
ერგნეთში მორიგი შეხვედრა იმართება: განვიხილავთ, მათ შორის გინტურის მკვლელობის საქმეს, უკანონო "ბორდერიზაციისა" და პატიმრობაში მყოფი 6 ქართველის საკითხებს
20/03/2024 07:37:47 კონფლიქტები
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს . დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე, მათ შორის უკანონო „ბორდერიზაციისა" და უკანონო დაკავებების საკითხს დააყენებს.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ესენი გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები. უკანონო „ბორდერიზაციის“ კუთხით, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა სამი ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. ეს გახლდათ უკანონო ინსტალაციების - მავთულხლართების დამონტაჟებისა და განახლების პროცესი. ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ კნოლევსა და სოფელ ჩოლიბაურის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესი. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროცესი დაფიქსირდა სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ", - განუცხადა ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე.
რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ექვსი მოქალაქე.
„დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა", - განაცხადა ანთაძემ.
შეხვედრაზე ქართული მხარე, აგრეთვე, შეეცდება, გაარკვიოს, გასული წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის საქმის დეტალები.
„დადგება საკითხი, არის თუ არა აღძრული საქმე, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.