Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 29 თებერვალი-3 მარტი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 29 თებერვალი-3 მარტი

06/03/2024 07:01:19 კონფლიქტები

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს განვითარების პროგრამას ორი მოთხოვნა წარუდგინა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელს ვარდონ ხოჯას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინალ არძინბამ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის ყურადღება გაამახვილა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია UNDP-ის დაფინანსების მიზნები და ამოცანები, კერძოდ: „აფხაზეთის დეოკუპაცია“ და „კრემლის მავნე გავლენებთან ბრძოლა“. ინალ არძინბას თქმით, მსგავსი პუბლიკაციები აზიანებს გაეროს განვითარების პროგრამის რეპუტაციას და ეწინააღმდეგება გაეროს წესდების მიზნებს.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტების ბიუჯეტი 20 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი ნაწილი ხმარდება საინფორმაციო რესურსების დაფინანსებას, რომლებიც, მისივე განცხადებით, „საზოგადოებრივი აზრის დესტაბილიზაციას ცდილობენ“.

ინალ არძინბამ UNDP-ისგან მოითხოვა, არა უგვიანეს 7 მარტის 18:00 საათისა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე უარყოს USAID-ის დაფინანსებული პროექტების მიზნები, ასევე გამოაქვეყნოს UNDP-ის მიერ დაფინანსებული აფხაზური საინფორმაციო რესურსების სია, დაფინანსების მიზნები, ამოცანები და მოცულობა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, დროული და ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებს

სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლების აყვანის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო განათლების და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროებმა ერთობლივად გამოაცხადეს. აეროპორტში დასაქმების მსურველები შესაბამის შემოწმებას გაივლიან, რომლის შედეგად მათი კვალიფიკაციის დონე დადგინდება.

„აეროპორტის მშენებლობის პროცესი ბევრ მუშახელს მოითხოვს. საჭიროა სხვადასხვა მიმართულების ათეულობით სპეციალისტი. აეროპორტში დასაქმების მსურველები შესაბამის შემოწმებას გაივლიან და დადგინდება მათი კვალიფიკაციის დონე. ამასთან, შესაძლებელი იქნება კადრების გადამზადებაც“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსმა ინვესტორებმა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ავარიული შენობების დემონტაჟი დაიწყეს, რისთვისაც სოხუმში უახლოეს მომავალში დამატებითი სამშენებლო ტექნიკა და მუშახელი ჩავა.

2023 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის განვითარება“ განახორციელებს. კომპანიის მფლობელი რაშიდ ნურგალიევია, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევ-უფროსის ერთ-ერთი ვაჟია. აღსანიშნავია, რომ ნურგალიევ-უფროსი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.

სამოქალაქო საზოგადოება უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის

დე ფაქტო აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სოხუმში პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ მიღების საფრთხეებზე ისაუბრეს და ამასთან დაკავშირებით საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს. პრესკონფერენციის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ტელევიზიებზე წვდომის შეზღუდვა გახდა. აქტივისტების განცხადებით, სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ტელევიზიაში გამოსვლას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. „არ გვიშვებენ, არ უნდათ ჩვენთან ღია ეთერში შეხვედრა, რადგან არგუმენტები არ აქვთ“ - განაცხადა ყოფილმა დე ფაქტო ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა. მისივე თქმით, აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატა არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიის თანდასწრებით ღია შეხვედრის ორგანიზებას არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს დაპირება დაარღვია (საზოგადოებრივი პალატა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს).

ასიდა შაკრილთან ერთად პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აქტივისტებმა ელენა კობახიამ, ასიდა ლომიამ, ბატალ კობახიამ, საიდ გეზერდავამ და დიანა კერსელიანმა. მათი შეფასებით, „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ მიღება საზოგადოებაში მეტი განხეთქილების მიზეზი გახდება, კორუფციის ზრდას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს აფხაზეთში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას.

„იუსტიციის მინისტრი [ანრი ბარციცი] გვარწმუნებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონტროლისთვისაა საჭირო, და ამით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. სინამდვილეში, კანონს კონტროლის განხორციელებასთან საერთო არაფერი აქვს და კონტროლის ისედაც სრულად ხორციელდება იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ“, - განაცხადა დიანა კერსელიანმა. თავის მხრივ, იურისტი საიდ გეზერდავა მიიჩნევს, რომ „კანონი“ არა მხოლოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, არამედ ნებისმიერ ფიზიკურ პირსაც შეეხება.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქალაქო თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ბოლომდე შეებრძოლებიან. „ჩვენ მოვაწყობთ აქციებს ტელევიზიებში მანამ, სანამ ღია ეთერში გამოსვლის შესაძლებლობას არ მოგვცემენ“, - დასძინეს მათ.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა: „საქართველოს მთავრობა გონივრულია, ომი არავის სჭირდება“

ამის შესახებ დე ფაქტო მინისტრმა რუსეთში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნალ არძინბა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობას „ომი არ სჭირდება“, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას ნიშნავს. „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს“, - განაცხადა მან

არძინბას თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. „არის ძალა, რომელიც ცდილობს დაარღვიოს ინტეგრაციის პროცესები პოსტსაბჭოთა სივრცეში, გაწყვიტოს კავშირები მოძმე ქვეყნებს შორის და მას ჰქვია ამერიკის შეერთებული შტატები“, - ხაზგასმით აღნიშნა ინალ არძინბამ.

დე ფაქტო მინისტრი USAID-ის საქმიანობასაც შეეხო. კერძოდ, მან განაცხადა, რომ გაეროს ოფიციალური სტრუქტურის UNDP-ის დაფინანსებით, USAID აფხაზეთში ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანს „ქვეყანაში ხელისუფლების დისკრედიტაცია“ წარმოადგენს. „ხალხი, რომელმაც ლიბია, ავღანეთი და ერაყი გაანადგურეს, აფხაზეთში სამედიცინო მომსახურებითა და სოფლის მეურნეობით შეწუხდნენ? როგორი კეთილშობილებაა!“ - განაცხადა არძინბამ.

ამავე ღონისძიებაზე ინალ არძინბამ იმედი ხაზი გაუსვა აფხაზეთსა და ბელარუსს შორის არსებული დიალოგის მაღალ დონეს და ახლო მომავალში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი გამოთქვა.

აფხაზეთში წყლის ფრინველები მასობრივად იხოცება

ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სოხუმისა და სხვა ქალაქების სანაპიროებზე მიმოფანტული მკვდარი წყლის ფრინველების ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს.

დე ფაქტო აფხაზეთის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მურმან სოლომკო აცხადებს, რომ ეკოლოგებმა მკვდარი ფრინველები ოჩამჩირის სანაპიროზეც დააფიქსირეს, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ისინი სოხუმის ყურეში შეინიშნება. მისივე ინფორმაციით, ფრინველის მასობრივი დახოცვის ფაქტი რუსეთის კრასნოდარის მხარეში, კერძოდ, გელენჯიკსა და ანაპაშიც დაფიქსირდა, თუმცა რუსი ექსპერტები ფრინველის გრიპის არსებობას გამორიცხავენ.

დე ფაქტო სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის უფროსი, რომან ჯოპუა აღნიშნავს, რომ საჭირო ლაბორატორიის არარსებობის გამო ფრინველის დაღუპვის მიზეზის დადგენა შეუძლებელი ხდება. დარგის სპეციალისტები მხოლოდ რუსი კოლეგების ინფორმაციით ხელმძღვანელობენ. კერძოდ, კრასნოდარის მხარის რეგიონულ ვეტერინარულ ლაბორატორიაში ჯოპუას განუცხადეს, რომ ფრინველის დაღუპვის უამრავი შემთხვევაა და მიმდინარეობს მასალის გამოკვლევა. „ამასთან, რუსმა კოლეგებმა დასძინეს, რომ არაფერი ზებუნებრივი ან კატასტროფული არ ხდება და პანიკა საჭირო არ არის,“ - ამბობს ჯოპუა.

თავის მხრივ, დე ფაქტო ეკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რომან დბარმა პარაზიტული ან ვირუსული ინფექციის არსებობაც არ გამორიცხა. „ამჟამად უნდა მოხდეს სანაპირო ზოლის გაწმენდა მკვდარი ფრინველისგან, ვეტერინარული სამსახურის მიერ დადგენილი წესით... ამასთან, აუცილებელია შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება და ინფორმაციის შეგროვება ბუნებრივი მოვლენების თაობაზე მისი შემდგომი გაანალიზების მიზნით“, - დასძინა რომან დბარმა.

აღსანიშნავია, რომ 16 თებერვალს ბიჭვინთაში შევიდა თურქული თევზსაჭერი სეინერი, რომლის ეკიპაჟის სამი წევრი მოწამვლით გარდაიცვალა, ხოლო ოთხი მათგანი მძიმე სიმპტომებით აფხაზეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ფრინველის სიკვდილს მეზღვაურების მოწამვლას უკავშირებენ. აფხაზურ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქი მეზღვაურები სეინერების იატაკქვეშა მაცივრებში უკანონოდ შენახული ამიაკით მოიწამლნენ. ამ ინციდენტის შემდეგ ყველა დანარჩენმა სეინერმა საშიში ამიაკი მარტივი გზით მოიშორა - უბრალოდ ზღვაში ჩაღვარა, რის გამოც ახლა ათასობით ფრინველი იხოცება.

დე ფაქტო სატრანსპორტო პროკურატურა თურქულ სეინერზე მასიური მოწამვლის შემთხვევის გამოძიებას აგრძელებს.

„პროსახელისუფლებო“ ტელეგრამ-არხზე „Amra-life” კომენტარებს აკეთებენ "ტროლები", მათ შორის საქართველოდან

ტელეგრამ-არხი „Amra-life” აფხაზურ სოციალურ ქსელებში მკვეთრად პრორუსული განწყობებითა და პროპაგანდისტული აზრების გავრცელებით გამოირჩევა. სწორედ ამ არხის მეშვეობით ვრცელდებოდა მადისკრედიტებელი ინფორმაცია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების თაობაზე, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებამ დასავლეთთან თანამშრომლობასა და ანტიაფხაზური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვრცელდება აფხაზური ტელეგრამ-არხის „ფანჯარა“ (ОКНО) განცხადება, რომ მან, ჩატარებული მცირე კვლევის შედეგად, „Amra-life”-ის უკან ქართული კვალი აღმოაჩინა. განცხადების თანახმად, ტელეგრამ-არხი „ფანჯარა“-ს ადმინისტრაციამ „Amra-life”-ის ერთ-ერთ აქტიურ მომხმარებელს მეტსახელად „პუსი“ ბმული გაუგზავნა, რომელზე გადასვლისთანავე დაფიქსირდა მისი პარამეტრები, კერძოდ: IP მისამართი: 31.146.30.241; ქვეყანა: საქართველო; ინტერნეტ-პროვაიდერი: JSC Silknet. გარდა ამისა, ტელეგრამ-არხის „ფანჯარა“-ს ადმინისტრაციის თქმით, გაკეთებულ კომენტარებში „პუსი“ თავად აღნიშნავს, რომ საქართველოში იმყოფება და კონკრეტულ ადგილებზეც საუბრობს.

ტელეგრამ-არხი „ფანჯარა“-ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „Amra-life”-ის და მისი ტროლების საქმიანობა მიზნად ისახავს აფხაზური საზოგადოების დაპირისპირებას, აფხაზეთში არარსებული ანტირუსული განწყობების შესახებ ყალბი ნარატივის გავრცელებას, თავისუფალი აფხაზეთის იდეის დაკნინებასა და რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერას. მისივე თქმით, ამ საქმიანობის დამკვეთები და შემსრულებლები არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, არამეგობრულ სახელმწიფოებში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ტელეგრამ-არხი „ფანჯარა“-ს დამფუძნებლები არიან იურისტი საიდ გეზერდავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ წარმომადგენელი ლიანა კვარჩელია, რომლებიც ხშირად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოდიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S