ალეკო ელისაშვილი: კვოტების გაუქმება კი არა, დეპუტატების რაოდენობაა შესამცირებელი

02-04-2024 14:52:51 პოლიტიკა

კვოტების გაუქმება კი არა, საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობაა შესამცირებელი, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

"მიუხედავად „გირჩელების“ პატივისცემისა ჩვენი პარტია მხარს არ დაუჭერს. არასერიოზულად მიგვაჩნია ამ ვითარებაში კვოტების გაუქმება. გულახდილად რომ ვთქვა, მე პირადად, ცოტა უცნაური პოზიცია მაქვს, არც მომხრე ვარ კვოტირების და არც გაუქმების. მომხრე ვარ, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. თუ კვოტირება იყო გზა იმისთვის, რომ ეს წაგვეხალისებინა, რატომაც არა? წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო კვოტირების გადაწყვეტილება, მთელი ბაქიბუქი ჰქონდა, ევროპელებს ვეპრანჭებოდით, ნახეთ, რა მაგარი რაღაც მივიღეთო და ერთი პარლამენტიც არ გვყოლია კვოტირებული, რომ ამ პარლამენტის ბოლოს ისევ გაუქმება გვინდა. მოდით, ვნახოთ, როგორი ეფექტი, სტატისტიკა ჰქონდა. თუ გაამართლა და გააქტიურდნენ ქალები, აშკარაა, რომ გაამართლა. დავტოვოთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ჩანს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის 18 წევრს, 10-ს მმართველი პარტიიდან და 8-ს ოპოზიციიდან საერთოდ ხმა არ ამოუღია 2022 წელს პარლამენტში. პარლამენტი, ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც ადგილი, სადაც საუბრობენ. თუ დააკვირდებით 18 დეპუტატს, თვრამეტივე კაცია, არცერთია ქალი. მდუმარე დეპუტატების 100%-იან შემადგენლობაში კაცები არიან. მმართველი პარტიიდანაც და ოპოზიციიდანაც არიან. აქაც გვეუბნებიან, რომ ქალები აქტიურები არიან. კიდევ უფრო უცნაურად ჩანს ეს გაუქმება. კვოტების გაუქმება კი არა, საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობაა შესამცირებელი. ეს სტატისტიკაც, რომ 2022 წელს 18 დეპუტატს, თან ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან ხმა რომ არ ამოუღია იმის დასტურია, რომ 150 დეპუტატი ამ ქვეყანას არ სჭირდება. 100 დეპუტატი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ პარლამენტმა იფუნქციონიროს და ხალხმაც ნახოს ვინ რას აკეთებს პარლამენტში“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას.

პარლამენტი „გირჩის” აღნიშნულ ინიციატივას დაჩქარებული წესით იხილავს. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნება" საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე: ომბუდსმენი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს: "უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები