ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 22-24 აპრილი

27-04-2024 11:20:48 კონფლიქტები

რა ხდება საქართველოში და რა შუაშია რუსეთი?

ამ სათაურით ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ-არხზე ანალიტიკური მოსაზრება გავრცელდა. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ შეეძლო საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე საერთოდ არ ენერვიულა, რადგან ოპოზიციის სისუსტისა და რეალისტური საარჩევნო პროგრამის მოუმზადებლობის ფონზე, მას არჩევნებში გამარჯვებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბების ყველა შანსი ჰქონდა. ამ პროგნოზებით კმაყოფილნი იყვნენ ასევე მოსკოვი და სოხუმიც, რომლებიც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად თბილისის პოლიტიკას დადებითად ეხმაურებოდნენ. პოსტში აღნიშნულია, რომ „ქართული პოლიტიკის ეს ჭაობი, სადაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული და გადაწყვეტილი ჩანდა, არია ქართული ოცნების მიერ უცხოური აგენტების კანონის ხელახლა ინიციირებამ, რომელიც მან ერთი წლის წინ ერთხელ უკვე წამოაყენა და პროტესტების ფონზე უკან გაიწვია.

პოსტის ავტორი აცხადებს, რომ კანონის ხელახლა ინიციირების შედეგად თბილისის ცენტრი მოიცვა მრავალათასიანმა აქციებმა, რომელთა ორგანიზატორები გახდნენ არა ოპოზიცია, არამედ ახალგაზრდები, რომლებიც კანონს ერთმნიშვნელოვნად რუსულად მიიჩნევენ. ყურადღება გამახვილებულია ქართველი სპორტსმენების უარყოფით პოზიციაზე და მსახიობების დამოკიდებულებაზე, რომლებიც სპექტაკლების შემდეგ სცენაზე გამოდიან პლაკატებით „არა რუსულ კანონს“.

„საზოგადოებრივი განწყობა აშკარად კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მხარესაა და მისი ინიციირება კრემლის დავალებად მიიჩნევა. ამ ფონზე, დუმილის შენარჩუნება მოსკოვისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა - შეეძლოთ ეთქვათ, რომ ეს არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეები და ჩვენ მათთან საერთო არაფერი გვაქვსო. მაგრამ პირიქით მოხდა. რუსეთის ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის ინიციირებას ღიად დაუჭირეს მხარი, ხოლო სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა პირდაპირ მისი დამტკიცება მოითხოვა... ამან მხოლოდ დაადასტურა ოპოზიციის ვერსია კანონის რუსული წარმოშობის შესახებ“, - წერს პოსტის ავტორი. მისივე თქმით, გამწვავებული დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლებამ კონტრაქცია დააანონსა, რათა საკუთარი მხარდამჭერებისა და სიძლიერის დემონსტრირება მოახდინოს.

„ამგვარად, საპარლამენტო არჩევნებში მშვიდი და გარანტირებული გამარჯვების ნაცვლად, კრემლი საქართველოში ვითარების კონფრონტაციასა და დაპირისპირებას ცდილობს, ხოლო მეზობელ სომხეთში მდგომარეობის გაუარესების მცდელობების გათვალისწინებით, საუბარი შეიძლება იყოს სამხრეთ კავკასიის მასშტაბურ დესტაბილიზაციაზე შემდგომი სამხედრო ინტერვენციით“ - ასე აფასებენ აფხაზეთში თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

აღსანიშნავია, რომ ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა კოლეგიის სხდომა თემაზე: „სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესების გატარება“. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა მიმართა და პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს ურთიერთობების განვითარებას რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან. მისივე თქმით, დასავლეთი, უკრაინის კვალდაკვალ, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციას, რეგიონის სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განადგურებას ცდილობს, რათა რუსეთს სტრატეგიული დარტყმა მიაყენოს. „დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სტაბილურობის და კეთილდღეობის შენარჩუნება. რუსეთი მომავალშიც განავითარებს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ და ყველასთვის მომგებიან თანამშრომლობას რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან, რომლებთანაც ჩვენ მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია, გეოგრაფიული სიახლოვე და მჭიდრო ადამიანური კონტაქტები გვაკავშირებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

აფხაზური სოციალური ქსელის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ სერგეი ლავროვის გაჟღერებული გზავნილები ადასტურებს იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორს სწორედ კრემლი წარმოადგენს.

სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებული რეზოლუციის სიმკაცრესაც გაუსვეს ხაზი. „ფაქტიურად კრემლმა მიაღწია შემდეგს: დასავლეთსა და საქართველოს შორის მოხდა განხეთქილება. ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს, რაც გამოიწვევს 1) ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას; 2) საზოგადოების დაპირისპირებას, შესაძლო სისხლისღვრით. პირველ შემთხვევაში ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს მიეტმასნება, ხოლო მეორე შემთხვევაში - საქართველოში მოხდება რუსი მშვიდობისმყოფელების შეყვანა“, - აღნიშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი ორგანიზაციებზე თავდასხმები გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი ჯერჯერობით მიღებული არ არის, დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობს რეპრესიულ ქმედებებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით. ამჯერად ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სოციალურ-კულტურული ინიციატივების საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელის, აზამათ ბაღათელიას წინააღმდეგ. კერძოდ, მას ბრალად 1,5 მილიონ რუბლამდე ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება ედება. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ფონდი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი დანიშნულება აფხაზეთში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების აღმოჩენაში, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში მდგომარეობს.

ერთი კვირის წინ, დე ფაქტო გადასახადების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაიხურა აფხაზეთში მოქმედი კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ საბანკო ანგარიშები. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, იურისტმა საიდ გეზერედავამ „უწყების“ ქმედება შეაფასა როგორც უკანონო და არაკომპეტენტური და პოლიტიკური დაკვეთის აღსრულებაში დაადანაშაულა. „შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რა მოხდება [უცხოური აგენტების შესახებ] კანონის მიღების შემდეგ, ადამიანებზე როგორ ზეწოლას განახორციელებენ... უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ პოლიციურ სახელმწიფოდ ვყალიბდებით, სადაც მაღალჩინოსნებისგან გაუგებარი და უკანონო დავალებების უსიტყვოდ შესრულებას ითხოვენ. ისინი იძულებულნი ხდებიან ეს სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციონ, მაგრამ არ გამოსდით... აი ასეთი კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ეს არის პოლიციური სახელმწიფოსკენ მიმავალი გზა, როდესაც ხელისუფლება საკუთარ დაუწერელ ბიუროკრატიულ კანონმდებლობას ქმნის, ხოლო ყველა დანარჩენი კი მას ემორჩილება“, - განაცხადა საიდ გეზერდავამ.

სოხუმში ჯანდაცვის ფორუმი გაიმართა

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე დე ფაქტო მინისტრებმა სამხრეთ ოსეთიდან და დნესტრისპირეთიდან. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ შორის.

ამასთან, გაიმართა აფხაზეთის ლიდერის ასლან ბჟანიას შეხვედრა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრთან მიხაილ მურაშკოსთან. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისა და აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემების ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა სოხუმში გამართული ფორუმისა და განსაკუთრებით მასში რუსეთის მონაწილეობის მნიშვნელობას. „თქვენმა მონაწილეობამ ფორუმის ავტორიტეტი გაზარდა. ვეცდებით, გასულ წელს დამკვიდრებული ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდეს. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ“, - განაცხადა „პრეზიდენტმა“.

თავის მხრივ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა აფხაზეთისთვის აღმოჩენილ დახმარებაზე ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, 2023 წელს რუსეთში სამედიცინო დახმარება აფხაზეთის 7,5 ათასზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო. მიხაილ მურაშკო კოვიდ-პანდემიის პერიოდსაც შეეხო. „ჩვენთვის დიდი პატივი იყო პანდემიის პერიოდში აფხაზეთისთვის დახმარება აღმოგვეჩინა. გამოვაგზავნეთ სპეციალისტები, რომლებიც ხალხის გადასარჩენად „წითელ ზონაში“ მუშაობდნენ“, - განაცხადა მან. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საკურორტო სეზონის დროს, რუსი ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო აფხაზურ სამედიცინო დაწესებულებებზე დატვირთვა მკვეთრად იზრდება. „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ აფხაზეთში მოქალაქეებმა მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღონ და ამიტომ ყველა საჭირო დახმარებას გაგიწევთ“, - დასძინა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში ასლან ბჟანია ასევე შეხვდა სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრებს.

სოხუმში MGIMO-ს სკოლა გაიხსნა

აფხაზეთის „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბაზაზე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლა გაიხსნა. გახსნის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი სტუდენტების შეხვედრა რუს პოლიტოლოგთან სერგეი მარკედონოვთან, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის თაობაზე ლექცია წაიკითხა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

სტუდენტებს სიტყვით დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მან იმედი გამოთქვა, რომ MGIMO-ს სკოლის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს აფხაზეთის პოპულარიზაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ინალ არზინბას ბებიას მოკითხვის წერილი გაუგზავნა

ინფორმაციას სირიაში ე.წ. აფხაზეთის საელჩო ავრცელებს. წერილობით მიმართვაში სირიის პრეზიდენტი აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ ბებიას, ლიდია გუბლიას მადლობას უხდის მიწოდებული საჩუქრისთვის და აღნიშნავს მის დადებით გავლენას ინალ არძინბას აღზრდაში.

„ძვირფასო ქალბატონო ლიდია! გმადლობთ იმ შესანიშნავი საჩუქრისთვის, რომელიც თქვენი შვილიშვილის, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ინალ არძინბას ხელით გამომიგზავნეთ. ეს საჩუქარი მოწმობს ჩვენი ხალხის ტრადიციების ერთობას და ჩვენი უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრეობას... ჩემთვის პატივი იყო თქვენს შვილიშვილთან, ბატონ არძინბასთან ურთიერთობა და ვიგრძენი, რომ მან შეითვისა მდიდარი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა. ეჭვგარეშეა, რომ მის ცხოვრებაში თქვენმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო მისი ცოდნისა და გამოცდილების გამდიდრებას. ღრმად მრწამს, რომ ჩვენი ორი ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ხალხების საკეთილდღეოდ და რომ ჩვენს შვილიშვილებს ნათელი მომავალი ექნებათ,“ - წერს ბაშარ ასადი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის „პირველ არხზე“ დაიწყო ახალი სატელევიზიო პროექტი სახელწოდებით „გლობალური უმრავლესობა“, რომლის ავტორი და წამყვანი სწორედ ინალ არძინბა გახდა. მისი პირველი გადაცემა ეთერში 21 აპრილს გავიდა და სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს მიეძღვნა. ეთერში ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ მისი ბებია ლიდია გუბლია მტკიცედ უჭერს მხარს სირიის პრეზიდენტის ბრძოლას „სუვერენიტეტისთვის“ და მას "ახლო აღმოსავლეთის რაინდს" უწოდებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები