ლევან დავითაშვილი: "პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება"

03-04-2024 21:20:22 პოლიტიკა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ "პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება". ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

"არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში ცხოვრების პირობების მიხედვით საუკეთესო მდგომარეობაა. საქართველო ყველაზე წარმატებული, ყველაზე მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყნები, სადაც საცხოვრებელი პირობები შეიძლება, უფრო მიმზიდველი იყოს, აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესებიც ბუნებრივია. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ. პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება, ეს ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ ისიც გვესმის, რომ მოსახლეობის ნაწილი უკეთესი საცხოვრებელი პირობების მისაღებად ნამდვილად ტოვებს ქვეყანას", - აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს საქართველო 125 000–მა პირმა დატოვა, მათ შორის 101 000 ქართველი იყო. ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, 21 ათასით მეტია.

ემიგრანტებს შორის პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ხოლო იმიგრანტებს შორის პირველ ადგილზე – რუსეთის მოქალაქეები. ანუ 2022 წელს საქართველოში რუსი უფრო მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქართველი.

კერძოდ, მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების რაოდენობა ასე განაწილდა:

რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;

საქართველო - 54,405 ადამიანი;

უკრაინა - 20,716 ადამიანი;

ბელარუსი - 13,361 ადამიანი;

ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

  • საქსტატს მიგრაციასთან დაკავშირებით 2023 წლის ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები