Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 1-3 აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 1-3 აპრილი

06/04/2024 08:06:33 კონფლიქტები

აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემას „არგუმენტები და ფაქტები“ ინტერვიუ მისცა

რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ვრცლად ისაუბრა საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე.

ასლან ბჟანია შეეხო რუსეთის ფედერაციასთან „საზღვარზე“ მიმოსვლის საკითხს და აღნიშნა, რომ „სასაზღვრო რეჟიმის“ გამკაცრება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფით იყო განპირობებული და დღემდე გრძელდება. „ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფრის შემსუბუქებაა საჭირო“, - დასძინა ბჟანიამ. მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით უკვე მიმდინარეობს „სასაზღვრო“ ტერიტორიის რეკონსტრუქცია, რაც თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ სირთულეებს გარკვეულწილად შეამცირებს. „რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა, საზღვრის კვეთის პროცედურა ისეთივე იყოს, როგორც რუსეთსა და ბელარუსს შორის მოქმედებს... მაგრამ ამისთვის სამეკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა ვიყოთ. ჯერჯერობით მისი ნაწილი არ ვართ, მაგრამ გვინდა“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ასლან ბჟანიამ დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს დრო აჩვენებს. მისი ვარაუდით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ უკვე 2015 წლიდან მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგიდან სოხუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელება დაიწყოს.

ასლან ბჟანიამ ხაზი გაუსვა აფხაზეთის, მათ შორის მისი აღმოსავლური ნაწილის ტურისტულ პოტენციალს და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით „ხელისუფლების“ მხრიდან კონკრეტული ღონისძიებები ტარდება, მათ შორის ახალი ტურისტული მარშრუტების და ობიექტების გახსნის გზით. მან ასევე დასძინა, რომ შესაძლებელია მომავალში გასტროტურების ორგანიზებაც მოხდეს, მათ შორის აფხაზეთში უკვე დაწყებულია ზღვის პროდუქტებისა და წითელი ხიზილალას წარმოება, რომელიც რუსულ ბაზარზეც გავა.

ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ აფხაზურ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, თითქოს აფხაზებს რუსეთი არ სჭირდება და ცხოვრებას მის გარეშეც შეძლებენ, და ეს მოსაზრება განსაკუთრებით აქტუალური ხდება ე.წ. აპარტოტელების „კანონის“ კონტექსტში, რომელიც „ახალ კოლონიზაციად“ მიიჩნევა. პასუხად ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პოზიციას არ იზიარებს. მისივე განცხადებით, აფხაზეთთან მიმართებით ომი არ დასრულებულა: „მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები 1993 წელს შეწყდა, სპეცსამსახურები კვლავაც იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების გონების ხელში ჩასაგდებად... ჩვენ [აფხაზეთი და რუსეთი] ერთმანეთს ვჭირდებით, და აფხაზეთში ეს ფაქტი გათვითცნობიერებული აქვთ“. რაც შეეხება უშუალოდ აპარტოტელებს, დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკითხს მხარს უჭერს, ვინაიდან უძრავი ქონება აფხაზეთში ისედაც შენდება და იყიდება, ხოლო „კანონი“ ამ პროცესის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. კოლონიზაციის საფრთხეს ასლან ბჟანიამ სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ აპარტამენტები უცხოელებზე დუბაიშიც იყიდება, თუმცა იქ კოლონიზაციაზე არავინ საუბრობს. „აფხაზეთში უძრავი ქონების უცხოელ მესაკუთრეს მხოლოდ ამ საკუთრებაზე აქვს უფლება, სხვა არაფერზე. 70 000 ადამიანი გვყავს უმუშევარი. მათთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად საჭიროა 400 მილიარდი რუბლის ინვესტიცია აფხაზეთის ეკონომიკაში, მაგრამ ჩვენი წლიური ბიუჯეტი მხოლოდ 14 მილიარდს შეადგენს. როგორც რუსი, ისე აფხაზი ბიზნესმენები რუსეთის ფედერაციასა და თურქეთში მზად არიან ეს პროექტი დააფინანსონ. სამშენებლო სამუშაოების ეტაპზეც კი სახელმწიფო დიდ შემოსავალს იღებს, ჩნდება სამუშაო ადგილები, მაღაზიები, რესტორნები, ვითარდება სოფლის მეურნეობა. ეს არის მოქმედი ხელისუფლების წინადადება, და თუ ოპოზიციას მისი უკუგდება სურს, მოსახლეობას ისიც აუხსნას, სამუშაო ადგილები სად იპოვოს და ოჯახი როგორ შეინახოს“, - აღნიშნა ბჟანიამ. მისივე მტკიცებით, „აპარტოტელების კანონის“ მიღებით „სახელმწიფო“ არაფერს კარგავს და ყველა რისკს საკუთარ თავზე ბიზნესმენები იღებენ. „ეს კანონი არა ინვესტორებს, არამედ აფხაზეთის მაცხოვრებლებს სჭირდება“, - დასძინა მან.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა ასლან ბჟანიას პოზიციით საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით და აქვე აღნიშნა, რომ აფხაზი ხალხი უკვე გამოთქვამს მზაობას თბილისთან სასაუბროდ, თუ ის საკუთარი ქმედებებისთვის ბოდიშს მოიხდის. ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შერიგება ოდესღაც მოხდება. „ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. ქართველი ხალხის მიმართ არანაირი აგრესია არ გვაქვს. არის უბრალო ხალხი და არის ქართული სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გვესმის, რომ საქართველოში ოპოზიციაცაა და, ალბათ, პოლიტიკოსები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გზით ვერ წავლენ. როდესაც საქართველოს ხელისუფლება აქამდე მივა, ყველა საკითხი მოიხსნება. ფრანგები და გერმანელები დამეგობრდნენ. სსრკ დაუმეგობრდა გერმანიას. მაგრამ რაშია სხვაობა? ორივე შემთხვევაში გერმანიამ აღიარა თავისი დანაშაული და დამარცხება“, - აღნიშნა ბჟანიამ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო ყოველთვის ცდილობს, აფხაზი წარმომადგენლების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, რაც მისი მტკიცებით, ხელს უშლის ნდობის აღდგენას: „საქართველო არ აძლევს ჩვენს ბავშვთა სპორტულ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამგზავრების შესაძლებლობას. ბავშვები რა შუაში არიან? ამგვარი ზომები არ იწვევს ნდობის ზრდას“.

რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მოსკოვთან მეგობრობის შემდგომი გაძლიერება და გაუმჯობესება აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის - აფხაზების, რუსების, სომხების ინტერესს წარმოადგენს. „სხვა გზა არ გვაქვს და არც ვეძებთ მას. დასავლეთში გამოქვეყნებულ არც ერთ მსოფლიო რუკაზე არ არსებობს აფხაზეთის სახელმწიფო. დიახ, რიგ საკითხებში ჩვენი ხედვები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ეს არ იყო და არ არის ფუნდამენტური ხასიათის. აფხაზი ხალხი დაინტერესებულია ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებით და ამაზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი“, - დასძინა მან.

დე ფაქტო ლიდერი ასევე შეეხო აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების აუცილებლობას. მისი თქმით, აფხაზეთში დომინანტური ენაა რუსული, რაც თავად აფხაზურ ენას დიდ საფრთხეს უქმნის. „ვმუშაობთ იმისთვის, რომ აფხაზეთის ყველა მოქალაქემ აფხაზური ენა იცოდეს. ეს მნიშვნელოვანია. რუსულ ენას არანაირი პრობლემა არ აქვს და არც შეექმნება“, - განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გადასახლება გადაიფიქრა

ამის შესახებ „ვიცე-პრეზიდენტის“ ბადრი გუნბასა და „ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის“ ჯანსუღ ნანბას მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა აეროპორტის მშენებლობის საინვესტიციო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. აეროპორტის მიმდებარე სოფელ ბაბუშარის მაცხოვრებლებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ აეროპორტის ტერიტორიის გაფართოების შემთხვევაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლად შეიძლება მოხდეს. ბადრი გუნბამ ისინი დაარწმუნა, რომ ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი აფხაზეთის „კანონმდებლობის“ დაცვით განხორციელდება, რაც მესაკუთრეების უფლებების პატივისცემას და თითოეული მოსახლის ინტერესების გათვალისწინებას უზრუნველყოფს. „ამ მნიშვნელოვანმა პროექტმა უნდა გაგვაერთიანოს. ჩვენ ვაპირებთ თითოეულ მაცხოვრებელს მოვუსმინოთ და თითოეულ საკითხს ინდივიდუალურად ფა ყურადღებით მოვეკიდოთ“, - აღნიშნა გუნბამ.

თავის მხრივ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, არ გამართონ საპროტესტო აქციები, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც აეროპორტის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. მოსახლეობის ერთადერთი მოთხოვნა არის, „სახელმწიფო ინტერესების“ გატარება რიგითი მოქალაქეები ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა „დეპუტატის“ ინარ გიცბას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარი განაცხადეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მორიგ სხდომაზე „დეპუტატ“ ინარ გიცბას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარი განუცხადეს. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასტამურ არშბამ გიცბას გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა. „საკუთარი წუხილი მოსახლეობამაც გამოხატა და ჩვენ მოგვმართა, ხელმოწერები შეაგროვა. ჩვენი აზრით [გიცბას] გადაწყვეტილება ნაჩქარევი და ემოციური იყო“, - განაცხადა მან. ინარ გიცბას გადადგომას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 26-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ინარ გიცბა იყო ერთ-ერთი იმ „დეპუტატთაგანი“ რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ „რუსულ-აფხაზური შეთანხმების“ რატიფიცირების წინააღმდეგ გამოვიდა. ცოტა ხნის წინ „დეპუტატის“ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, ასევე „მსოფლიო აფხაზურ-აბაზური კონგრესის“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა. თავად „დეპუტატს“ გადადგომის მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას უსიამოვნო საუბარი ჰქონდა „მსოფლიო აფხაზურ-აბაზური კონგრესის“ ხელმძღვანელთან მუსა ექზეკოვთან. ეს უკანასკნელი ინარ გიცბას „პარლამენტში“ მოხვედრაში ეხმარებოდა, თუმცა ამჟამად მოქმედი „ხელისუფლების“ მიმართ მისი კრიტიკული განწყობებით უკმაყოფილოა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიცბასა და ექზეკოვს სერიოზული უთანხმოება ე.წ. „აპარტოტელების კანონთან“ დაკავშირებით ჰქონდათ.

არსებობს მისი გადადგომის ალტერნატიული ვერსიაც, რომლის თანახმად ინარ გიცბას უბრალოდ არ სურს, რეზონანსულ საკითხებზე დაგეგმილი კენჭისყრების დროს წნეხის ქვეშ მოექცეს.

დე ფაქტო აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი МИ-24 ჩამოვარდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი МИ-24 ჩამოვარდა და დაიწვა გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში, რის შესახებაც „აფსნიპრესი“ იუწყება. ალტერნატიული მედია-საშუალებების თანახმად, ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა.

შემთხვევის ადგილას დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის სამივე წევრი გადარჩა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს ფაქტის გამოძიება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S