
"აფხაზეთთან ვაჭრობაზე არაა საუბარი" – პარლამენტში კონფლიქტებთან დაკავშირებით დახურული სხდომა გაიმართა
15/03/2024 14:11:33 კონფლიქტები, პოლიტიკა
პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა.
სხდომა იმიტომ იყო დახურული, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ აქტივობას აწარმოებენ და არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ეს თემა ისე იყოს განხილული, როგორც, სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს ახასიათებს, რომ „იქ რაღაც პროცესი მიდის”, რათა არ შეეშალოს ხელი იმ კეთილ წამოწყებას, რომელიც ამ კანონპროექტებშია გათვალისწინებული”,- თქვა ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, კომიტეტზე საუბარი იყო ომით გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენელთა ურთიერთობებზე, ასევე ნდობის აღდგენის მიზნით სახალხო დიპლომატიაზე.
„ვაჭრობაზე არაა საუბარი, მით უმეტეს აფხაზეთთან ვაჭრობაზე. საუბარია კანონის პაკეტის რეალიზებაზე, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ომით გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენელთა ურთიერთობები, ნდობის აღდგენის მიზნით სახალხო დიპლომატია; გარკვეული ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობა და პერსპექტივები. საუბარია ადამიანებს შორის ურთიერთობებზე. მშვიდობის ფონდს ახლახან კანონით უფლება მიეცა პერსონალური სუბიექტის გარდა დააფინანსოს ბიზნეს სუბიექტი, თუ ასეთი შეიქმნება. მისასალმებელია, რომ ასეთი კარგი კანონპროექტი არსებობს. მომავალში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა",– თქვა ვოლსკიმ.
იხილეთ ასევე: კონფლიქტებზე საუბარი კაფეში: რა დგას ამ პრივატული, თუმცა საჯარო შეხვედრის უკან