რისთვის გაიხსნა წნელისის საგუშაგო და როგორ დავძლიოთ ამ ნაბიჯის მძიმე შედეგები

25-12-2019 14:38:37 კონფლიქტები ,ანალიზი

113-ე დღეა, ახალგორის ოკუპირებული რაიონის მოსახლეობა დე ფაქტო რეჟიმის ფაქტობრივ ტყვეობაში რჩება. 46-ე დღეა, ცხინვალის იზოლატორშია არარსებული “საზღვრის” კვეთის ბრალდებით დატყვევებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.

როგორც ახალგორელებისთვის გზის გახსნის, ისე ვაჟა ექიმის გათავისუფლების პირობად დე ფაქტო რეჟიმი მიმდინარე წლის აგვისტოში სოფელ წნელისთან გახსნილი საპოლიციო საგუშაგოს მოხსნას ასახელებს. პირველ – ახალგორელების შემთხვევაში ეს ცალსახად ითქვა, გაფრინდაშვილის შემთხვევაში კი ამაზე მინიშნება გუშინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ნატოლი ბიბილოვმა გააკეთა.

რა მოგვცა ამ საგუშაგომ, რისთვის გაიხსნა იგი და უნდა შესრულდეს თუ არა ცხინვალის მოთხოვნა მისი გაუქმების თაობაზე?

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს ე.წ. ჩორჩანა–წნელისის კრიზისი ხელოვნურის შთაბეჭდილებას უტოვებს.

«ვფიქრობ, ეს კრიზისი არის სრულიად გაუგებარი, ხელოვნური, უმიზეზო. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო თავის დროზე ჩორჩანას საგუშაგოს [გახსნის] ამბავი – სრულიად არ ესადაგებოდა „ქართული ოცნების“ ხელწერას და საეჭვოდ დაემთხვა გიორგი გახარიას გაპრემიერებას. არ მინდა, დავიჯერო, მაგრამ ყველაფერი ამაზე მიუთითებს: როგორც დავინახე, იქ ამ საგუშაგოთი არაფერი წყდება. სულ მცირე, სამი საგუშაგო კიდევ უნდა დაემატოს, რომ პერიმეტრი გადაიკეტოს, რაც არ მომხდარა. ამ საკითხზე რუსების რეაქციაც მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ალბათ, წინასწარ იყო შეთანხმებული, ან გაუგებრად იყო დაგეგმილი. ამ უცნაურ აქტს არაფერი მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ ტყვეობაში აიყვანეს ახალგორის მოსახლეობა და ჰუმანიტარული კატარსტროფის თუ არა, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას ხალხი» - განუცხადა «აქცენტს» კანაშვილმა.

ამასთან, მისივე აზრით, ახლა უკვე საგუშაგოს მოხსნა არ იქნება „კარგი სიგნალი“ ცხინვალისთვის და, გარდა ამისა, თავად „ქართულ ოცნებას“ შიდა პრობლემების - ისედაც დაბალი რეიტინგის პირობებში ამ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდება.

კანაშვილის მოსაზრებით, ახალგორელებისა და ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან დასახსნელად მექანიზმები საგუშაგოს მოხსნის გარეშე უნდა მოიძებნოს და გამოსავალი, საერთაშორისო მობილიზაციის გარდა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება აპელირებს, პროაქტიურ პოლიტიკაშია:

«რა პასუხს სცემენ ახალგორის მოსახლეობას? - არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გვინახავს! ანალოგიური რამ აფხაზეთის მიმართულებით რომ მოხდეს და გალის მოსახლეობა რომ ჩაკეტონ, რას აპირებენ?! სამწუხაროდ, კონკრეტული არაფერია ნათქვამი არც ერთი უწყების მხრიდან. კრიზისული სიტუაციის დროს ყველა ერიდება პოზიციის დაფიქსირებას. სისულელეების კეთებას უნდა შეეშვან და დაფიქრდნენ გრძელვადიან სტრატეგიაზე. მეც და სხვებსაც არაერთგზის მიგვითითებია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებთან მიმართებაში უნდა მოქმედებდეს გრძელვადიანი პოლიტიკა დამატებითი ხელფასებით, შეიძლება, უფრო მაღალი პენსიებით, დახმარებით და ა.შ., რათა მსგავსი რამ რომ ისევ მოხდეს, მოსახლეობამ არ დატოვოს ოკუპირებული ტერიტორია, რომ ჰქონდეს განცდა, საქართველოს ხელისუფლება ჩვენზე ზრუნავსო, თუნდაც გადასასვლელები დროებით იყოს ჩაკეტილი. ზუსტად ვიცი, რომ ზრუნვის განცდა დღეს ახალგორში და გალში არ აქვთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები