
აეროპორტი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე: ოთხი კითხვა გენერლისგან
08/04/2024 11:08:44 კომენტარი
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა (განვითარების პერსპექტივით) გადაწყვიტა, იმის გააზრებით, რომ ამ ეტაპზე მის მასშტაბებსა და მდებარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, გადამდგარ გენერალ–მაიორს, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელს, „ჯეოქეისის“ მრჩეველ ვახტანგ კაპანაძეს ოთხი ძირითადი კითხვა აქვს:
განთავსდება თუ არა აეროპორტი პოლიგონის სიახლოვეს და არის თუ არა ეს გამოწვევების ან საფრთხის მატარებელი? ამგვარის შემთხვევაში სად გადააქვთ პოლიგონი?
არსებობს თუ არა გამოწვევები ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისთვის? თუ კი, სად გადააქვთ?
აეროდრომის გამოყენება რომ დაგვჭირდეს აღმოსავლეთ მიმართულებაზე, რომელს გამოვიყენებთ? „ეს ტერიტორია იძლევა საშუალებას, რომ სამხედრო თვითმფრინავები დასხდნენ, თუნდაც ამერიკული C-130 „ჰერკულესი“.
რა დასკვნები აქვთ გაკეთებული სამხედროებს და რატომ არ საჯაროვდება?
„თუ მაგალითად იღებენ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ფილიპინები და შვეიცარია, შეიძლება, რომ იყოს აეროდრომი სამხედრო ბაზასთან ახლოს. მაგრამ მე ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავ ვაზიანის პოლიგონში. ეს არის ერთადერთი პოლიგონი, სადაც შეგვიძლია ფართომასშტაბიანი (ბატალიონამდე) სწავლებები ჩავატაროთ (ისიც გარკვეული შეზღუდვებით) საბრძოლო სროლებით. ამ შემთხვევაში არ ვიცი, როგორ შეიძლება აეროდრომის ასე ახლოს განთავსება პოლიგონთან, სადაც საბრძოლო სროლებს აწარმოებ, სადაც ზალპური სისტემების, არტილერიის გამოყენებაა დაგეგმილი (თან 152 მილიმეტრიანის). ამასთან, თუ გვინდა ავიაციის განვითარება, საავიაციო დარტყმებია გამოსაყენებელი. დღემდე როდესაც მნიშვნელოვანი საარტილერიო ან საავიაციო სწავლებები იყო დაგეგმილი, ჩვენ ვატყობინებდით სამოქალაქო ავიაციას, რომ მიმდინარეობდა სწავლება და შესაბამისი კორექტირებები შეეტანათ ფრენებში. ჩვენ არ ვიცით დეტალები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პოლიგონთან სიახლოვეს ხომ იქნება? შესაბამისად, გავლენას მოახდენს“,– ამბობს „აქცენტთან“ გენერალი.
კაპანაძე აღნიშნავს, რომ თეორიულად პოლიგონის სხვა ლოკაციაზე გადატანა შესაძლებელია, რასაც დამატებითი რესურსები სჭირდება. ამასთან ხაზს უსვამს, რომ „საქართველო შეზღუდულია და მსგავსი ფართობის ტერიტორია სად შეიძლება გამოყოს ქვეყანამ“, ბუნდოვანია:
„შეგახსენებთ, რომ ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ იგეგმება აეროპორტის მშენებლობა, Noble Partner–ის დროს დესანტის საბრძოლო სწავლებები მიმდინარეობდა, პარაშუტისტები ხტებოდნენ და ქვემეხებიც კი ჩამოვყარეთ თვითმფრინავებიდან სპეციალური პარაშუტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამგვარი სწავლება სად ჩატარდება, არ ვიცი. ამასთან, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის საწარმოებლად სწავლებებისთვის გამოიყენებოდა ძველი ნანგრევებიც.
აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ ეს პოლიგონი გვაქვს. ერთია ორფოლოში (ახალციხეში) და მეორე ვაზიანში, სადაც მასშტაბური სწავლებების ჩატარებაა შესაძლებელი. და თუ აქედან გადააქვთ, სად გადაგვაქვს ესეც საინტერესოა. გადატანას ცალკე მოწყობა სჭირდება. ნებისმიერ პოლიგონს თავისი შეზღუდვები და უსაფრთხოების ზომები აქვს“.
რაც შეეხება ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს, რომელიც ვაზიანის ტერიტორიაზე გაიხსნა 2015 წელს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ტერიტორია შემთხვევით არ შერჩეულა, გაითვალისწინეს მრავალი გარემოება, მათ შორის, სისტემური ერთიანობა – რკინიგზა, სახმელეთო გზა და აეროპორტი შეძლებდა სამხედრო ბაზის მომსახურებას. ამ დროისთვის დაზუსტებით უცნობია, იცვლის თუ არა ცენტრი მდებარეობას. „აქცენტი“ საკითხის გარკვევას ცდილობს და პასუხების მოლოდინშია. არსებობს კულუარული ცნობები, რომ მათ შორის, ამ თემაზეც ჰქონდა საუბარი ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს საუბარი მარტში საქართველოში ვიზიტისას.
გენერალი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აეროპორტი, რომლის აშენებასაც აპირებენ, არ წარმოადგენს სამხედრო საიდუმლოებას და სამხედროების პოზიცია საჯარო უნდა გახდეს:
„მაინტერესებს სამხედროთა მოსაზრებები და ის, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას. სწორედ მათი დასკვნა და ნებართვა უნდა იყოს პირველ რიგში და სად არის ეს ნებართვა და რას ეფუძნება? შესაძლოა ყველაფერი მართლაც ზედმიწევნით არის გათვლილი. მაშ სად არის? ამდენ მითქმა–მოთქმას და ვარაუდებს მოუღებდა ბოლოს, გვეცოდინება მაინც, რაზეა საუბარი, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ვინ გასცა ნებართვა და რა გათვლებზე დაყრდნობით?
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021