Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 7-10 მარტი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 7-10 მარტი

12/03/2024 07:51:10 კონფლიქტები

აფხაზეთის მხარდასაჭერად ევროკავშირმა დაახლოებით 180 მლნ ევრო დახარჯა

"15 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან პროგრამებს აფინანსებს", – ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა გამოცემა JAM news-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამები მხარს უჭერს ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სხვა სფეროებს, ასევე ხორციელდებოდა რიგი პროექტები უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოსაძებნად და ასაფეთქებელი მოწყობილობების გასანეიტრალებლად უვნებელსაყოფად. „2008 წლიდან სულ დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაიხარჯა მხარდაჭერის პროგრამებზე, ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და დიალოგზე. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება ასევე აღვნიშნო დამატებითი თანხა – დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა სესხებისა და გრანტების სახით გასცა ენგურჰესის რეაბილიტაცია/მოდერნიზაციაზე. ამის გარეშე დღეს აფხაზეთში შუქი არ იქნებოდა. სხვათაშორის, სესხებს იხდის ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობა, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად უჭერს მხარს აფხაზეთის ენერგომომარაგებას“, - აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ტოივო კლაარი აფხაზეთში მისი არშეშვების საკითხსაც შეეხო. „მინდოდა, საჯაროდ მესაუბრა აფხაზეთში წვდომის სირთულეებზე, რომლებიც ახლახან შემექმნა (ეს არ იყო დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ვიზიტებთან)... მე მესმის სიტუაციის სირთულე, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ურთიერთქმედების სივრცის შემცირება ან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების საქმიანობის – და, შესაბამისად, აფხაზეთში შემოდინებული დახმარების – შეზღუდვა მხოლოდ გაამწვავებს პრობლემებს“, - განაცხადა მან.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას მოჰყვა მყისიერი რეაგირება სოხუმის მხრიდან. „ საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ გაავრცელა კომენტარი, რომელშიც აღნიშნა, რომ აფხაზეთში ტოივო კლაარის ვიზიტი შეფასდა როგორც „არასასურველი“, ვინაიდან მიზნად „ადგილობრივი პარტნიორებისთვის“ დამატებითი დახმარების აღმოჩენას ისახავდა. „ბატონმა კლაარმა უნდა იცოდეს, რომ აფხაზეთში ელოდებიან ახსნა-განმარტებას ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი 80 მილიონის დანიშნულებისა და ადრესატების თაობაზე, ასევე ის, რომ მას აფხაზეთში მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის რანგში მიიღებენ“, - ნათქვამია კომენტარში.

ტოივო კლაარის განცხადებას გალის „ადმინისტრაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ნადარაიაც გამოეხმაურა. „ეს ყველაფერი სტრატეგიული მოთმინების მიდგომის ფარგლებში კეთდება. მაგალითად გალში ყველა ხვდება, რომ ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება აგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, გვახსოვხართ და დაგველოდეთო... რამდენჯერ ვთხოვე ტოივოს და სხვებს, გალის საავადმყოფო მოეწესრიგებინათ და თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა შემოეტანათ. ვერაფრით დავითანხმე. მათ რუხში ააშენეს საავადმყოფო იმისთვის, რომ ყველამ საქართველოში იაროს სამკურნალოდ. ყველაფერი პოლიტიკაა, ნაძირალები არიან“, - დაწერა თემურ ნადარაიამ საკუთარ სოცქსელში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამის პასუხით უკმაყოფილო დარჩა

29 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელს ვარდონ ჰოკას შეხვდა. ინალ არძინბამ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის ყურადღება გაამახვილა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია UNDP-ის დაფინანსების მიზნები და ამოცანები, კერძოდ: „აფხაზეთის დეოკუპაცია“ და „კრემლის მავნე გავლენებთან ბრძოლა“. ე.წ. მინისტრმა UNDP-ისგან მოითხოვა, არა უგვიანეს 7 მარტის 18:00 საათისა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე უარყოს USAID-ის დაფინანსებული პროექტების მიზნები, ასევე გამოაქვეყნოს UNDP-ის მიერ დაფინანსებული აფხაზური საინფორმაციო რესურსების სია, დაფინანსების მიზნები, ამოცანები და მოცულობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 7 მარტს, UNDP-ის ოფისმა სოხუმში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ სხვა ორგანიზაციის თუ სააგენტოს ოფიციალურ ვერ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს. ამასთან, მან დაადასტურა, რომ UNDP-ის პროგრამული საქმიანობა სრულ თანხვედრაშია ორგანიზაციის მანდატთან, რომელიც მიმართულია გაეროს წესდებაში ასახული მიზნების მიღწევისკენ, ასევე მდგრადი მსოფლიოს შენებისთვის დასახული ამოცანების შესრულებისკენ.

რაც შეეხება USAID-ის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამას „პარტნიორობა მდგრადობისთვის“, UNDP აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და მიზნად ისახავს ადამიანური უსაფრთხოებისა და ადგილობრივი საზოგადოების მედეგობის ხელშეწყობას საბაზისო სოციალურ მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის, სამეწარმეო საქმიანობაში ქალთა გაძლიერების, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და სამოქალაქო საზოგადოების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ცენტრების შესაძლებლობების გაღრმავების გზით.

UNDP-ის ამ განცხადებას დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან რიგი უკმაყოფილო კომენტარები მოჰყვა. „საგარეო უწყებამ“ აღნიშნა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მიზნების უარყოფას UNDP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ელოდა. მან ყურადღება ასევე გაამახვილა UNDP-ის განცხადებაში გამოყენებულ ტერმინ „საზოგადოებაზე“ და განაცხადა, რომ აფხაზეთი - „სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. გარდა ამისა, უწყება მიიჩნევს, რომ UNDP-მ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო რესურსების სიის გამოქვეყნების თაობაზე და დაუყოვნებლივ ითხოვს მათი დაფინანსების შეწყვეტას.

მოგვიანებით დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი განცხადების შემდეგ USAID-ის ოფიციალურ გვერდზე ასახული ტექსტი შეიცვალა, კერძოდ, მასში აღარ არის გამოყენებული ისეთი ფორმულირებები, როგორც „ოკუპირებული ტერიტორიები“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“ და „კრემლის მავნე გავლენებთან ბრძოლა“. „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს მანიპულაციებს აფასებს, როგორც იმ ჭეშმარიტი ამოცანების დაფარვის მცდელობას, რომლებსაც ამერიკული სტრუქტურები აფხაზეთში გაეროს განვითარების პროგრამის წინაშე აყენებენ“, - ნათქვამია განცხადებაში. მეტიც, დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაქვეყნა UNDP-ის ვებ-გვერდის განცხადებების სკრინშოტები, რომლებშიც აფხაზეთი საქართველოს ნაწილად არის მოხსენიებული, და UNDP-ის საიტის აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის“ პრინციპთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვა.

USAID-სა და UNDP-სთან ერთად, დე ფაქტო ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ობიექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც გახდა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც მიმდებარე ზონებში მოგზაურობას კატეგორიულად არ ურჩევს და უსაფრთხოების კუთხით არსებული რისკების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაში “ტერორიზმის” კატეგორიაშია აღნიშნული. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული მხარის გაფრთხილებას მანიპულაცია უწოდა. „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამგვარ პუბლიკაციებს რესპუბლიკის აგრესიული იზოლაციის მცდელობად აფასებს, რომელიც პასუხად მოჰყვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნას.” - ხაზგასმულია მის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში. ამასთან, ინალ არძინბას უწყება მოსახლეობის ყურადღებას ამახვილებს ბერგჰოფის ფონდის პროექტებზე, რომლებსაც სწორედ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს, და მასთან ნებისმიერი კომუნიკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რიბერტ კიუტმა უარყო ინფორმაცია ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან მოლაპარაკებების შესახებ

რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ დავით ხიდაშელი არასდროს არ უნახავს, ხოლო გიორგი ვოლსკის შესახებ მხოლოდ მას-მედიის საშუალებებიდან იცის. დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია [რკინიგზის აღდგენაზე] აბსურდულია იმის გათვალისწინებითაც, რომ რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის. „არანაირი მოლაპარაკებები არ მიწარმოებია, მითუმეტეს მათთან”, - განაცხადა რობერტ კიუტმა.

აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ხელმძღვანელმა თემურ ახიბამ დე ფაქტო პრეზიდენტს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

შეხვედრაზე დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში შექმნილი „ოპერატიული“ მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყების საქმიანობა ძირითადად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ისევე როგორც „კონსტიტუციური“ წესრიგის უზრუნველსაყოფად, კორუფციული გარიგებებისა და ეკონომიკური დანაშაულის აღმოსაფხვრელად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დივერსიულ-ტერორისტული აქტების აღსაკვეთად. ამასთან, განხილულ იქნა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან თანამშრომლობის საკითხები.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება „პოლიტიკურ ექსტრემიზმსა და მტრული სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე გამახვილდა.

თავის მხრივ, დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხაზგასმით აღნიშნა ოპერატიული და ანალიტიკური მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების, „სახელმწიფო“ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვის, ასევე „ეროვნული“ ინტერესების გატარებისა და აფხაზეთის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ სტეციუკს შეხვდა

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ასევე „ორმხრივი“ ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დნესტრისპირეთში არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით „მოლდოვის მხრიდან პოლიტიკურ-დიპლომატიური ზეწოლის“ კონტექსტში.

შეხვედრის მონაწილეებმა შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, „სამოკავშირეო და მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S