Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-13 მარტი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-13 მარტი

18/03/2024 09:51:47 კონფლიქტები

სოციალურ ქსელში გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რუსეთის მიერ გაგზავნილი ნოტა

ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული საპროტესტო ნოტა ადგილობრივმა ტელეგრამ-არხმა „აფხაზური პორტალი“ გაავრცელა.

ნოტის შინაარსიდან იკვეთება, რომ რუსეთი უკმაყოფილოა დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აგარაკის მესამე პირისთვის გადაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით (ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი „ხელშეკრულების“ რატიფიცირებისას დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო „კონსტიტუციური კანონი“, რომლის თანახმად „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ობიექტების მესამე პირზე გადაცემა აიკრძალა, ხოლო ამ მუხლის შეუსრულებლობა შეთანხმების დენონსაციას და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას იწვევს). ნოტაში ხაზგასმულია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მხარეებს შორის შეთანხმებულ ნორმებს ეწინააღმდეგება. „ეს დებულებები ეწინააღმდეგება ხელშეკრულების 26-ე მუხლს, რომლის თანახმად, მისი მოქმედების შეწყვეტა "არ გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის მიერ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ობიექტზე, მათ შორის ყველა მოძრავ და უძრავ ქონებაზე შეძენილი საკუთრების უფლების შეწყვეტას“, - ნათქვამია რუსული მხარის ნოტაში. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ აფხაზეთის „კონსტიტუციური კანონის“ დებულება შეთანხმების დენონსაციის თაობაზე წინააღმდეგობაში მოდის იმავე 26-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება „იდება 49 წლით და ავტომატურად გრძელდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს წერილობით, საწყისი ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე მისი შეწყვეტის განზრახვის თაობაზე“. შესაბამისად, მოსკოვის მტკიცებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად ხელშეკრულების მოქმედება წყდება „მასში გათვალისწინებული წესით“ და მისი დენონსირება დროის სხვა მონაკვეთში „ხელშეკრულების“ დარღვევას წარმოადგენს. რუსულმა მხარემ სოხუმისგან მოითხოვა, დაადასტუროს საკუთარი ვალდებულების ერთგულება და კეთილსინდისიერად შეასრულოს შეთანხმების ყველა დებულება გამონაკლისის გარეშე, „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე“.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერთან, ვიცე-სპიკერებთან და დეპუტატებთან, სადაც განხილულ იქნა აგარაკის მესამე პირზე გადაცემის აკრძალვის გაუქმების შესაძლებლობა, თუმცა თავად „დეპუტატებმა“ ამას დეზინფორმაცია უწოდეს. თავის მხრივ, „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ განაცხადა, რომ უკვე შექმნილია „ოფიციალური“ სტრუქტურების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპასუხო ნოტის ტექსტზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია რუსეთის მიერ საპროტესტო ნოტის გამოგზავნის თაობაზე ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში გავრცელდა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ მისი არსებობის ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ამის შესახებ ადგილობრივმა ოპოზიციამ განაცხადა. ოპოზიციურმა პარტიებმა მიღებული ნოტის გასაჯაროება მოითხოვეს და შესაბამისი წერილით დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ასლან ბჟანია მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ვლადიმირ პუტინს მისცეს

სოხუმში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობების განხილვას მიეძღვნა. ფორუმში მონაწილეობა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთთან „სტრატეგიულ ურთიერთობებზე“ ისაუბრა. „იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, უნდა გავამყაროთ კავშირები რუსეთთან. რუსეთის ფედერაციის ხალხთან ალიანსით ჩვენ შევძლებთ ერთობლივად დავუპირისპირდეთ საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებს“, - განაცხადა მან. გარდა ამისა, ასლან ბჯანიამ მოუწოდა ყველას, ვისაც რუსული პასპორტი გააჩნია, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და ხმა მისცენ ვლადიმირ პუტინს. მისი თქმით, მოსახლეობის ეს არჩევანი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თავად აფხაზეთის მომავალზე მოახდენს გავლენას. „ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ, ვინც ჩვენთან ერთად დაიღუპა, მხარი დაგვიჭირა და ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის განვითარებაში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობა, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა. რა თქმა უნდა, საუბარია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი და სუვერენული აფხაზეთის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში", - დასძინა მან.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები აფხაზეთს ეწვივნენ

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ტოივო კლაართან (ევროკავშირი), ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაერო) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთო). შეხვედრის მთავარ მიზანს 4-5 აპრილს დაგეგმილი მე-60 რაუნდის დღის წესრიგის განხილვა წარმოადგენდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმისთვის ჟენევის მოლაპარაკებების მუშაობის ძირითად საკითხად საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა რჩება. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლებასა და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე,

აღსანიშნავია, რომ ტოივო კლაარს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში აფხაზეთში შესვლაზე უარი ორჯერ ეთქვა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტების თანახმად, მას აფხაზეთში მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის სტატუსით მიიღებენ.

აფხაზეთში წყლის ფრინველების გარდა დელფინებიც მასობრივად იხოცებიან

ადგილობრივ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ზღვის სანაპიროზე მიმოფანტული მკვდარი დელფინების ვიდეო მასალა. მომხმარებლები ამ ფაქტს თურქულ სეინერზე მეზღვაურების მოწამვლისა და გარდაცვალების შემთხვევას უკავშირებენ. კერძოდ, ამ შემთხვევის შემდეგ მოხდა სეინერების გასუფთავება, ხოლო სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ზღვაში ჩაიღვარა, რის გამოც აფხაზეთში წყლის ფრინველები და დელფინები იხოცებიან.

კიდევ ერთ ვერსიად განიხილება უკანონო თევზჭერა, რა დროსაც დელფინი ბადეში ეხვევა და იღუპება. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ პერიოდში თავზჭერის ნებართვის გაცემის გამარტივების გამო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, და კომპლექსური ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. „რომელი ორგანოა აფხაზეთში პასუხისმგებელი სეინერების საქმიანობის მონიტორინგზე? დიდი ალბათობით ასეთი ორგანიზაცია არსებობს, თან არა ერთი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი თანამშრომლები რეგულარულად იღებენ ხელფასებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პერიოდულად გასცემენ ნებართვას დოკუმენტების შესაბამისად შეზღუდულ, მაგრამ რეალობაში უკონტროლო თევზჭერაზე სანაპიროსთან ახლოს, რაც რეგულაციების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“. - ნათქვამია ერთ-ერთ ტელეგრამ-პოსტში.

დელფინების დახოცვის შემთხვევით დე ფაქტო გარემოსდაცვითი პროკურატურაც დაინტერესდა და გამოძიება დაიწყო. თავის მხრივ, „ეკოლოგიის კომიტეტის“ თავმჯდომარე საველი ჭითანავა მიიჩნევს, რომ დელფინების დაღუპვა თევზსაჭერმა ბადემ გამოიწვია, რაც მათ სხეულებზე შესაბამისი დაზიანებებიც მოწმობს.

რაც შეეხება წყლის ფრინველებს, დე ფაქტი ვეტერინარული სამსახურის განცხადებით, აღებულ ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მათი მასობრივი დაღუპვის მიზეზი ე.წ. ფრინველის გრიპი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტების შემოწმების შემდეგ მიღებული იქნება „კანონმდებლობით“ გათვალისწინებული ზომები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S