კოპალიანის ცნობით, Facebook–წმენდაში მისი მეგობრებიც მოყვნენ
23/12/2019 13:55:27 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანის განცხადებით, Faceboook–ის "წმენდაში" მისი მეგობრებიც მოყვნენ. კერძოდ, როგორც კოპალიანი ირწმუნება,გაუქმებული ანგარიშების 90% რეალური გვერდი იყო. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რის საფუძველზე აკეთებს დეპუტატი მსგავს განცხადებას. არგუმენტად მან განაცხადა, რომ "დაზალებულებს" შორის ბევრი მისი მეგობარი იყო და უკვირს, მისი გვერდიც რომ არ არის გაუქმებული. დეპუტატი დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს.ამასთან, კოპალიანმა „ფეისბუქის“ პატრონს ურჩია, "ორმხრივად იმოქმედოს".
„დამისახელეთ, რომელიმე ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქმა“ გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდა. თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ გაერთიანების წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი, სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ მათ თავმჯდომარეზე პოლკოვნიკ ვაშაძეზე. ამიტომ „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მიწოდებული ინფორმაცია იყო და ეს ერთ-ერთი ხერხია „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად, მაგრამ ეს არ გამოუვათ. „ფეისბუქმა“ რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფორმაციაც მიიღო. ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელთა 90% რეალურია,“ - განაცხადა კოპალიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქის“ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალეს.
„წავშალეთ 39 ქართული „ფეისბუქ“ ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში“,- ნათქვამია კომპანია „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


