
ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
24/12/2019 07:23:15 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართული მხარისა და დასავლეთის მოთხოვნას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, "ისტერიად" აფასებს.
"ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში საზღვრის დამრღვევები სასჯელს იხდიან და სამხრეთ ოსეთი გამონაკლისს ვერ დაუშვებს. უმრავლეს შემთხვევაში საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები, ზემოქმედების ადმინისტრაციული ზომების გამოყენების შემდეგ, დადგენილი წესით გადაეცემიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. რაც შეეხება გაფრინდაშვილს, მისი ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელთა გამო იხდის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელს და ამასთან, კავშირი არ აქვს მის პროფესიულ საქმიანობას. გაფრინდაშვილი არის ჩვეულებრივი კანონდამრღვევი, სხვადასხვა ძალის შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევალი, ჩვეულებრივი პროვოკატორი და არა გმირი, როგორც მის წარმოჩენას ცდილობენ სამშობლოში. მსგავსი პროვოკაციები სხვადასხვა საარჩევნო კამპანიის წინ ხდება. გაფრინდაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს პროვოკაციის ახალ სახეობასთან. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ფლობს სანდო მონაცემებს, რომ ქართული სპეცსამსახურები ეძებენ ჰუმანიტარული პროფესიების მოხალისეებს სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ და უბიძგებენ მსგავსი დანაშაულისკენ.
სამწუხაროა, რომ ცნობილი თბილისელი ექიმი, რომელსაც ცხადად ჰქონდა გააზრებული ამ პროექტის შედეგები, პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდა და ამით დააკმაყოფილა გარკვეული პარტიის პოლიტიკური მოთხოვნილება შიდა ოპონენტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. შედეგი ცნობილია - საქართველოს მხოლოდ ყველაზე ზარმაცმა პოლიტიკოსებმა არ ისარგებლეს ამ სიტუაციით, რათა პოლიტიკური რეიტინგი გაიუმჯობესონ", - აღნიშნულია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
იხილეთ ასევე: ვაჟა გაფრინდაშვილის მომავალი – რას ფიქრობენ მოსკოვსა და ცხინვალში