
სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს მოაწერს ხელს
15/03/2024 16:53:55 კავკასია
სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს ამუშავებს, რომლის ხელმოწერაც ივლისში იგეგმება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ოვანისიანმა განაცხადა,– წერს Armenpres.
მისი თქმით, ახლა მუშავდება თანამშრომლობის ახალი სფეროები და ახალი პროგრამები, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ფაქტების დამდგენი მისიის შედეგად გამოიკვეთა.
ასევე, მინისტრის მოადგილის თქმით, ხორციელდება სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება.
„ახლა, ამ ორ პროცესთან და ჩვენი პოლიტიკური დაახლოების გამოხატულებასთან ერთად, მუშავდება ახალი დოკუმენტი, მათგან რამდენიმე საკითხი განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოში და სხვა სამუშაო დონეზე. ჩვენ ველოდებით, რომ მაისში მივიღებთ ახალ პროექტს, რომელიც, სავარაუდოდ, ივლისამდე იქნება მიღებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს სთავაზობს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის განხილვას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია სომხეთში განხილვის საგანი უნდა გახდეს.