ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, რომ თავის შიშებზე ჭრის და კერავს
03/04/2024 10:22:53 პოლიტიკა
ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც პირველად მოხვდა "რუსული" კანონის დაინიცირება, მათ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ, “ქართულმა ოცნებამ” უგულებელყო.
"ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, პროპაგანდას აღვივებს ქვეყანაში. როდესაც პირველად მოხდა "რუსული" კანონის ინიცირება, ჩვენს მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ მათ უგულებელყვეს. რატომ? - იმიტომ, რომ მათ კანონპროექტს არაფერი საერთო არ აქვს რეალურად, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების, პირველ რიგში რუსეთის, გავლენების შეზღუდვასთან. მას აქვს სხვა დანიშნულება და ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა “ოცნების” ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებამ პირველ ჯერზე ეს არ გაუტარა და ახლა მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პირველი მობილიზება იქნება მოახლოებულ არჩევნებზე, სადაც “ქართულ ოცნებას” შესაბამის პასუხს გასცემენ”, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.


