"საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემატური, ასევე - აზერბაიჯანთან და სომხეთთან"
24/12/2019 20:40:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში დავით - გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის პრობლემური მონაკვეთის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
პრეზიდენტმა ილაპარაკა, მის მიერ წამოჭრილი თემა რამდენად კოორდინირებული იყო საქართველოს მთავრობასთან.
„ჯერ ერთი, ყველა მოქმედება საგარეო კუთხით არის შეთანხმებული - კონსტიტუცია ამას მოითხოვს. მეორე - პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა: ხან NATO-ში შესვლა, ხან - ევროკავშირში... ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ, სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.პრეზიდენტმა მის წინადადებაზე მეზობელი ქვეყნების ლიდერების რეაქციის შესახებ ისაუბრა:„ეს ძალიან კარგად იყო მიღებული აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, როგორც სომხეთის პრეზიდენტისგან. ზუსტად იგივე თემა იყო ორივე შემთხვევაში, რომ ჩვენი კომისიები მუშაობდნენ ამ მიმართულებით. მივიდნენ რაღაც ეტაპამდე და მერე შეჩერდა ეს პროცესი. მეგობარ ქვეყნებს შორის გაუგებარია. რატომ არ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. ზუსტად ასე იყო მიღებული ორივე პრეზიდენტის მიერ. თანხმობა იყო ოფიციალურად გაცემული. კიბატონო, საჭირო არის და ჩვენმა კომისიებმა დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა, რაც, ფაქტობრივად, ახლა ხდება და რაც აუცილებელია“.
რაც შეეხება კომისიის საქმიანობის შედეგებს, როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ის ყველა ეტაპის შესახებ სრულად არის ინფორმირებული:
„როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ არის საჭირო, რომ ეს საჯარო სივრცეში იყოს გამოტანილი, იმიტომ, რომ საკითხი არის აუცილებელი, მოლაპარაკებები არის სენსიტიური. ყველას აქვს თავისი არგუმენტები. სანამ არ არის მიღწეული შედეგი ამ მოლაპარაკებები, აუცილებელია, რომ ეს იყოს დაცული და გარედან არ იყოს ზეწოლა და ჩარევა, რომელიც ამას კიდევ უფრო გაართულებს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
კითხვაზე, რას ელის პრეზიდენტი პროცესიდან, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „საზღვარს“.
ჟურნალისტი დაინტერესდა, სად გავა ეს საზღვარი, რამდენად იქნება საზოგადოების მოლოდინი გამართლებული?
„მოლაპარაკებების შედეგი, რაც იქნება, იქნება ის საზღვარი, რომელზეც შევთანხმდებით, მე ვერ გეტყვით ახლა და არ იქნება სწორი, რომ ვთქვა, აქ უნდა გაიაროს თუ იქ. მაგრამ ის, რომ ჩვენი სახელმწიფოსა და მომავლისთვის ეს არის აუცილებელი ეტაპი, ამაში ორი აზრი არ არის. ჩვენ უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო ბოლომდე. ეს მოითხოვს, რომ ჩვენი საზღვრები იყოს ჯერ გარკვეული, შემდეგ დაცული. პირიქით ვერ იქნება. ბევრ უსიამოვნებას მოიტანს“, - უპასუხა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: ინაუგურაციიდან ორიოდ თვეში საქართველოს პრეზიდენტმა სამეზობლოში ვიზიტი გადაწყვიტა. ანალიტიკოსები სწორედ ამ ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებს უკაშირდებენ გარეჯის პრობლემის მტკივნეულად „გაღვივებას“. აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბრძანა, «უნდა განისაზვროს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის ამ დრომდე დაუდგენელი საზღვრებიო» - და 2012 წლის შემდეგ პირველად, 2019 წლის 26 აპრილს გარეჯის თემა კვლავ მღელვარების საგნად იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამას მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი, მსვლელობები გარეჯის მიმართულებით როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მხრიდან, ქსენოფობიური განცხადებები, მათ შორის - სასულიერო პირებისა და პოლიტიკოსებისგან და ა.შ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელმაც უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა და გამართავს მომავალშიც. საზღვარი სრულად ამ დრომდე არაა დადგენილი.
არავინ დავობს იმაზე, რომ საზღვარი უნდა დადგინდეს. ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკის მთავარი საფუძველი ისაა, რომ როდესაც ქვეყანა საომარ ვითარებაშია ერთ დიდ მეზობელთან, კიდევ ერთთან ურთიერთობაში „ნაღმი“ არ უნდა აიფეთქო.


