Accentnews.ge
ქალი დეპუტატები: საჭიროა ბრძოლა, რომ პარლამენტმა „რუსული კანონი“ არ მიიღოს

ქალი დეპუტატები: საჭიროა ბრძოლა, რომ პარლამენტმა „რუსული კანონი“ არ მიიღოს

03/04/2024 09:11:00 პოლიტიკა

ოპოზიციის დეპუტატები თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე და ანა წითლიძე გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ.

ქალი დეპუტატები აცხადებენ, რომ ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

„ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა შეძლო „ქართულ ოცნებასთან“, პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ "რუსული კანონი" და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი. თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციაზე და ქართულ დემოკრატიაზე იყო გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი გაბედავდნენ კიდევ ერთხელ შემოეტანათ კანონი, რომელიც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ და არა კრემლის დიქტატით და „ქართული ოცნების“ კარნახით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისთვის", - განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

„ლელოს“ წევრი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ „რუსული კანონის“ მიღება არ გამოუვა.

"ქართული ოცნება" მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ თავის მარცხში ჩაითრიოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ. „რუსული კანონი“ შემოიტანეს თავიდან, იმიტომ რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს, მაშინ, როცა თქვენ, ჩვენ და ამ ქვეყნის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაკეთებული ძალიან მკაფიო და გაცხადებული არჩევანი - საქართველო მიდის ევროპისკენ. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ჩაეხსნას, ჩვენ ვივლით წინ, ევროპისკენ“, - თქვა ნაცვლიშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები თავდაუზოგავი შრომით მიდის ევროპის ჩემპიონატზე, „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტში“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის ანა წითლიძის თქმით, საჭიროა ბრძოლა იმისთვის, რომ პარლამენტმა „რუსული კანონი“ არ მიიღოს.

„ივანიშვილის პარტიის მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა დაბრუნებამ პარლამენტში კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ის, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აგრძელებს საბოტაჟს ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. "რუსული კანონის" ხელახალი შემოღებით ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას, ოცნებას, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „რუსული კანონის“ შემოღება არის ის, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც იბრძოლეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის აქციების დროს და ხელახლა ეს კანონი დააბრუნოს პარლამენტში. თითოეული ჩვენგანის ვალია, როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს „რუსული კანონი“ არ მიიღოს პარლამენტმა და ჩვენ საბოლოოდ ივანიშვილის პარტიის გარეშე შევძლოთ ევროპული ოჯახის წევრობა“, - თქვა წითლიძემ.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.

ოპოზიციის რეაქცია – "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე: "სურთ, ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს, წერას არიან აყოლილები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S