ელჩი აშშ–ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ხელშესახებ შედეგებზე საუბრობს: "მეგობრები მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში და სწორედ ეს გავაკეთეთ"

10-04-2024 16:36:08 პოლიტიკა

აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ხელშესახებ შედეგებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც ელჩმა განმარტა, წლების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდი დოლარი დახარჯა, რადგან "მეგობრები მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში და სწორედ ეს გააკეთეს".

"რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. მაგალითად, ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვის ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე შეაკავოს შემდგომი აგრესია. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე- მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება. ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში. მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს", – განაცხადა დიპლომატმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები