Accentnews.ge
ტოივო კლაარი: "მოსახლეობას უნდა მიეცეს მეტი შესაძლებლობა გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის"

ტოივო კლაარი: "მოსახლეობას უნდა მიეცეს მეტი შესაძლებლობა გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის"

16/03/2024 07:11:33 კონფლიქტები

15 მარტს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. მათ დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი შეხვდა.

როგორც ოსური გამოცემა "რეს"-ი იუწყება, "ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს მეტი შესაძლებლობა გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის".

"აფხაზეთში ჩვენ მივაღწიეთ იმდენივე გადაკვეთის პუნქტების რაოდენობას, რამდენიც პანდემიის გავრცელებამდე იყო. აქ, სამხრეთ ოსეთში, ჩვენ გვინდა, ვიხილოთ მსგავსი სურათი, რათა ხალხისთვის საზღვრების გადაკვეთა გაადვილდეს", - განაცხადა, "რეს"–ის ცნობით, კლაარმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხიც განიხილეს.

"აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და ახლობლებისთვის პასუხის გაცემა მათი ნათესავების ბედზე. ჩვენ სრულად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გვსურს, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამოსავლის მოსაძებნად", - დასძინა კლაარმა.

თავის მხრივ, კოჩიევმა აღნიშნა, რომ "ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს".

"ჩვენ ვადასტურებთ შეფასებებს ჟენევის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და აღვნიშნავთ მის როლს არსებული უსაფრთხოების სტრუქტურის გაძლიერებაში. ჟენევის პროცესის გამოცდილება აჩვენებს, რომ მონაწილე მხარეებს შეუძლიათ საკამათო საკითხების გადაწყვეტილებების პოვნა. თავად ის ფაქტი, რომ პროცესი არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს უკვე 15 წელია, გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ გარკვეული სტაბილურობა რეგიონში, რაც უკვე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ელემენტად ამიერკავკასიაში უსაფრთხოების სტაბილურობისადმი ნდობის განმტკიცებისთვის

მანვე დასძინა, რომ "სამხრეთ ოსეთში შეუმჩნეველი არ რჩება საგარეო პოლიტიკური მოღვაწეების მოწოდება თბილისისადმი მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე":

"ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც შეშფოთებით საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ საზღვარზე სტაბილურობაა, ამ დროისთვის არ არსებობს მინიშნებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო მოქმედებების დაწყება სურს. თუმცა, ჩვენ ვამჩნევთ საქართველოსა და უცხოელ პარტნიორებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას, რაც ზრდის უსაფრთხოების არსებულ რისკებს".

ორი დღით ადრე, 13 მარტს ჟენევის დისკუსიის თანამთავმჯდომარე ტოივო კლაარი ოკუპირებულ სოხუმს ესტუმრა.

ოუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "13 მარტს მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბამ შეხვედრა გამართა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან - ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაეროს წარმომადგენელთან) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთოს წარმომადგენელი). შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის დღის წესრიგის განხილვა იყო, შეხვედრა 4-5 აპრილს გაიმართება".

"საუბრისას ხაზი გაესვა, რომ აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების მუშაობის ძირითად ასპექტად რჩება საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი. კონსულტაციების დროს მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების საკითხებზე და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ სოხუმში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს ჟენევის დისკუსიების „სხვა ადგილას“ გადატანას. საუბარია, კერძოდ, მინსკზე ან ბაქოზე. თბილისმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში პროგრესის მისაღწევად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S