ევროპარლამენტარი: კანონი რუსეთის მავნე გავლენას უნდა შეებრძოლოს და არა პროდემოკრატიულ დღის წესრიგს
04/04/2024 09:13:44 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ჩეხეთიდან, ევროპელი „მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წევრი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ „გაოგნებულია“ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ხელახლა წარადგინოს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი.
„როგორც გავიგე, არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი, რომელმაც შარშან საზოგადოების მწვავე აღშფოთება გამოიწვია, კვლავ უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით. იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე კანონის მიღების [და შემდგომი პროტესტის და კრიტიკის] შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა. ასეთი კანონმდებლობა საჭიროებს გულდასმით შემუშავებას და კონსულტაციებს, რათა ის შეებრძოლოს რეალურად მავნე საგარეო გავლენას - ისეთს, როგორსაც რუსეთი მიმართავს საქართველოზე, - მაგრამ არ შეუქმნას საფრთხე ლეგიტიმური პროდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვინაიდან ამ კანონპროექტის ავტორები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს „ქართული ოცნება“, რადგან მიაჩნდათ, რომ ის საკმარისად რადიკალურად არ იხრებოდა რუსეთისკენ. უკიდურესად ვარ შეშფოთებული საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით“, -განუცხადა "რადიო თავისუფლებას" მარკეტა გრეგოროვამ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


