
"შინაარსი სიტყვა-სიტყვით სწორია" – დავა თარგმანის ირგვლივ
12/04/2024 16:03:03 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას "ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა".
"მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები", ბოროტად გამოიყენა ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი", მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო. აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოსთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე,"- თქვა პრემიერმა ქართული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გერმანიაში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა, მათ პრესკონფერენციაზე განცხადებები გერმანულ ენაზე გააკეთეს. კობახიძის განცხადებას ქართული მხარის დაქირავებული თარჯიმანი თარგმნიდა, შოლცის სიტყვას კი ფედერალური კანცელარიის მიერ დაქირავებული თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი.
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“, - თქვა ზაალ ანდრონიკაშვილმა ოლაფ შოლცის სიტყვის თარგმნისას.
თავად გერმანიის კანცლერმა ახსენა კანონპროექტის სრული სახელი "უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ". კობახიძის პრეტენზია სწორედ ამ ეპიზოდს შეეხებოდა.
„საქართველოში ეს კანონი ცნობილია, როგორც კანონი "აგენტების" შესახებ, რომ არ შექმნილიყო გაუგებრობა და ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ რაღაც სრულიად სხვა კანონზეა ლაპარაკი, ვარჩიე ის სახელი, რომლითაც კანონს საქართველოში იცნობენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაალ ანდრონიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, "სათაურისგან დამოუკიდებლად იმის შინაარსი, რაც თქვა ფედერალურმა კანცლერმა, კონკრეტულად ამ კანონის შესახებ სიტყვა-სიტყვით სწორია და ყველას შეუძლია გადაამოწმოს".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ სწორედ მსგავსი ბიუროკრატიული ხარვეზების გამო შესაძლოა კანცლერს არ ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია სადავო კანონპროექტის შინაარსზე:
„ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისი პასუხისმგებლობაა, რომ კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, არ მოხდა".