ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტო - 18-20 მარტი

22-03-2024 16:32:10 კონფლიქტები

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომელშიც მან ალიანსის ქვეყნების მხარდაჭერით საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების მნიშვნელობასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემაზე საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა გამოეხმაურა.

კერძოდ, ტუჟბამ განაცხადა, რომ უკვე მრავალი წერია ნატო-ს ქვეყნების დახმარებით საქართველოს სამხედრო პოტენციალი იზრდება. „ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს აქტიური მილიტარიზაცია იმ ქვეყნისა, სადაც რევანშისტული განწყობები საკმაოდ მძაფრია“, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად აწყდება აფხაზეთის და მისი მოქალაქეების აგრესიული იზოლაციის მცდელობებს კოლექტიური დასავლეთის - ნატოს, აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან. „ისინი ჩვენი ქვეყნის აგრესიული იზოლაციის სუბიექტები არიან. სტოლტენბერგის განცხადებები ამ ფაქტს მხოლოდ ადასტურებს“, - დასძინა ტუჟბამ.

ასლან ბჟანიამ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერს ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ასლან ბჟანიამ ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა დამაჯერებლად მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ მხარს რუსეთის ხელისუფლების არჩეულ კურსს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ლიდერი სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებაზე შეთანხმდა, „რუსი და აფხაზი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინს მხარი 38 945-მა ადამიანმა დაუჭირა, რაც ხმების 94%-ს წარმოადგენს.

ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

გავრცელებული ონფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დე ფაქტო ლიდერი აფხაზეთის „ცხოვრებასა“ და რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას აპირებს.

ასლან ბჟანიამ უკვე გამართა შეხვედრები რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილესთან რაშიდ ნურგალიევთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ანტონ ვაინოსთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა სოხუმსა და მოსკოვს შორის არსებული თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ ანტონ ვაინოსთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეგრამ-არხი „რესპუბლიკა“, რომელიც აცხადებს, რომ ანტონ ვაინო აფხაზეთის საკითხებს საერთოდ არ კურირებს და ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი კოზაკია პასუხისმგებელი. არხის შეფასებით, „საკუთარი ტყუილებით კუთხეში მიმწყვდეული“ ასლან ბჟანია ცდილობს, კურატორების გვერდის ავლით ხმა ვლადიმირ პუტინს მიაწვდინოს.

ამავე ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, 21 მარტს ასლან ბჟანიას უნდა ჰქონოდა „ძალიან სერიოზული საუბარი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. „რუსული მხარე ვერ იგებს ასლან ბჟანიას ქმედებების ლოგიკას, რომელიც მოსკოვში ერთ დაპირებას იძლევა, ხოლო რეალობაში საპირისპირო ხდება“ - წერს პოსტის ავტორი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ტყვარჩელის რაიონის სოფელ ბედიაში მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მეხანძრეების ძალისხმევის მიუხედავად სახლი მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის ადგილას მისულმა ტყვარჩელის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსმა დენის კვიცინიამ განაცხადა, ხომ ხანძრის გამომწვევი მიზეზები ზუსტდება, და ვარაუდი გამოთქვა, რომ აჩიგვარას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გაწყდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. აღნიშნული ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა ადგილობრივ სოციალურ ქსელში, რასაც მოგვიანებით დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ხანძრის ნამდვილი მიზეზების დადგენაზე სპეციალისტები მუშაობენ.

ადგილობრივი ექსპერტები ხანძრის გაჩენას აჩიგვარას ელექტროენერგიის გადაცემის ხაზების ახლახან გაკეთებულ უხარისხო რეაბილიტაციას უკავშირებენ, რაც, მათი შეფასებით, სარემონტო სამუშაოების დროს დიდი ოდენობით თანხების მითვისებითა და კორუფციული გარიგებებით არის განპირობებული. აღნიშნულ საკითხს „ნუჟნაია გაზეტა“-ს ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.

სოფელ ბედიაში ელექტროგადამცემი ხაზის გაწყვეტის გამო კიდევ რამდენიმე ოჯახი დაზარალდა. ასე, ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში მამაკაცს აბაზანაში დენმა დაარტყა, ხოლო რამდენიმე ოჯახში მწყობრიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამოვიდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ელექტროენერგიის ძაბვის ცვალებადობის მიზეზით საცხოვრებელ სახელში გაჩენილი კიდევ ერთი ხანძრის შესახებ, რომლის შედეგად ქალი და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსმა ექსპერტებმა გამორიცხეს აფხაზეთში წყლის ფრინველის მასობრივი დაღუპვა ვირუსული დაავადების გამო

კრასნოდარის ოლქში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ექსპერტებმა ფრინველების მასიური დაღუპვის მიზეზთა შორის ე.წ. ქათმის გრიპი და ნიუკასლის ვირუსი გამორიცხეს. „კროპოტკინსკის რეგიონულ ვეტერინარულ ლაბორატორიაში ჩატარებული ლაბორატორიული ტესტების შედეგების მიხედვით, ფრინველის ნიუკასლის ტიპის ვირუსი არ გამოვლინდა“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზეთის სანაპიროს გარდა, ფრინველების დაღუპვის შემთხვევები თებერვალში კრასნოდარის ოლქსა და სევასტოპოლში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, კრასნოდარის ოლქის ლაბორატორიაში ჩატარებული ბიოლოგიური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დე ფაქტი ვეტერინარულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ფრინველის მასობრივი დაღუპვის მიზეზი ვირუსული ინფექცია გახდა.

ოკუპირებულ გალის რაიონში ენგურჰესის ახალი ტურისტული მარშრუტი ამოქმედდა

რადიო „სპუტნიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გალის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ ტურისტებისთვის პირველად ორგანიზებულ იქნა ექსკურსია გალის რაიონში, მათ შორის ენგურჰესის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ტურისტული მარშრუტი უკვე განსაზღვრულია და ის უკვე 14 ვიზიტორმა მოინახულა.

ამასთან, ფილიამ განმარტა, რომ ენგურჰესი განსაკუთრებული რეჟიმის ობიექტია, რის გამოც ვიზიტორთა სიები წინასწარ უნდა იყოს წარდგენილი და შეთანხმებული, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული ექსკურსიისთვის შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები