აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან
23/12/2019 20:55:19 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი.
"შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა უზრუნველჰყოს, რომ მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები“, – ნათქვამია განცხადებაში.


