ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 21-24 მარტი

27-03-2024 15:27:46 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩის გაძევების განზრახვის შესახებ ინფორმაციას ყალბი უწოდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ერთ-ერთ უკრაინულ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩს მიხეილ შურგალინს გაძევებით დაემუქრა.

„ბოლო დღეებში დაფიქსირდა მესენჯერებში გარკვეული დოკუმენტების გავრცელების ფაქტები, ასევე გაყალბებული აუდიოჩანაწერები, სადაც ინალ არძინბა თითქოსდა ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებზე. ეს არის მორიგი ტყუილი, გაყალბება და მანიპულირება. დასავლური სტრუქტურები აქტიურად იყენებენ უკრაინის ნეონაცისტურ მედია რესურსებს და მათი მთავარი მიზანია აფხაზეთის და რუსეთის ფედერაციის შორის სახელმწიფოთაშორისი დიალოგის დაკნინება“, - ნათქვამია კომენტარში.

დე ფაქტო საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ამ აუდიოჩანაწერის დამონტაჟება მოხდა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დახურული მოლაპარაკებებიდან, სადაც ინალ არძინბა გაეროს განვითარების პროგრამის პროგრამის მენეჯერის ვარდონ ჰოჯას შესაძლო გაძევებაზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის გახსნას გეგმავს.

სოხუმში სკოლის მოსწავლეებს „ჩვეულებრივი ნაციზმის“ გამოფენა აჩვენეს

სოხუმში, ვლადისლავ არძინბას სახელობის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ჩვეულებრივი ნაციზმი“, რომელიც „2014-2023 წლებში უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ჩადენილი დანაშაულის“ ჩვენებას მიეძღვნა.

როგორც აფხაზეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლობის საბჭოს თავმჯდომარემ მილანა ბჟანიამ განაცხადა, გამოფენა „ასახავს არა მხოლოდ უკრაინული ნაციზმის განვითარებას, არამედ ნათლად აჩვენებს რუსი სამხედროების როლს ნოვოროსიის განთავისუფლებასა და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენას“.

რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში მიხაილ შურგალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოფენის თემა ძალზე აქტუალურია, რადგან დასავლეთ ევროპა კონფლიქტში სულ უფრო ებმება და „ნეონაცისტების მომსახურებით სარგებლობს“. „მათი ამოცანაა, დაარღვიონ და გადააკეთონ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ევროპაში არსებობს. საუბარია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის რუსეთისგან ჩამოშორებაზე, არამედ თავისთვის კიდევ ერთი კოლონიის შექმნაზე, რომელსაც მერე სათავისოდ გამოიყენებენ“, - აღნიშნა შურგალინმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოსურათები და სხვა საილუსტრაციო მასალა, რომლებიც აუდიტორიაში ნეონაცისტური იდეოლოგიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას შეუწყობს ხელს.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ

აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოსკოვში კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის გამო მიუსამძიმრა.

„ღრმად შოკირებული ვარ მოსკოვში მომხდარი ტერაქტით. გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ „კროკუს სითი ჰოლში“ სროლის შედეგად უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული დაღუპვის გამო. მკაცრად ვგმობ ამ არაადამიანურ და მზაკვრულ ტერორისტულ აქტს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალების გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და ამ ქმედების ჩამდენი აუცილებლად სათანადოდ დაისჯება. ასევე ვუსამძიმრებ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვუსურვებ მათ გამძლეობას და მოთმინებას, რათა ამ ტკივილის გადატანა შეძლონ. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილ ადამიანებს. აფხაზეთის მოსახლეობა რუს ხალხს თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ტრაგიკული მოვლენები მომავალში აღარ განმეორდება“, - ნათქვამია დე ფაქტო ლიდერის სამძიმარში.

„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პარლამენტის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

რუსეთის ფედერაციისადმი სოლიდარობის ნიშნად, დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას ბრძანებით 2024 წლის 24 მარტი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ტერაქტში დაშავებულ პირებს აფხაზეთში რეაბილიტაციას სთავაზობს

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ტელეგრამ-არხზე რუსმა ჟურნალისტმა და პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა. „აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა დამიკავშირდა. თუ [კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად] დაზარალებული პირები აფხაზეთში რეაბილიტაციის გავლას საჭიროებენ, იგი ყველაფრის ორგანიზებისა და ხარჯების დაფარვისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს“ - აცხადებს მარგარიტა სიმონიანი და აღნიშნულ საკითხზე საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერს აქვეყნებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები