Accentnews.ge
თედეევი: "ადრე თუ გვიან საქართველო აღიარებს სამხრეთ ოსეთს"

თედეევი: "ადრე თუ გვიან საქართველო აღიარებს სამხრეთ ოსეთს"

08/04/2024 12:34:41 კონფლიქტები, პოლიტიკა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი, ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ პარტა „პატრიოტთა ალიანსის“ „იდეოლოგიური ლიდერი“ ჯამბულათ თედეევი პროპაგანდისტული გზავნილებით დაკავდა ოფიციალური თბილისისა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ურთიერთობებზე საუბროსას.

„ვფიქრობ, ხალხის უმრავლესობის სურვილს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენს ურთიერთობებს მშვიდობიანად და კეთილმეზობლურად ვხედავ. თუმცა, ყველაფერი ჩემს ან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილზე არ არის დამოკიდებული. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს რესპუბლიკამ არც ერთ დონეზე არ დაგმო არც გამსახურდიას და შევარდნაძის დროს ოსების და სხვა ეროვნული უმცირესობების გაძევება და არც სააკაშვილის მიერ გაჩაღებული ომი. და დღემდე ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის განვითარების შესაფერხებლად. სახელწოდების დონეზეც კი მაინც გვეძახიან ან „ცხინვალის რეგიონს“ ან „სამაჩაბლოს“. ამასთან, ჩვენ საფრთხეს არ ვუქმნით საქართველოს“, - განაცხადა მან.

თედეევი თვლის, რომ აუცილებელია ცხინვალის „თავდაცვის შესაძლებლობებზე“ მუშაობა:

„დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ შედეგებს რესპუბლიკის განვითარებაში, ადრე თუ გვიან საქართველო აღიარებს სამხრეთ ოსეთს და ჩვენ შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს დავინახავთ“.

მას კითხვა დაუსვეს ცხინვალისა და აფხაზეთისთვის შესაძლო „საფრთხეების“ შესახებ საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

„მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის, რომ გავაძლიეროთ რესპუბლიკა როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პროდასავლური ნაციონალისტური ძალები ცოცხლები არიან და ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთთან კონფლიქტისკენ უბიძგებს და ჩვენ თავდასხმის ქვეშ აღმოვჩნდებით. არავისთან ბრძოლა არ გვურს, მაგრამ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ“,– უპასუხა თედეევმა.

2011 წელს თედეევმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სცადა. მისი კანდიდატურა არ დარეგისტრირდა ბინადრობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რამაც ცხინვალში არეულობა გამოიწვია. ამის შემდეგ თედეევმა მხარი დაუჭირა ალა ჯიოევას კანდიდატურას, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ პრეზიდენტი არ გახდა.

2017 წელს ვლადიმირ პუტინმა თედეევი დააჯილდოვა მეორე ხარისხის მედლით "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის", ხოლო 2020 წელს - ალექსანდრე ნეველის ორდენით.

თედეევმა რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 2022 წლის ოქტომბერში დატოვა.თედეევის ინიციატივით, მის მშობლიურ სოფელ წორბისში სტალინის ძეგლის გვერდით დამონტაჟდა პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S