Accentnews.ge
აფხაზები ევროპის მასშტაბით კავშირებს აღრმავებენ

აფხაზები ევროპის მასშტაბით კავშირებს აღრმავებენ

24/12/2019 08:10:21 კონფლიქტები

„აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის“ წარმომადგენლებმა – ვიაჩესლავ ჩირიკბამ, ინარ გიცბამ და ამინა ლაზბამ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტები განახორციელეს, რათა ორგანიზაციის 4 რეგიონული განყოფილება დაეფუძნებინათ. ევროპული ვოიაჟის შედეგები მათ სოხუმში გამართულ პრეს–კონფერენციაზე შეაჯამეს.

როგორც აღინიშნა, ევროპის ქვეყნებში ვიზიტები კონგრესის თავმჯდომარის – მუსა ეკზეკოვის დავალებით განხორციელდა და დიასპორასთან პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა.

„ლონდონში ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ იქ დაახლოებით 100–კაციანი დიასპორა გვყავს და ამ ადამიანებს დიდი ხანია, ვიცნობ. [...] გადაწყდა, შეიქმნას ჩვენი კონგრესის ადგილობრივი განწყობილება და მას იეშიმ ატრიშპხა ჩაუდგეს სათავეში: იგი დიასპორის ძალიან აქტიური წევრია, ცნობილი ფიგურაა, ომის დროს აქ იყო და აქტიურად მუშაობდა.

დიასპორის წევრთა საერთო სურვილია, სამშობლოსთან კავშირები ყველა დონეზე განმტკიცდეს – კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის მიმართულებით. ასევე გაძლიერდეს კავშირები დიასპორალურ თემებს შორის ევროპაში, თურქეთში და თავად აფხაზეთთან. იმედი მაქვს, ამაში ლონდონის ოფისიც კარგ სამსახურს გაგვიწევს“, – განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.

ჰოლანდიაში, როტრდამში გამართული შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს კონგრესის აღმასრულებელმა მდივანმა ინალ გიცბამ უამბო:

„[...] ერთ–ერთ მთავარ მიზანს კონგრესის ჰოლანდიის ოფისის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. მასში გაწევრიანების სურვილი ბევრმა გამოთქვა. ჩვენ შევქმენით ადგილობრივი განყოფილება და მას ნიჭიერი ახალგაზრდა ერგიუნ აშუბა ჩაუდგა სათავეში, რომელსაც ეთნოკულტურული ღირებულებების შენარჩუნება–განმტკიცების დიდი სურვილი გააჩნია“.

შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა. კონგრესის ოფისი აქაც დაფუძნდა და მას დაურ ალამია – ოკუპირებულ აფხაზეთში ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, პოეტისა და მწერლის გენადი ალამიას ვაჟი ჩაუდგა სათავეში.

მეოთხე შეხვედრა გერმანულ მოსბურგში ჩატარდა. ამ ქალაქში აფხაზ–აბაიზნელთა კულტურული ცენტრის "დერნეკი" მოქმედებს, რომელიც 100–მდე წევრს ითვლის. "დერნეკი" 27 წლის წინ, ომის დასრულების შემდეგ გაიხსნა და მას სეზაი ჩკოკი უდგას სათავეში. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონგრესის მეოთხე რეგიონული ოფისის გახსნის შესახებ და მის თავმჯდომარედ ტაიფულ ფაჩალია აირჩიეს, რომელიც 40 წელზე მეტია, გერმანიაში ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი დიასპორა გერმანიაშია – იგი 10 000 ადამიანზე მეტს ითვლის, მთლიანობაში კი ევროპაში – დაახლოებით 15 000 ადამიანს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში კონგრესის ადგილობრივი განყოფილებების 26 საბჭო ამოქმედდა, თავად განყოფილებების კი ამ პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიაში და რუსეთში გაიხსნა. ამ განყოფილებების გახსნის მიზანს, როგორც კონგრესში განმარტავენ, "ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად დიასპორებს შორის და დიასპორებსა და სამშობლოს შორის კავშირების განმტკიცება, ამ მიზნით საგანმანათლებლო, კულტურული ასევე სხვა მიმართულებით პროგრამების შემუშავება–რეალიზება წარმოადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S