Accentnews.ge
აფხაზეთი და წყლის ჭავლი

აფხაზეთი და წყლის ჭავლი

04/04/2024 11:51:20 კონფლიქტები

ორიოდ დღის წინ მოვისმინე აფხაზური ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის - ფრიდა ლაზბას ინტერვიუ თემაზე „როგორ უნდა გამოიყენოს აფხაზეთმა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი და გაზარდოს შემოსავლები“.

ინტერვიუ ძალიან სახალისო იყო და რაც მთავარია, ადვილად პროგნოზირებადი... ყველა შტამპი - ერთ ფლაკონში...

ზოგადად, ხშირად ხდება, რომ „მეცნიერის“ ცნება ამა თუ იმ ერში რომელიღაც ერთ მიმართულებაზეა კონცენტრირებული: ათობით ან თუნდაც ასობით მეცნიერი ერთსა და იმავე სფეროშია წარმოდგენილი. მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში და არაბული ქვეყნების უმრავლესობაში „მეცნიერი“ - ეს, როგორც წესი, ღვთისმეტყველია. აფხაზეთში კი 70-80-იან წლებში თუ სადმე მეცნიერები არსებობდნენ, თითქმის ყველა მათგანი ისტორიკოსი იყო ან ფილოლოგი. და მთლიანობაში, ამაში უცნაური არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზი ხალხის მთავარ მიზანს იმ პერიოდში იმის დამტკიცება წარმოადგენდა, რომ ისინი არიან ძირძველები, ენგურსგაღმელები კი - მომხდურები. აფხაზური საზოგადოების მთელი ინტელექტუალური ენერგია იმხანად სრულად იყო კონცენტრირებული ამ ეპიკური ამოცანის შესრულებაზე, ამიტომაც წერა-კითხვის მცოდნეთა უმეტესი ნაწილი ან ისტორიკოსი იყო, ან ფილოლოგი.

დროება შეიცვალა, ამოცანა მეტი შეიქმნა - და გაჩნდნენ „მეცნიერები“ სხვა დარგებშიც, მაგალითად ეკონომისტები.

უსმინო და იკითხო აფხაზი ეკონომისტები - ერთი სიამოვნებაა. მთავარია, არ დაიზარო და ბოლომდე მოუსმინო თუ წაიკითხო. თუმცა კაცმა რომ თქვას, არცაა აუცილებელი: ყველა მათგანი ხომ ერთსა და იმავეს ამბობს და თუ ერთს მოუსმენ, გეცოდინება, რას იტყვიან დანარჩენები.

ქალბატონს არააფხაზური სახელით „ფრიდა“ ერთი ნაბიჯითაც არ გადაუხვევია იმ კეთილი ტრადიციისთვის, რომელიც „აფხაზ ეკონომისტებად“ თვითგამოცხადებულმა უცნაურ ადამიანთა ჯგუფმა დაამკვიდრა. უცნაურ - იმიტომ, რომ შემთხვევების უმეტესობაში მათი იდეები აფხაზურ ნატვრებთან უფროა ახლოს, ვიდრე ეკონომიკასთან.

აფხაზური ნატვრები კი ძალიან მარტივია და გასაგები: გვქონდეს ყველაფერი არაფრის ფასად.

ფრიდა ლაზბა მოხელთებულად ჟონგლირებდა სწორი სიტყვებით, რომელთაც ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა: სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინვესტორებს, მთავრობა უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო პროექტებს ობლიგაციებით, უნდა ეხმარებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესს, უნდა შეამციროს ჩრდლოვანი ეკონომიკის წილი და ა.შ. ისევე, როგორც სხვა აფხაზ ეკონომისტებს, მასაც ყველაფერი რიგზე აქვს იმის აღქმის კუთხით, რა უნდა გაკეთდეს.

საერთოდ, რა უნდა გაკეთდეს - ამას ყველგან გეტყვიან, ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაშიც კი. მრავალგვერდიან კონცეფციებსაც დაგიწერენ, ზეგონივრულ პროგრამებსაც. გააკეთებენ უამრავ ბრტყელ-ბრტყელ განცხადებას, ბევრ წყალსაც დანაყავენ... მაგრამ ეს ყველაფერი - მხოლოდ იმისთვის, რომ არ გაკეთდეს მთავარი - ხალხს არ აეხსნას არა ის, თუ რა უნდა გაკეთდეს, არამედ ის, თუ როგორ?

აი, ესაა მილიონდოლარიანი კითხვა. არა რა, არამედ როგორ? როგორ აპირებთ ინვესტიციების სტიმულირებას, კაპიტალის მოზიდვას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებას? არც ერთი აფხაზი მეცნიერი არ წერს და არ ამბობს, როგორ.

აი მე კი გეტყვით, როგორ. რა თქმა უნდა, მეცნიერი არ ვარ და არც პრესტიჟული სახელების მქონე ინსტიტუტებს ვხელმძღვანელობ, მაგრამ შემიძლია, ორი სიტყვით, 1000-გვერდიანი მოხსენებების გარეშე აგიხსნათ, როგორ.

ელემენტარულად. დაიწყეთ ბაზით, რომლის გარეშეც არაფერი არსებობს, რომელიც ფუნდამენტია ყველასი და ყველაფრისა - ენერგეტიკით. გაყიდეთ ელექტროსადგურები, თუ ასეთები გაგაჩნიათ. გაყიდეთ გამანაწილებელი ქსელები. სახელმწიფო არ უნდა იყოს დაკავებული ელექტროენერგიის გამომუშავებითა და გაყიდვით - ამას კერძო კომპანიები უნდა აკეთებდნენ. გაზარდეთ მოქმედი ტარიფი 4-5-ჯერ მაინც, ყველგან დაამონტაჟეთ მრიცხველები და უკლებლივ ყველა ურჩ გადამხდელს დაუნდობლად ჩაუჭერით დენი. მრავალშვილიანი ოჯახი იქნება, მარტოხელა მოხუცი, შშმპ თუ სხვა - ნებისმიერი, ვინც არ იხდის, სიბნელეში უნდა იჯდეს.

თუ სოციალურად დაუცველები გებრალებიან, არსებობს სახელმწიფო თავისი სოციალური პოლიტიკითა და სუბსიდიებით მათთვის, ვისაც კომუნალური ხარჯების საფასურის გადახდა არ ძალუძს. ნებისმიერ შემთხვევაში, კერძო ენერგოკომპანიებმა თავისი უნდა მიიღონ, შეჭირვებულთა ყოფის შემსუბუქება კი სახელმწიფოს ამოცანაა და არა ბიზნესის.

შემიძლია, დაგარწმუნოთ: საკმარისია, ეს გააკეთოთ - და პარაზიტი მაინერები თავისთავად დატოვებენ აფხაზეთს, ენერგოკრიზისიც თავისთავად აღმოიფხვრება, 1000-გვერდიანი კონცეფციებისა და პროგრამების გარეშე...

ამხანაგო ფრიდა, იმის მაგივრად, რომ საათობით გვიყვებოდეთ, რა არის კარგი და რა ცუდი, გვითხარით ერთი, მზად ხართ თუ არა მსგავსი ვარიანტისთვის? მასთან ერთად კი - იმ შესაძლო გართულებებისთვის, როცა თქვენი აღშფოთებული თანამოქალაქეები პროტესტით ქუჩაში გავლენ, თქვენ კი მოგიწევთ, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალოთ?

არ ხართ მზად, რა თქმა უნდა. არც ერთი აფხაზი არაა მზად.

ასევე უნდა შეამციროთ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი - როგორც თავადაც აღნიშნეთ. გინდათ, გითხრათ, როგორ? ძალიან მარტივად: აგზავნით სპეციალურ ადამიანს მაღაზიაში, ყიდულობს ასანთის კოლოფს, არ აძლევენ ქვითარს, ის კი უწერს ჯარიმას, რომლის ოდენობა მაღაზიის თვიურ ბრუნვას აღემატება. ამოწმეთ ყველა ბიზნეს-კომპანია და გადაუხდელობის გამო უმოწყალოდ აჯარიმეთ თითოეული. აკეთეთ ასე ერთი სამი წლის განმავლობაში - და მერწმუნეთ, აღარანაირი ჩრდილოვანი ეკონომიკა აღარ გექნებათ.

სენიორა ფრიდა, მზად ხართ მსგავსი ვარიანტისთვის? მასთან ერთად კი - იმ შესაძლო გართულებებისთვის, როცა თქვენი აღშფოთებული თანამოქალაქეები პროტესტით ქუჩაში გავლენ, თქვენ კი მოგიწევთ, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენოთ?

რა თქმა უნდა, არ ხართ მზად. არც ერთი აფხაზი არაა მზად.

უნდა გამოცხადდეს ასევე მასშტაბური პრივატიზაცია, გაიყიდოს ყველა სანატორიუმი, ყველა სახელმწიფო აგარაკი თუ სასტუმრო. სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა გასხვისდეს უცხოელებზე, რათა მათ, ბოლოს და ბოლოს, შეძლონ, გადააქციონ მიწა აფხაზი ხალხის საკრალური საკუთრებიდან კომერციულ ობიექტად. უნდა დაიწყოს დანაშაულთან ბრძოლა „ჩვენიანების“ დაუნდობლად, დაინერგოს უმკაცრესი საგადასახადო დისციპლინა და რაღა თქმა უნდა, მთელი ფინანსები განათლებაზე მიიმართოს.

ახალგაზრდობამ ევროპაში უნდა ისწავლოს, ხოლო აფხაზეთში დარჩენილებმა უპირატესად ტექნიკური განათლება უნდა მიიღონ - რათა არ იყოს საჭირო შემდუღაბებლების თურქეთიდან გამოწერა.

უნდა გადაიდგას რიგი ნაბიჯები, რომელთაც ეკონომიკასთან პირდაპირი ბმა არ აქვთ, მაგრამ ხელს უწყობენ ადამიანებში დისციპლინისა და თვითორგანიზების უნარების განვითარებას - მაგალითად, საზოგადოებრივ სივრცეებში მოწევა აიკრძალოს, მანქანის გადაადგილებისას კი უსაფრთხოების ღვედების აუცილებელი გამოყენება დაკანონდეს. ეს ეკონომიკას არ ეხება, ეს დისციპლინაა, რომლის გარეშეც არანაირი ეკონომიკა არ იქნება.

დღეს თუ არა, ხვალ აფხაზეთის თვითკმარობისა და მისი ხალხის ნაყოფიერი შრომისუნარიანობის საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. და თუ დღეს აფხაზეთის მთელი მოჩვენებითი კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთზე დგას, შეიძლება, დადგეს დრო, როცა რუსეთის დახმარება ან შემცირდება, ან სულაც შეწყდება.

ამ ვითარებაში აფხაზეთს უკვე მზად უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა, რუსეთის გარეშე დარჩენილი არ ჩამოშლილიყო.

თქვენ არ გჭირდებათ მმართველობის რუსული სისტემის იმპორტი - იგი მხოლოდ უშრეტი ბუნებრივი რესურსების პირობებში მუშაობს, მათ გარეშე კი სიცოცხლისუუნაროა. აფხაზებს სჭირდებათ თანამედროვე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება.

ამისათვის კი საჭიროა ძველი ტრადიციებისა და ჩვევების წაშლა, იმ ტრადიციული აფხაზური მენტალობის ნგრევა, რომელიც რეალურად, ერთ-ერთ მთავარ კოზირს წარმოადგენს რუსეთის ხელში.

სენიორა ფრიდა, მზად ხართ მსგავსი ვარიანტისთვის? მასთან ერთად კი - იმ შესაძლო გართულებებისთვის, როცა თქვენი აღშფოთებული თანამოქალაქეები პროტესტით ქუჩაში გავლენ და თქვენ მათი ცრემლმდენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშლა მოგიწევთ?

არა? ჰოდა ასეც ვიცოდი.

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S