
პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დანიშნა
05/04/2024 10:11:12 პოლიტიკა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად", – ნათქვამია პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებულებაში.
ბერაია ამ დრომდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იგი სხვადასხვა დროს იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
ირაკლი ბერაიამ 2023 წლის 31 ოქტომბერს შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატ თეონა აქუბარდიას. ამის გამო ოპოზიციონერმა ქალებმა მისი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება მოითხოვეს, უმრავლესობა ამას არ დათანხმდა.
დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან პრემიერმა გუშინ გაათავისუფლა. შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსად 2021 წლის აპრილში, იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.