
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 28-31 მარტი
03/04/2024 08:01:17 კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა შეხვედრა გამართა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ირაკლი ტუჟბასთან და ე.ს. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველთან კონსტანტინ კოჩიევთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. გავრცელებული ინფორმაციით, ხაზი გაესვა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობას, კერძოდ, ერთი მხრივ საქართველოსა და, მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერის გზით. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსთან „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციისა და დემარკაციისთვის სათანადო პირობების შექმნის საჭიროებაზე ისაუბრეს. ამასთან, აღინიშნა, რომ გალის რაიონში და აფხაზეთ-საქართველოს „საზღვარზე“ ვითარება სტაბილური რჩება.
„აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებისთვის მზადყოფნა, თუმცა, ქართული მხარის მონაწილეების დესტრუქციული პოზიციის შედეგად, ამ ფორმატის მუშაობა კვლავ შეჩერებულია“ - აღნიშნულია შეხვედრის შემდგომ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი 2024 წლის 4-5 აპრილს გაიმართება.
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ წევრმა ინარ გიცბამ „მსოფლიო აფხაზურ-აბაზური კონგრესის“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. „მსოფლიო აფხაზურ-აბაზური კონგრესი“ 1992 წელს შეიქმნა აფხაზეთის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ინარ გიცბა, როგორც აღმასრულებელი მდივანი, კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგზე იყო პასუხისმგებელი.
მანამდე ინარ გიცბამ „დეპუტატის“ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ინარ გიცბა იყო ერთ-ერთი იმ „დეპუტატთაგანი“ რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ „რუსულ-აფხაზური შეთანხმების“ რატიფიცირების წინააღმდეგ მისცა ხმა.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ შიმშილობა გამოაცხადა
ოკუპირებულ აფხაზეთში აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის „თავისუფლების“ მოედანზე მიმდინარეობს.
„[ასლან ბჟანიამ] მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა. რასაც ის აკეთებს, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. მას არ აქვს მორალური უფლება თავის თანამდებობაზე იყოს. ადამიანმა წითელი ხაზი გადაკვეთა. მე ამას სახელმწიფო ღალატად მივიჩნევ“- განაცხადა ადლეიბამ.
ამასთან, ჯანსუღ ადლეიბამ საკუთარ ფეისბუქ განათავსა პოსტი, რომლის თანახმად იგი უარს ამბობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე.
აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა საზოგადო მოღვაწის, აქტივისტი თენგიზ ჯოპუას მოსაზრება, რომელშიც იგი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო წევრობაზე საუბრობს. „სულ იმას ვფიქრობ, სჭირდება თუ არა ჩვენს ელიტას სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნა? არა. რისთვის უნდა სჭირდებოდეთ? ამ შემთხვევაში ქრება საზღვრები, მათ შორის ელიტური, და ჩნდება კონკურენცია, ისეთი ძლიერი და დაუნდობელი, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას არ ეყოფა ნებისყოფა და ძალა, რომ არათუ ფეხზე დადგეს, არამედ ოთხზე დგომით გადარჩეს. მათ მალევე „ჩამოაქვეითებენ“ და მიუჩენენ საკუთარ ადგილს „ერების ციხეში“, - წერს თენგიზ ჯოპუა.
თენგიზ ჯოპუა აღნიშნავს, რომ სამოკავშირეო სახელმწიფოს ირგვლივ არსებული საუბრები მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრას ემსახურება. „ელიტას შეუძლია მლიქვნელობა, ფეხქვეშ გაგება, ატლასის ხალიჩებზე ხოხვა, ვინაიდან ამ სიცრუის გარეშე არ იქნება ფული, ხოლო ფული თუ არ იქნება - არ იქნება ძალაუფლებაც“, - ირწმუნება ჯოპუა. მისივე თქმით, „სახელმწიფო“ ინსტიტუტების განადგურებას, რომელსაც მხარს უჭერს და ხელს უწყობს აფხაზური პოლიტიკური ელიტა, აფხაზეთის სხვის ხელში გადაცემა მოჰყვება. „როდესაც ის [აფხაზეთი] სხვა სახელმწიფოს ნაწილი გახდება, პირველი დაეცემა ელიტა და მთელი მისი ოჯახი, მისი მიწები, მისი სიმდიდრე, რომელიც ხალხისგანაა მოპარული - ყველაფერს წაართმევენ. ისინი ამას საკუთარი ტყავით გრძნობენ. გრძნობენ და ეშინიათ“, - ნათქვამია ჯოპუას ტელეგრამ-პოსტში.