Accentnews.ge
DRI: გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულ ნომრიანი სატვირთოების მოძრაობა შეინიშნებოდა

DRI: გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულ ნომრიანი სატვირთოების მოძრაობა შეინიშნებოდა

21/03/2024 15:20:44 კონფლიქტები

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” (DRI) ცნობით, "გასულ კვირას გალის რეგიონში ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა".

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქართული ოცნება“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების პირველივე დღეებიდან თავის მთავარ დამსახურებად საქართველოს ამ ომში ჩაურთველობას ასახელებს. ამასთან, რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი პოლიტიკა, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტის მიმართ დაყვავების გარდა, მასთან აშკარა თანამშრომლობის ტენდენციასაც აჩვენებს. ეს უკანასკნელი საქართველოს მთავრობის და მმართველი პარტიის მიერ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზად არის გამოცხადებული და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უალტერნატივო პოლიტიკად წარმოჩენილი. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხებზე თავის ურთიერთობას და სავარაუდო კოორდინაციას რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან არ ასაჯაროებს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კი, მსგავსი გაუმჭვირვალობა ამყარებს ეჭვს საქართველოს და საერთაშორისო კონტროლის მიღმა მყოფი აფხაზეთის ტერიტორიების რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით შესაძლო გამოყენების შესახებ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას გალის რეგიონში ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა. მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ. გარდა ამისა, სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით საღამოს 7 საათის შემდეგ კვეთდნენ, მას შემდეგ, რაც რუსული და აფხაზური მხარის მიერ მოძრაობა ყველა სხვა მოსარგებლისთვის, უპირველეს ყოვლისა, გალის რეგიონის მაცხოვრებლების აკრძალულია. აფხაზეთის დე ფაქტო და რუსეთის უშიშროების სამსახურები ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჩხრეკენ იმის გამოსარიცხად, რომ მათ ამ სატვირთო მანქანების მოძრაობა ფოტო და ვიდეო მასალაზე არ აღუბეჭდავთ.

მოცემულ ვითარებაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან დავით ხიდაშელთან შეხვედრის და მათი საუბრის დეტალების ქართულ მედიაში გახმაურებამ, კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, თუ რა მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან თუ რუსეთის მიმართულებით ტვირთის მოძრაობაზე თვალის დახუჭვა. „ქართული ოცნების“ მესვეურებმა შეიძლება ეს ნეგატიური ტენდენცია რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდის გზით საქართველოს ეკონომიკის აღმავლობად, ანდა სულაც აფხაზეთის საქართველოში ინტეგრირების პოლიტიკად წარმოაჩინონ. თუმცა, საღი აზრი მოითხოვს იმის გათვალისწინებას, რამდენად მოწადინებულია რუსეთი და მით უფრო მისი სატელიტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელონ? ცხადია, აქ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა რუსეთთან თანამშრომლობისას მხოლოდ თავისი ვიწრო ინტერესებით ხელმძღვანელობს. ამ კონტექსტში, რიტორიკული კითხვა ჩნდება, რამდენად განსხვავდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მის მიერ რუსეთის მარიონეტულ რეჟიმად მონათლული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან?".

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა.

„ჯერ ერთი, ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია. მეორე, ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. როცა ამას აკეთებს კონკრეტული არასამტავრობო ორგანიზაცია, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, ეს არის, ასე თუ ისე, ქართული არასამტავრობო ორგანიზაცია. იმედი მაქვს, რომ ამ NGO-ს დონორები სათანადო პოზიციას გამოხატავენ ამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება სწორედ უცხოური დაფინანსების მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი შემდეგი განაცხადა:

„ვინც კი საქართველოს აბრალებს, რომ ის ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი. პირდაპირ დავარქვათ სახელი. ვინც კი აბრალებს საქართველოს, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, თან ეს ტყუილია, ის მტრობს საქართველოს. რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ის მტრობს საქართველოს".

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხელისუფლების განცხადებების პასუხად აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ცდილობს.

„ჩვენ ვსვამთ კითხვებს, გამოვთქვამთ ვარაუდებს, იყო საფუძველი, რომ დაგვესვა ასეთი კითხვები კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მეორე ის, რომ უკვე თვეების და წლების განმავლობაში ვცდილობთ გავავრცელოთ ობიექტური ინფორმაცია. მაგალითად, მარტში რამდენჯერმე გაიზარდა და ძალიან დიდი რაოდენობით ხდება რუსულნომრიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება გალის ტერიტორიაზე. მათ შორის, ჩვენი წყაროები ჰყვებიან, რომ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც გამშვებ პუნქტზე სამუშაო დროის დასრულების შემდეგ მოხდა ამ ავტომობილების გადაადგილება სამეგრელოს მიმართულებით და პირიქით... ხელისუფლებას სურს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია. როდესაც მათ არ აქვთ პასუხი, ცდილობენ კონტრშეტევას, დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის გამოყენებას", - თქვა უჩა ნანუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S