
რუსეთის ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, აფეთქებების შესახებ იუწყებიან
05/04/2024 05:05:51 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, აფეთქებების შესახებ იუწყებიან. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოხდა სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად.
სარატოვის ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი ადასტურებს, რომ ენგელსზე შეტევა იყო. თუმცა, მის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გაურკვეველია ერთ უპილოტო საფრენ აპარატს გულისხმობს, თუ რამდენიმეს, რადგან დრონს შემოკლებული ფორმით (БПЛА) ახსენებს.
ბუსარგინი წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, ხმელეთზე არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
ენგელსში მდებარეობს რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზა, რომელზეც დრონებით არაერთი შეტევა იყო, მათ შორის 2024 წლის 20 მარტსაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ენგელსის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ეს შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო აეროდორომზე დრონებით შეტევის შესახებ.
უკრაინას, რომელიც ორი წელია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.