Accentnews.ge
ჟუროვი: პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალში ხმების 97% მიიღო

ჟუროვი: პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალში ხმების 97% მიიღო

18/03/2024 08:36:28 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონში, ცხინვალში რუსეთის მოქალაქეების 97%-მა ხმა ვლადიმირ პუტინს მისცა, – განუცხადა სააგენტო Res-ს რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ჟუროვმა.

მისი თქმით, 12 უბანზე, საელჩოს წინასწარი მონაცემებით, ხმა 17 ათასამდე ამომრჩეველმა მისცა. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა და "ახალი ხალხის" კანდიდატმა ვლადისლავ დავანკოვმა 1%–1% მიიღეს, "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის კანდიდატმა ლეონიდ სლუცკიმ - 0,7%.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. მისი თქმით, „პუტინის ლიდერობამ და მმართველობამ შესაძლებელი გახადა უზარმაზარი ნახტომი ქვეყნის განვითარებაში და რუსეთის პოზიციის შთამბეჭდავი გაძლიერება მსოფლიოში“.

„თქვენი დაუღალავი შრომა ეკონომიკის განვითარების, უმუშევრობის შემცირებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, აღფრთოვანებასა და აღიარებას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი სწორი არჩევანი, რისი წყალობითაც ქვეყანა გააგრძელებს მიზნის მისაღწევად სვლას და კიდევ უფრო ძლიერი, წარმატებული და აყვავებული გახდება“, - ნათქვამია მილოცვაში.

გაგლოევმა გამოთქვა რწმენა, რომ "ტრადიციულად კარგი და სანდო ურთიერთობები ორ ძმურ ხალხს შორის, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, გააგრძელებს გაძლიერებას და აქტიურ განვითარებას რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ყველა მაცხოვრებლის სასარგებლოდ".

მანამდე, რუსეთის ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის იულია ნავალნაიამ, ისევე როგორც დასავლელმა პოლიტიკოსებმა, მოითხოვეს, პუტინი ოფიციალურად არ აღიარონ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიმდინარე წლის მაისში მისი მეოთხე ვადის ამოწურვის შემდეგ. მათ განსაკუთრებით ისაუბრეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კენჭისყრის ჩატარებაზე, სადაც პუტინმა, ოფიციალური მონაცემებით, მილიონი ხმა მიიღო. დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ცნობდნენ კენჭისყრას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S