
აფხაზეთში ეძებენ „ჯაშუშს“, რომელმაც ოფიციალური მოსკოვის საპროტესტო ნოტა განასაჯაროვა
15/03/2024 11:14:23 კონფლიქტები
სოხუმში კვლავ აფეთქდა პოლიტიკური ბომბი სახელად „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი“. საქმე ამჯერად ეხება „რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას“ რუსეთის საკუთრებაში ბიჭვინთის იმ ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის თაობაზე, რომელშიც თავის დროზე სსრკ-ის პარტიული ხელმძღვანელები ისვენებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1993 წელს, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, აფხაზეთის იმჟამინდელმა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ ბიჭვინთის აგარაკის ტერიტორია რუსეთს ომში დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად გადასცა. 2008 წელს აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ კი მოსკოვმა ამ ობიექტზე საკუთრების უფლების იურიდიულად გაფორმების საკითხის დაყენება დაიწყო.
აქ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ობიექტზე საუბრისას იგულისხმება მთელი კომპლექსი, რომელიც ნაკრძალის 180 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გაშლილი და საზღვაო აკვატორიის მნიშვნელოვან ნაწილსაც მოიცავს.
სოხუმში დიდხანს აჭიანურებდნენ, რათა საუკეთესო მიწების ამ მნიშვნელოვან ნაწილზე აფხაზური „იურისდიქციის“ დაკარგვა თავიდან აეცილებინათ, მაგრამ 2022 წლის შემდეგ რუსეთმა უპრეცედენტო ზეწოლას მიმართა.
საქმე იმაშია, რომ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რუსეთისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ვრცელდება მოსკოვის აბსოლუტური იურისდიქცია – იქ თავისუფლად აფხაზეთის ვერც ერთი მკვიდრი ვეღარ შედგამს ფეხს. უხეშად რომ ვთქვათ, ბიჭვინთის აგარაკზე მოსახვედრად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საშვი დე-ფაქტო პრეზიდენტმაც კი უნდა ითხოვოს - არათუ რიგითმა მოქალაქემ, რომელიც ვეღარც მიმდებარე სანაპიროზე შეაღწევს.
ასლან ბჟანიამ ამ შეთანხმებას მოსკოვში ხშირი ვიზიტებიდან ერთ-ერთის დროს მოაწერა ხელი და სცადა, საზოგადოებისთვის ეს ფაქტი დაემალა. მაგრამ იმის გამო, რომ დოკუმენტი „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირებას მოითხოვდა, მისი დამალვა იმთავითვე შეუძებელი იყო.
შექმნილ, ერთი შეხედვით, პატურ სიტუაციაშია აფხაზურმა „ხელისუფლებამ“ საზოგადოებრივი რისხვის თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნების აღსასრულებლად მიმართა ხრიკს: დე-ფაქტო პარლამენტი გამთენიისას - დილის 04:00 სთ-ზე შეიკრიბა და უსწრაფესად მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება, ოღონდ გარკვეული დათქმებით.
კერძოდ, იმ დროისთვის რუსული მხარის მიერ უკვე ხელმოწერილი და რატიფიცირებული შეთანხმების აფხაზურ ვერსიაში შეიტანეს ორი ცვლილება: 1) ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვა და 2) რომელიმე მხარის მიერ პირობების დარღვევის შმთხვევაში შეთანხმების დენონსაციისა და სახელმწიფო აგარაკის აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნების შესაძლებლობა.
თუმცა ამ ხრიკმა ვერ იმუშავა. რუსეთის საგარეო უწყებამ სოხუმში ნოტა გაგზავნა, რომლითაც რატიფიცირებული შეთანხმების აფხაზური ვერსიის მოსკოვში ხელმოწერილ თავდაპირველ დოკუმენტთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, მოსკოვის მიერ ობიექტის მესამე პირთათვის გადაცემაზე აკრძალვის გაუქმება და შეთანხმების დენონსაციის შესაძლებლობის შესახებ პუნქტის ამოღება მოითხოვა.
ნოტა სოხუმში ჯერ კიდევ თებერვალში მიიღეს და მასაც საზოგადოებას გულდასმით უმალავდნენ. მაგრამ პატარა აფხაზეთში ხმები ელვის სისწრაფით ვრცელდება - და უკვე ერთ კვირაში ყველამ იცოდა მისი არსებობის შესახებ, კიდევ მოგვიანებით კი - დოკუმენტის შინაარსიც.
თავიდან „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა ნოტის მიღებას უარყოფდა, თუმცა შემდეგ იძულებული შეიქმნა, ეს ფაქტი დაედასტურებინა. ამავდროულად, პროტესტების მიუხედავად, მან საზოგადოებას ნოტის შინაარსი არა და არ გააცნო, რამაც ხალხში ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. ორიოდ დღის წინ კი ვიღაც თავზეხელაღებულმა სოცმედიაში დოკუმენტის ასლი გამოაქვეყნა, რამაც საზოგადოებაში მღელვარების ახალი ტალღა გამოიწვია.
ამის შემდეგ ე.წ. მინისტრმა, როგორც იქნა, დუმილი დაარღვია. თუმცა გაირკვა, რომ მისთვის მთავარი სატკივარი არა პრობლემის არსია, რომელიც აფხაზეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკზე იურისდიქციის დაკარგვაში მდგომარეობს, არამედ ნოტის ტექსტის გაჟონვა.
„ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაა! რამდენად შეესაბამება დიპლომატიურ ეტიკეტს, დიპლომატიურ პრაქტიკას სახელმწიფოთაშორისი მიმოწერის პუბლიკაცია? - მსურს, ეს საკითხი განვიხილო ადამიანთან, რომელიც გამოვა და ვინაიბას დაასახელებს. თუ ის თვლის, რომ სწორად მოიქცა, ძალიან ვთხოვ, ვინაობა გაამხილოს“ - აღნიშნა არძინბამ.
ანუ, სახელმწიფო რეიდერობის ფაქტი ნორმალურია, მთავარი პრობლემა კი თურმე, იმ „ჯაშუშის“ დადგენაა, რომელმაც რუსულ-აფხაზური ვითომდა თანასწორი სამოკავშირეო ურთიერთობების რეალურ - ძალზე არასახარბიელო სურათს ახადა ფარდა.
გარდა ამისა, არძინბას თქმით, ნოტის მიღების შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უკვე შეათანხმა საპასუხო ნოტის წინასწარი ვარიანტი და ეს უკანასკნელი „საგნობრივია და გასაგები“.
უცნაური სიტუაცია იქმნება, არა? წინასწარი - არა საბოლოო პასუხის მომზადებასაც კი მთელი თვე დასჭირდა! ამდენს ალოდინებენ ერთმანეთს ნამდვილი მეგობრები?!
ძნელად პროგნოზირებადია, როგორ განვითარდება სიტუაცია სამომავლოდ და შეძლებს თუ არა სოხუმი ამჯერად, კრემლელ საძმოს მძლავრი მკლავებიდან დაუსხლტეს. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი პრეცედენტული იქნება: თუ მოსკოვი მაინც შეძლებს სოხუმის დაჩოქებას ამ და აფხაზური საზოგადოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვან რიგ სხვა (აპარტამენტების, უცხოეთის აგენტების, ცილისწამების შესახებ კანონპროექტები და სხვა) საკითხებში, ისღა დაგვრჩება, სინანულით ვაღიაროთ, რომ აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიის პროცესმა საშიში კონკრეტული კონტურები შეიძინა.
რაჟდენ ქაჯაია