Accentnews.ge
სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში

სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში

15/04/2024 07:32:36 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში ონლაინმედიების ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს”.

„მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის: დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ - ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ.

საკანონმდებლო ორგანო მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის.

"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში "უსაფრთხოების ყვითელი დონე" იმოქმედებს. საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესი საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.

ამავე თემაზე: ოპოზიცია: "ჯერ კანონი ამოქმედებული არ არის და ჟურნალისტების ნაწილი უკვე არ არის დაშვებული საქართველოს პარლამენტში, ზუსტად ეს არის ძალიან მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში."

პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო.

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება.

აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S