Accentnews.ge
ხელისუფლება „ტროლების“ სკანდალს ტელევიზიებზე შეტევით უპასუხებს?

ხელისუფლება „ტროლების“ სკანდალს ტელევიზიებზე შეტევით უპასუხებს?

24/12/2019 09:55:35 საშინაო პოლიტიკა

მმართველ გუნდს „ტროლების“ სკანდალის გამოძიება არ სურს და საპასუხოდ ტელევიზიებზე შესატევად ემზადება.

როგორც დღეს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მისთვის "გაუგებარია", რის გამოძიებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია:

"ყველაზე მეტი „ტროლი“ და „ბოტი“ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთები. რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე, ცენზურას ვუწესებთ „ფეისბუქს“?! ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება ამ თუ იმ თუ ფორმით. „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავენ მასო".

მოგვიანებით, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომელიც ფაქტობრივად, „დეზინფორმაციის თავიდან აცილების“ მოტივით ტელევიზიებზე საკანონმდებლო შეტევის დაანონსებას ნიშნავდა:

„ჩვენ ინიცირებული გვაქვს კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას სხვადასხვა სივრცეში. მარტო „ფეისბუქი“ ხომ არ არის პრობლემა? - პრობლემაა ასევე სატელევიზიო სივრცე და სხვა სივრცეები, სადაც ყოველდღიურად ვრცელდება დეზინფორმაცია და მოედინება აგრესიაო“.

ე.წ. "ცილისწამების შესახებ" კანონის მიღების ინიციატივით პირველად მიმდინარე წლის იანვარში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ "ამ საკითხს ხშირად აპირისპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან, თუმცა თავად ასე არ ფიქრობს".

ცნობისთვის: „ფეისბუქმა“ თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, 'ჩართულები იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა". დადგინდა ასევე, რომ წაშლილი გვერდები პარტია „ქართულ ოცნებასთან” და სარეკლამო კომპანია "პანდასთან" იყვნენ დაკავშირებულები. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია "პანდასა" და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება“, - ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S