური ფული მიიმართება, მაგალითად, კაკლის მოყვანის უფრო თანამედროვე მეთოდების დასანერგად, რაც ხარისხის ამაღლებისა და შესაბამისად, მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ქმნის.

დასავლური ფული მიდის, მაგალითად, მცირე და საშუალო ბიზნესში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა დამხმარე ორგანიზაციების დაფინანსებაზე...

ჩამონათვალი გრძელია. აქაა სხვადასხვა სახის მცირე დარგობრივი ორგანიზაციები, სხვადასხვა პროდუქციის მწაროებელთა ასოციაციები, რაღაცის ექსპორტიორები, სტუდენტები, რომლებიც განათლებას დასავლეთში იღებენ და ა.შ.

რაში დებს რუსეთი? აქ უპირველესად, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა უნდა აღინიშნოს - გზები, ხიდები, ტროტუარები, სკოლები და ა.შ. ბუნებრვია, ამ თანხების მნიშვნელოვან ნაწილს იპარავენ, ნაწილს - მოსკოვშივე, ნაწილს - უკვე სოხუმში, კორუფცია ხომ ჯერ არავის გააუქმებია, აფხაზეთში კი ის, თბილისთან შედარებით, შეუდარებლად უფრო მასშტაბურია. მაგრამ დარჩენილი ფულით რაღაც მაინც კეთდება, შენდება და ახლდება.

ყველაფერი დანარჩენი კი - ეს არის ხელფასები, პენსიები, დახმარებები. ცეცხლეთ და კითხვებს უ დასვამთ. და არც გაბედოთ კიდევ რაიმეზე ფიქრი.

დასავლეთი აფინანსებს ანკესს. რუსეთი კი აფხაზეთს აძლევს თევზს: ანკესზე არც იფიქროთ, თევზი იმყოფინეთო.

ამაშია მთავარი განსხვავება. და ის ფულის ოდენობაში არ იზომება.

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები