ბიბილოვი გაფრინდაშვილის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

24-12-2019 16:29:13 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დეზინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი "დაეთანხმა იმას, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გამიზნულად დაარღვია“. მისივე შეფასებით, გაფრინდაშვილის მიმართ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება "აბსოლუტურად კანონზომიერი" იყო:

„ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მკაცრი და ულმობელი იყო. აბსოლუტურად არა. ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხიც უნდა აგოს. მით უფრო, თუ იგი ქმედებას გამიზნულად სჩადის, ეს დაუსჯელად არ უნდა რჩებოდეს. გაფრინდაშვილმა რეალურად, (და ის ამას დაეთანხმა) გამიზნულად დაარღვია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი. ერთადერთი, რაც შეიძლება, დასანანი იყო, ისაა, რომ ამ სიტუაციისგან პოლიტიკას ქმნიან“ - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა.

მისივე თქმით, „ქართველი და დასავლელი პოლიტიკოსები აკეთებენ მკაცრ განცხადებებს ვაჟა გაფრინდაშვილის თაობაზე, თუმცა არ რეაგირებენ საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევებზე“.

„ქართულმა მხარემ აბსოლუტურად უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საგუშაგო განათავსა. ამას, სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურადღებას, ხოლო იმ ადამიანის ქმედებისგან, რომელმაც გამიზნულად ჩაიდინა დანაშაული, პოლიტიკას ქმნიან“, – დასძინა ბიბილოვმა.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.მანამდეც და ამ პროცესზეც გაფრინდაშვილი დაჟინებით იმეორებდა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, რომ არავითარი "საზღვარი" არ არსებობს და შესაბამისად, ის მას ვერ დაარღვევდა. ეს "აქცენტს" პროცესზე დასასწრებლად თბილისიდან ცხინვალში ჩასულმა ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემაც დაუდასტურა.

ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები. საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები