
შესაძლებელია თუ არა, რომ ჩამოგვერთვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი?
05/04/2024 11:16:14 კომენტარი
პოლიტოლოგი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ არსებობს შესაძლებლობა, საქართველოს ჩამოერთვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც მან გასულ წელს მიიღო.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ასეთ შესაძლებლობას იძლევა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც 2020 წელს დამტკიცებულ ევროკომისიის კომუნიკაციაში აისახა.
კერძოდ, გოგოლაშვილის თქმით, კომუნიკაცია ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესს ეხება და დეტალურად აღწერს როგორც რეფორმებში დაწინაურებული ქვეყნების წახალისებას (დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, ან სხვა სახის შესაძლებლობები) ასევე, იმ ქვეყნების “დასჯას”, რომლებიც სისტემურ უკუსვლას განიცდიან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში:
"როგორ შეიძლება “დაისაჯოს” ქვეყანა? კომუნიკაცია პირდაპირ სთავაზობს, რომ უბრალო უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე ასეთ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები – შეუმცირდეს დახმარება, შეჩერდეს მასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ან მძიმე შემთხვევაში სრულიად გაუქმდეს ის. ამ დრომდე მოლაპარაკებების გაუქმების პრეცედენტს ადგილი არ ქონია. მაგალითად, თურქეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია 2015 წლიდან, მაგრამ არა გაუქმებული".
აღნიშნული ცვლილება, გოგოლაშვილის თქმით, უდავოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული ასევე კანდიდატის სტატუსის “გაუქმების” მიზნისთვისაც.
თუმცა, აქვე ამბობს იმასაც, რომ ეს არ არის დაკონკრეტებული კომუნიკაციაში, მაგრამ მხოლოდ ჩანაწერის ინტერპრეტაციის საკითხია და ისეთი ნორმის არ არსებობის პირობებში, რომელიც კანდიდატის სტატუსის გაწვევას აკრძალავდა, პოლიტიკური ნება ყველაფერს გადაწყვეტს:
"თუ “რევერსის” შესაძლებლობა დაშვებულია უფრო მაღალი სტატუსის (მოლაპარაკებების) მიმართ, მიდგომა შესაძლოა გავრცელდეს უფრო დაბალი სტატუსის მიმართაც. მართალია ეს უკიდურესი ზომაა, მაგრამ არ ღირს ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა. საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიეცა გარკვეული პირობებით (9 ნაბიჯი), ამ პირობების შეუსრულებლობისა და რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში, შესაძლოა გახდეს ევროკავშირის მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილების პირველი მსხვერპლი, კერძოდ კი ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი.
ვიმეორებ, რომ ეს თეორიული შესაძლებლობაა, მაგრამ შედეგი სრულად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენენ ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. საჭიროა ასევე ვიცოდეთ, რომ ასეთი “რევერსისთვის” გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 14 წევრის მიერ მხარდაჭერა, ანუ უბრალო უმრავლესობა".
საპარლამენტო უმრავლესობამ დანაპირები, რომ პარლამენტში არ დააბრუნებდა "აგენტების" შესახებ კანონპროექტს, ერთწელიწადში გადადთქვა და ის 3 აპრილს პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა.
***
"ქართულმა ოცნებამ" განმარტა, რომ ახალ პროექტს ძველისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებუც მათ შორის მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, კორუფციის გამოვლენაზე, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ხოლო დონორები, მათ შორის ევროკავშირი, "უცხო ძალად".
საქართველომ გასულ წელს მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პირობებით, რომელთა შესრულების შემდეგაც, საქართველოს ეხსნებოდა შანსი, გადასულიყო დაახლოების შემდეგ ეტაპზე – დაეწყო მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. დასკვნას რეკომენდაციების შესრულების თაობაზე თბილისი წლის ბოლომდე ელის.
რუსეთში ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა ანალოგიურმა კანონი კრიტიკული აზრის ჩასახშობად ეფექტურად გამოიყენა.
იხილეთ ასევე: კორნელი კაკაჩია – საქართველოში ავტორიტარიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021