
საქართველოს პარლამენტი ყველა აქტს მხოლოდ რუსულად თარგმნის
23/12/2019 11:05:16 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი მის მიერ მიღებულ ყველა აქტს მხოლოდ რუსულად თარგმნის.
პარლამენტის აპარატის დებულება 2006 წელს არის მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ დებულებაში ცვლილებები 2019 წელსაც შევიდა, თარგმანთან დაკავშირებული ჩანაწერი არ შეცვლილა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 21-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტში ვკითხულობთ:
"(საორგანიზაციო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა) პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნა და კომპიუტერული უზრუნველყოფა".
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი იმედოვნებს, რომ ზემოთხსენებული პრაქტიკა შეიცვლება.
“საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკლებლივ ყველა კანონი და სხვა აქტი პარლამენტის აპარატის მიერვე ითარგმნება რუსულ ენაზე და დევს პარლამენტის ვებგვერდზე. სხვა ენაზე, მაგალითად ინგლისურად, არც ითარგმნება და, შესაბამისად, არც დევს. პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულია დებულება, რომელიც აპარატის კონკრეტულ დეპარტამენტს ავალებს პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნას (დებულების 21-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი). არ მესმის ამ საქმიანობის მიზანშეწონილობა. იმედი მაქვს, შეიცვლება”, – წერს თათული თოდუა სოციალურ ქსელში.