Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 4-6 მარტი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 4-6 მარტი

09/03/2024 07:53:08 კონფლიქტები

ინალ არძინბა: „მხარს ვუჭერთ სპეციალური სამხედრო ოპერაციას, საერთაშორისო ურთიერთობებში სამართლიანობას ვემხრობით და ვლადიმერ პუტინის მხარეს ვართ!”

ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა ქ. სოჭში მიმდინარე მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიაზე სახელწოდებით “რუსეთი ახალ საერთაშორისო პირობებში: ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების შესაძლებლობები”. მის სიტყვებს დამსწრეთა მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ინალ არძინბასთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ინალ არძინბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთს საქართველოსთან ომი არ სურს, თუმცა უკრაინელების მხარეს მებრძოლი ქართველი რადიკალების დაბრუნების შემთხვევაში ყველა სცენარია შესაძლებელი. „რეგულარულად ვიღებთ სხვადასხვა სიგნალებს, უპირველესად, ქართული მხრიდან. აფხაზეთის საკითხზე განცხადებებს უკრაინის ხელისუფლებაც ხშირად აკეთებს. ახლახან ზელენსკიმ მოუწოდა საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რაც, ფაქტობრივად მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ“, - აღნიშნა მან. დე ფაქტო მინისტრმა ხაზი გაუსვა აფხაზეთის განწყობას ნორმალური ურთიერთობებისთვის, მშვიდობისა და განვითარებისთვის და აქვე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთთან, როგორც აფხაზეთის უსაფრთხოების უმთავრეს გარანტორთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზეთი საკუთარ მომავალს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში ხედავს. „დღეს ჩვენს ერთ-ერთი მთავარ ამოცანას ბელარუსული პროექტი წარმოადგენს. მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, მოხდა სახელმწიფოთა მეთაურების ვიზიტების გაცვლა. კარგად გვესმის, რომ სამოკავშირეო სახელმწიფოში მიმავალი გზა საკმაოდ გრძელი, საგნობრივი და რთულია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პოზიციის მომხრეა. რაც შეეხება ბელარუსს, ნიადაგს ვამზადებთ.“ - დასძინა არძინბამ.

"მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი" 1-7 მარტს რუსეთში, ქალაქ სოჭის მიმდებარედ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შექმნილ დასახლება სირიუსში ტარდება.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რუსეთის ნოტის გასაჯაროებას კვლავ ითხოვენ

ჯერ კიდევ 15 თებერვალს დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ოპოზიციიდან, ერიკ რშტუნმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა და მოითხოვა იმ ნოტის გასაჯაროება, რომლითაც რუსეთმა ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. თავად ინალ არძინბას უწყება ირწმუნება, რომ საპასუხო წერილი პარლამენტს 1 მარტს გაუგზავნა, თუმცა მის შინაარსზე არ საუბრობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტის მიღების თაობაზე ინფორმაცია თებერვალში პირველად „ეხო კავკაზა“-ს ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ გაავრცელა. შემდეგ ეს ინფორმაცია ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაადასტურეს და განაცხადეს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა მათ ხელს აღმოჩნდა. მათივე თქმით, რუსული მხარე სოხუმისგან მოითხოვს, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია, ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებული რომელი დოკუმენტით ხელმძღვანელობს - იმ დებულებებით, რომლებიც თავად შეთანხმებიდან გამომდინარეობს, თუ იმ საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც მის რატიფიცირებამდე იქნა მიღებული. თავდაპირველად ინალ არძინბამ ნოტის არსებობის ფაქტი უარყო, თუმცა ოპოზიციის განცხადებების შემდეგ დაადასტურა.

2023 წლის 27 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებამდე, ტექსტს დაემატა პუნქტი, რომლითაც სოხუმის თანხმობის გარეშე ობიექტის მესამე პირზე გადაცემა აიკრძალა. გარდა ამისა, დე ფაქტო პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონში“, რომელთა საფუძველზე აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუცია საერთაშორისო სამართალზე მაღლა დადგა და განისაზღვრა საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა დენონსაციის გზით.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა სოხუმში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებზე კომენტარი გააკეთა

UNICEF-ის წარმომადგენელმა ამინა ზანთარიამ საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი კომენტარი, რომელიც აფხაზეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს ეხება. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოებისა და სამედიცინო, საგანმანათლებლო და სოციალური დაწესებულებისთვის დიდი რაოდენობით აღჭურვილობის მიწოდების გარდა, უკვე წლებია საერთაშორისო დაფინანსებით მიმდინარეობს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრებისა და სოციალური სამსახურების მხარდაჭერა, თანამშრომლების ანაზღაურების უზრუნველყოფის ჩათვლით. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს მცირე ბიზნესის განვითარებაში, ხელს უწყობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებენ სხვა ინიციატივებს მოწყვლადი მოსახლეობის სასარგებლოდ.

„ჩამოთვლილი პროექტები მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მოცულობა ამაზე გაცილებით უფრო დიდია“, - აცხადებს ამინა ზანთარია და საკუთარ სიტყვებს განხორციელებული სამუშაოების ამსახველი ფოტოებით ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივ პალატასთან გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო დაფინანსებით აფხაზეთში არაფერი „ღირებული“ არ კეთდება.

აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია სტამბოლს ეწვია

ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია პალატის პრეზიდენტის, თამილა მერცხულავას ხელმძღვანელობით ქალაქ სტამბოლს ეწვია, სადაც კავკასიურ კულტურათა შეხვედრა-გამოფენაში მონაწილეობა მიიღო. ამავე ინფორმაციით, გამოფენის ყველაზე დიდი პავილიონი აფხაზებს დაეთმო, ხოლო მის უკან „სახელმწიფო“ დროშისა და სიმბოლიკის ამსახველი ბანერები განთავსდა. აფხაზურ პავილიონს ბევრი მნახველი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ სტამბულის გუბერნატორის მოადგილე ნაილ ანლარი, საქალაქო ასამბლეის დეპუტატი ფეთჰი აჩიკელი, საქარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს ხელმძღვანელი ერდემ ერჯან ამიჩბა და სხვები. ამასთან, გაიმართა თამილა მერცხულავას შეხვედრა საქარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს ხელმძღვანელთან ერდემ ერჯან ამიჩბასთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა აფხაზეთში ამ უკანასკნელის ვიზიტის შესაძლებლობა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადების თანახმად, აფხაზური პავილიონის გვერდით განთავსებული იყო ქართული პავილიონი. „ქართველები მშვიდად იქცეოდნენ, თუმცა ეტყობოდათ, რომ აფხაზური პავილიონის სტუმრებისა და მხარდამჭერების რაოდენობა აღიზიანებთ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მათი დუმილი დროებითი იყო. მათ შესჩივლეს კონსულს, იმან თავის მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და საბოლოოდ მოვიდა ბრძანება აფხაზური ბანერებისა და სიმბოლიკის აღების თაობაზე. ამის შემდეგ გამოფენის სხვა მონაწილეებმა განაცხადეს „ეს თუ მოხდება ჩვენს პავილიონებს დავშლით და წავალთ“. ასეთ ერთსულოვნებას არავინ, მათ შორის არც თავად აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ელოდა. მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული წარმატება საზღვარგარეთ ჩვენი იმიჯის ხელშეწყობის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S