
„საზღვრის სხვა მონაკვეთებზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ანალოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმა გავანეიტრალეთ“
25/12/2019 12:26:07 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელ ოლეგ შირანის განცხადებით, „ქართულმა მხარემ 2008 წლის ომის დროიდან პირველად გარისკა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ ღია პროვოკაციაზე წასულიყო და ერთ არასწორ ნაბიჯს შეეძლო, შეიარაღებული დაპირისპირება გამოეწვია“.
ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე შირანმა ქართული მხარის ამ ნაბიჯის მოტივად დაასახელა „საქართველოს მმართველი ელიტის სურვილი, ოპოზიციისა და მოსახლეობის ყურადღება შიდა აქტუალური პრობლემებიდან, მათ შორის უმუშევრობისა და ცხოვრების დონის ვარდნიდან მითიურ გარე საფრთხეზე გადაიტანოს“.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი არცთუ მარტივ სიტუაციაში აღმოჩნდა სასაზღვრო კრიზისის საკითხის გადაჭრისას: ქართულმა მხარემ 2008 წლის ომის დროიდან პირველად გარისკა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ ღია პროვოკაციაზე წასულიყო და ერთ არასწორ ნაბიჯს შეეძლო, შეიარაღებული დაპირისპირება გამოეწვია. თუმცა ჩვენ საფრთხეზე ასიმეტრიული პასუხის პოვნა მოვახერხეთ. ოსმა მესაზღვრეებმა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მიერ მომზადებული და პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სპეცოპერაციის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ნაწილის აღდგენა შეძლეს და შესაბამის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახერხეს. მათ დაიკავეს წამყვანი პოზიციები, რითაც ქართული მხარის ქმედებები შებოჭეს და სახელმწიფო საზღვრის სხვა მონაკვეთებზე ანალოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმა გაანეიტრალეს“, – განაცხადა შირანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლემის გადაჭრის გზები მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევის სიბრტყეში განიხილება, თუმცა ოსი მესაზღვრეების ტაქტიკურმა გამარჯვებამ ოსი დიპლომატები კრიზისიდან გამოსვლის გზების განხილვის პროცესში აუცილებელი არგუმენტებით უზრუნველჰყო.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს თბილისმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის საგუშაგო განათავსა. საპასუხოდ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, სოფელ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა თავადაც დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და მის გადატანას ან გაუქმებას იგი ამ ეტაპზე არ აპირებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს, რომ ჩორჩანა-წნელისის რაიონში ქართული საპოლიციო საგუშაგო და აღნიშნულის საპასუხოდ ოსური მხარის მიერ მოწყობილი "რამდენიმე ახალი პოზიცია“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.
იხილეთ ასევე: რისთვის გაიხსნა წნელისის საგუშაგო და როგორ დავძლიოთ ამ ნაბიჯის მძიმე შედეგები