
ელმარ მამედიაროვი: "2020 წელს დავასრულებთ სამხრეთის კორიდორის ნაწილს იტალიამდე, მაგრამ ეს არ არის დასასრული"
23/12/2019 11:24:30 საგარეო პოლიტიკა
2020 წელს დავასრულებთ სამხრეთის კორიდორის ნაწილს იტალიამდე, მაგრამ ეს არ არის დასასრული, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
"ვფიქრობ, რომ ვინც მიიღო გადაწყვეტილება, გაეყვანა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, მათთვის ეს გადაწყვეტილება იოლი არ იყო, თუმცა ამან გახსნა უზარმაზარი შესაძლებლობები სამი ქვეყნისთვის და დააახლოვა ეს სახელმწიფოები ერთმანეთს. ეს ადამიანები იყვნენ ჰეიდარ ალიევი, ედუარდ შევარდნაძე. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელმაც თამაშის წესები შეცვალა და დაამტკიცეს ამ მილსადენის გაყვანა. დღეს იგივე აბრევიატურას ვიყენებთ, როდესაც ვახსენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ან თუ ვსაუბრობთ ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენზე, რომელმაც გაუხსნა გზა ტრანსანატოლიურ მილსადენს. ჩვენ იმედი გვაქვს და მეტიც, გვჯერა, რომ 2020 წელს ჩვენ დავასრულებთ სამხრეთის კორიდორის ამ ნაწილს იტალიამდე, ტრანსადრიატიკული მილსადენით. მაგრამ ეს არ არის დასასრული. წინ დიდი გეგმები გვაქვს, მაგალითად ბალკანეთისკენ წაწევა, რისთვისაც იგივე საშუალებებს გამოვიყენებთ – ტრანსანატოლიურ მილსადენს და ურთიერთდამაკავშირებლებს სხვადასხვა ქვეყნებში. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ელემენტია, როდესაც ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისათვის“,- განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.